ლიკა გურაბანიძე
08.08.2016

პრეზიდენტის კონსულტანტად ივა ჩიღვინაძე დაინიშნა, რომელიც, "ნაცმოძრაობის" ცნობით, 2011 წლის 26 მაისის ღამით მომხდარი ცნობილი ინციდენტისას ნინო ბურჯანაძის კორტეჟის ერთ-ერთ მანქანას მართავდა. შეგახსენებთ, რომ კორტეჟის პოლიციელებთან შეჯახების შედეგად 1 პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ჩიღვინაძე ამ ინციდენტის გამო გაასამართლეს და 2013 წელს ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. "ნაცმოძრაობის" ცნობით, აქედან მცირე ხნის შემდეგ იგი პოლიციამ ისევ დააკავა, ამჯერად იარაღის უკანონოდ ტარებისათვის.

"ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში", - ასე შეაფასა ეს დანიშვნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის კონსულტანტად მკვლელობასა და იარაღის ტარებაში ეჭვმიტანილის დანიშვნა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "თუ ეს ადამიანი მათ რიცხვს მიეკუთვნება ვინც, სრულიად უდანაშაულო იყო და რაღაც დანაშაულებში გარიეს, თუ ეს სწორედ ის შემთხვევაა და ნამდვილად მტკიცდება მისი პოლიტპატიმრობა, მაშინ რა დააშავა ამ ადამიანმა?!

"თუ ეს ასე არ არის და ის რეალურად პოლიტპატიმარი არ იყო, ეს სურათს აბსოლუტურად ცვლის და რადიკალურად სხვა თემაა - მაშინ რომელ პრეზიდენტის კონსულტანტობაზეა საუბარი?!

"არის ეჭვი, რომ პოლიტპატიმართა სიაში ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი შეიყვანეს. ცალსახად ვერ ვიტყვი. თუ მართლა ცხრაწლიანი პერიოდის მსხვერპლია ეს კაცი, მაშინ საცოდაობაა. თუ ნამდვილად არსებობს მისი უდანაშაულობის დოკუმენტი, რატომ არ აქვს უფლება, დაინიშნოს კონსულტანტად?!"

 ქეთი ბექაური (იურისტი): "გემოვნებაზე არ დავობენ. პრეზიდენტმა ამ ადამიანის წარსული იცოდა, ისე არავინ არცერთ პოზიციაზე არ ინიშნება. თუ მხოლოდ პოლიტპატიმარია, ეს ადამინი უარყოფით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. მე მისი ბიოგრაფია არ ვიცი. როდესაც პრეზიდენტთან ინიშნები კონსულტანტად, მთელი ყურადღება შენსკენ არის მომართული და კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს.

"თუ რაიმე ეჭვი არსებობს მის მიმართ, შესაბამისი ორგანოები ამას დაადგენენ. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. იმის გამო, რომ იგი პოლიტპატიმარი იყო, საზოგადოებრივ საქმიანობას თავი არ უნდა დაანებოს. თუ მის საქმეზე გამოძიება ოფიციალურად არის დაწყებული, კითხვის ნიშნები მასთან მიმართებით კიდევ გაჩნდება."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაშინ პრეზიდენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ხოლო თუ ეს ასე არ არის და ბრალდება ოფიციალურად არაა წარდგენილი, მაშინ შესაძლოა.

"თუმცა, პრეზიდენტის იმიჯისათვის ეს მაინც დამაზიანებელი იქნება, რადგან ჩიღვინაძის მიმართ უკვე გაჩნდა კითხვები.

"მხოლოდ ეჭვის საფუძველზე შეზღუდვა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ყოვლად მიუღებელი იქნება მისი პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვნა. მისი პოლიტპატიმრის სტატუსიც გასარკვევია."

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "შესაძლოა, ეს ყველაფერი ჭორია და ეჭვმიტანილიც აქედან გამომდინარეა. თუ მართლა ეჭვმიტანილია და მოხდა ასეთი ფაქტი, ეს სხვა საკითხია. მე მგონი, პრეზიდენტს სიტუაციაში გაარკვევდნენ და შეცდომაში არ შეიყვანდნენ.

"ძალიან გაუგებარი სიტუაციაა და ბევრი კითხვის ნიშანია. თუ ამ ადამიანის დანაშაული სიმართლეა, მაშინ ძალიან ცუდი ამბავია."

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "თუ დადგენილი და აღიარებულია, რომ ასეთი განაჩენები პოლიტიკური მოტივით იყო და მას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაშინ რა თქმა უნდა, ეს მისაღებია. მთავარია არა ის, თუ რა აქვს ადამიანს მისჯილი, არამედ ის, თუ როგორი ხელისუფლების ხელში მოხდა მისი გასამართლება. "ივა ნინო ბურჯანაძის პარტიის ძალიან აქტიური მხარდამჭერი იყო. 26 მაისს იქ ერთ-ერთი აქტიური ადამიანი იყო და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რომ ციხეში მჯდარიყო. იარაღი როგორ შეიძლება თან ჰქონოდა, როდესაც იცოდა, რომ გაჩხრეკდნენ?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×