ნინო ქეთელაური
10.08.2016

 "ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გაკეთებული და გამიზნულია არა ქართულ საზოგადოებაზე, არამედ დასავლეთზე.

მამუკა არეშიძე: პრევენციის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგახსენოთ.ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც გეგმავს ამ უწყების მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. ჩანაწერები 2012 წლამდეა დამზადებული. ხელისუფლებას ამ კომპრომატების გავრცელება ნამდვლად არ აწყობს, რადგან იცის, რომ მაშინვე მისკენ გაიშვერენ ხელს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ პაპუაშვილი ამ საქმეში ჩართულია. აქვე უნდა ვთქვა, რომ მან აგვისტოს დასაწყისში იმდენი შეცდომა დაუშვა, მთელ მის ბიოგრაფიას ეყოფა. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამ საქმეში ჩართულია.

ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმე, სხვებსაც სცოდნიათ და რატომღაც თავს იკავებდნენ ამის გასაჯაროვებისგან. ვფიქრობ, თუ ეს გავრცელდა, ქვეყნის იმიჯიზე საშინლად აისახება. ეს ნამდვილად არ არის გათვლილი ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო საუბარი უკვე მობეზრდა. ეს გათვლილია დასავლეთზე და ისევ საქართველოს მოადგება ჩრდილი, თორემ, დარწმუნებული ვარ, იმ მოსამართლეების ბედით მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ დაინტერესდება.

"რ": საკმაოდ გააქტიურდნენ პრორუსული ძალები. თქვენი აზრით, ეს არჩევნებს უკაშირდება?

მ.ა: რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო გარემოსთან. საერთოდ, ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიების გააქტიურება არჩევნების წელს ხდება ხოლმე. იმიტომ, რომ, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ისინი ასეთი ტიპის აქტივობებს სხვა შემთხვევაში ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით, საქართვეოში არის რამდენიმე პარტია, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეში ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს იმის მიუხედავად, პარლამენტში წარმოდგენილია თუ არა და თავის იდეოლოგიით გარკვეულ ელექტორალურ რესურსსაც პოულობს. მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც არჩევნების წინ გამოჩნდებიან ხოლმე. ახლაც ასე გამოჩნდნენ არა მარტო პრორუსული, არამედ პროდასავლური პარტიებიც.

"რ": რა არის ასეთი პარტიების დანიშნულება?

მ.ა: როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური ძალები იქმნებიან რამდენიმე მიზეზით. ერთი, როდესაც მათ ქმნის რომელიმე მეზობელი სახელმწიფო. მეორე, როდესაც ერთი იდეოლოგიის ჯგუფი თავისი ლიდერის გარშემო იკრიბება და მესამე შემთხვევაა, როდესაც არსებულ პოლიტიკურ ძალას გამოეყოფა გუნდი და სპეციალურად არჩევნებისთვის ქმნის თავის პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ასევე პოლიტიკაში დარჩენაა.

"რ": ახლად გამოჩენილი პრორუსული პარტიები რომელ შემთხვევას მიეკუთვნება?

მ.ა: მე არ მინდა, ვარაუდებით ვილაპარაკო. როგორც წესი, არის შემთხევვა, როცა ერთი იდეოლოგიის გუნდი იკრიბება და თავისი აქტივობებით ცდილობს ყურადღების მიქცევას თუნდაც რუსეთისგან და სურს, მიიღოს ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაა, როდესაც პირდაპირ ფინანსდება და ასე იქმნება პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენს შემთხვევაში, მე მაინც მგონია, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ და მერე მიიღონ დაფინანსება. საქართველოში რუსული ფული, რა თქმა უნდა, არსებობს, ის იხარჯება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე თუ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მაგრამ ამ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებზე გამოყოფილ ფულს მე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.

"რ": მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური ინცინდენტების გახშირება?

მ.ა: საერთოდ, სამხრეთული პოლიტიკური ცხოვრების წესია მუდმივი ინციდენტები, დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, შეხედეთ ჩევენს მეზობელ თურქეთს, საბერძნეთს და ზოგიერთ სხვა სამხრეთულ ქვეყანას. სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის არჩევნები ჩვენთვის საოცნებოა. ასე რომ, ინციდენტები სულ მოხდება, მაგრამ ამასაც აქვს სხვადასხვა სახე. არის ინციდენტები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის სპონტანურად წარმოიქმნება, მაგრამ არის წინასწარ დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ტერმინი - "გამოვიწვიოთ და მოვახდინოთ პროვოცირება". სხვათა შორის ეს არა მხოლოდ ქუჩაში ხდება, არამედ სატელევიზო სივრცეშიც და ეს ხელოვნურია.

არსებობს მესამე ტიპის ინციდენტებიც, რომლებიც იგეგმება სხვა ქვეყანაში და უნდა განხორციელდეს კონკრეტული პოლიტიკური პროცესის პიკში. მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ემზადება ასეთი ტიპის პროვოკაციებისთვის, რომლებსაც საარჩევნო ან მის მომდევნო დღეს განახორციელებს. ამაზე ჩვენს მეზობელ უკრაინასა და საქართველოშიც გარკვეული მზადება მიმდინარეობს. მე კონკრეტული ადამინისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი ზონდერები, სპორტსმენები (ვგულისხმობ ბოდიბილდინგის წარმომადგენლებს), რომლებსაც 2012 წლის ოქტომბერში უნდა ეაქტიურათ, ახლაც დაიბარეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ისინი სახლებში წავიდნენ, ახლა კი შესაბამის რაიონებში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ კომიტეტებში ისევ დაიბარეს. "ნაციონალური მოძრაობა" არის იმ ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს.

"რ": ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორცხელის ამბები განმეორდება?

მ.ა: რასაკვირველია, და შეიძლება უფრო მასშტაბური და მძიმე საყურებელიც იყოს. კორცხელის ინციდენტი რომ დაგეგმილი აღმოჩნდა, ეს ფაქტია. ვერ ვიტყვი, რომ მმართველი ძალის მხარდამჭერები კორექტულად მოიქცნენ, ასეთი რამის პრევენცია თავიდანვე უნდა მოხდეს, მაგრამ სპორტსმენები იქ ორივე მხარეს ჰყავდა ჩაყვანილი.

"რ": ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა იმის პროგნოზირება, როგორი არჩევნები გვექნება?

მ.ა: მე ხშირად მაქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ იციან, რომ მსოფლიო ლუპით აკვირდება მათ ყოველ ქმედებას და ცდილობენ, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ. რასაკვირველია, არჩვენების დღეს ყველაფრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მმართველი ძალა არ დაუშვებს, ვინმეს სალაპარაკო მისცეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ძალიან სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ვიცი, როგორაა მომზადებული არა მხოლოდ ყოფილი მმართველი ძალა, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიც, რომ რაც შეიძლება მკაცრი შეფასება მისცენ ჩატარებულ არჩევნებს.

"რ": ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ...

მ.ა: მე ის უფრო გამიკვირდება, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს რომ არ ილაპარაკონ. ეს ყოველთვის ასე იყო. ზოგ შემთხვევაში სიმართლეა, ზოგში - არა. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს - არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების პირადი ინიციატივა იყოს და ამას სჭირდება სასწრაფოდ აღმოფხვრა. არაფრით არ შეიძლება ამ პროცესის მიშვება.

"რ": როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ გვექნება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

მ.ა: ივნის-ივლისში დარწმუნებული ვიყავი, რომ 6-7 პარტიას ჰქონდა პარლამენტში მოხვედრის შანსი, შეიძლება, მეტსაც. დღეს ამ 6-7 პარტიის დიდი ნაწილიდან ვერ ვხედავ აქტიურობას, ალბათ სექტემბერს ელოდებიან. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ვეღარ ვიტყვი, რამდენ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. წინ სექტემბერია და ზუსტი შეფასების გაკეთების საშუალება მერე უფრო მომეცემა.

"რ": რომელ პარტიებზე ვარაუდობდით, რომ ბარიერის გადალახვას შეძლებენ?

მ.ა: პირველი არის "ოცნება", შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი", ბურჭულაძის პარტია - ესენი უფრო მაღალ პროცენტს აიღებენ და შემდეგ მოდის "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "ფორუმი", ასევე შეიძლება იყოს მეჭიაურის პოლიტიკური ძალა ან ნინო ბურჯანაძის პარტია.

"რ": საარჩევნოდ დაიწყო ქორწინების კონსტიტუციურ განსაზღვრებაზე მსჯელობა. როგორ ფირობთ, ეს საკითხი რამდენად ხელოვნურია და რატომ გახდა აქტუალური?

მ.ა: რა თქმა უნდა, ხელოვნურია. ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია მოხდეს ის, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არა მარტო ქორწინების გაგება შეიცვალა, არამედ ოფიციალური ხმარებიდან ტერმინები დედა და მამაც კი ამოვარდა. ამ ეჭვმა განაპირობა ის, რომ შეიქმნა ხელოვნური აჟიოტაჟი. სწორედ ამიტომაც შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც რეფერენდუმის მოთხოვნით დაიწყო აქტიურობა.

"რ": აფხაზეთზე მინდა გკითხოთ. იქ ახალი დე ფაქტო პრემიერი დაინიშნა. მისმა წინამორბედმა განაცხადა, რომ რეფორმების გატარების საშუალებას არ აძლევდნენ და თანამდებობა დატოვა. რა შიდა პროცესები მიმდინარეობს?

მ.ა: აფხაზური პოლიტიკის ნაწილია კლანებს შორის ბრძოლა. კონკრეტული გვარები შეადგეგენ კლანს, რომელებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსახვედრად. მათი მთავარი ამცანაა იმ ფულთან იყვნენ ახლოს, რომელსაც რუსეთი ურიცხავს აფხაზეთს. იმიტომ, რომ შემოსავლის სხვა წყარო აფხაზეთში ნაკლებად არის. პრემიერების ცვლილება, ერთის მეორით ჩანაცვლება, არის პირობითი. მთავარია, ბიუჯეტთან ვინ იქნება ახლოს. ერთი პრემიერის მეორით ჩანაცვლებით ხაჯიმბა ცდილობს, საზოგადოებრივი აზრი დაამშვიდოს. ის იძულებულია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს თავად ებრძოდა. კერძოდ, შეასრულოს რუსეთის დაკვეთა. ვგულისხმობ იმ კანონის მიღებას, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას (პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეს), რომ შეისყიდოს აფხაზეთის მთავარი სიმდიდრე - შავი ზღვის სანაპირო. აქედან გამომდინარე, სულ რომ ოქროს პრეზიდენტი ჰყავდეთ, აფხაზეთში დაპირისპირება მუდმივად იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ერთი კლანი ყოველთვის რჩება საბიუჯეტო თანხის მიღმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×