მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომ საქართველოს სვლა დასავლეთისკენ შენელებულია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და შეუნელებია სვლა დასავლეთის მიმართულებით და ბრაიზას მოუწოდა, რომ საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით.
"სამწუხაროდ, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცმრდა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.
"ფართო სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და "ქართული ოცნების" მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია", - განაცხადა ბრაიზამ.
შემცირდა თუ არა დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ეს იმ მეთიუ ბრაიზაზეა საუბარი, რომელზეც სააკაშვილმა ძალიან დიდი თანხა დახარჯა? რომელმაც უამრავი სიამოვნება მიიღო საქართველოსგან? ის, რა თქმა უნდა, იტყოდა, რადგან ჩვენი ქვეყნიდან ძალიან ბევრი დივიდენდები შემოაკლდა. ეს გასაგებია და ვიზიარებ მის მწუხარებას.
"რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას, რასაკვირველია, შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება, გაძლიერდება რუსეთისკენ სწრაფვა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. დასავლეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ ქართველი ხალხისთვის შეეზიზღებინა თავი. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მოშალოს ქართული ტრადიცია, ქართული მეცნიერება, ოჯახის მენტალიტეტი და ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში მოწონებას ვერ დაიმსახურებს.
"დასავლეთი არფერს აკეთებს იმისთვის, რომ ააღორძინოს ქართული ეკონომიკა, რომ რეალურად ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და პერიოდულად მხოლოდ შეხვედრებზე და წვრთნებზეა საუბარი, რაც მხოლოდ რუსეთს აღიზიანებს და ამის შედეგად, დამატებით მიწებს ვკარგავთ."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დასავლეთისკენ სვლა არ შენელდეს. თვითონ დასავლეთი ამბობს, რომ ყველა დავალებას ბრწყინვალედ ვასრულებთ და ბრაიზას ვურჩევდი, წაიკითხოს, რას ამბობს ევროკავშირი თუ ბრიუსელი.
"საქართველომ ყველაფერი შეასრულა, ეს დასავლეთმა შეანელა მოქმედებები, რადგან ძალიან ბევრ რამეს გვპირდებიან და არ ასრულებენ. სიტყვა სიტყვაა, ჩვენთვისაც და მათთვისაც."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "სვლა ნამდვილად შეანელა. ეს შეიძლება ოფიციალურ განცხადებებში არ ჩანდეს, რადგან პოლიტიკოსის ენა სხვა არის, მაგრამ საერთო განწყობა შენელებულია. შესაძლოა, ამაზე გავლენას წინასაარჩევნო პერიოდიც ახდენდეს, მაგრამ საზოგადოებაში ეს ნამდვილად იგრძნობა."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "სწრაფვა შეანელა - ძალიან რბილად არის ნათქვამი. ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს დასავლეთისთვის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის და მეთიუ ბრაიზას ხელისუფლების ქმედებები ძალიან რბილად შეუფასებია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე