ნინო ქეთელაური
10.08.2016

ქორწინების განსაზღვრებაზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული კანონმდებლობით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს.

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): ე.ი. პრეზიდენტის ლოგიკით გამოდის, რომ სანამ საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება, სანამ იურისდიქცია მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება, მანამადე მთელი რიგი საკითხები არ უნდა გადაწყდეს?! ჩემთვის ეს არ არის საფუძვლიანი არგუმენტი. ჩვენც ვიცით, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თუ საკითხს ასე მივუდექით, მაშინ ვერც ერთი საკითხი ვერ გადაგვიწყვეტია. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ, ვფიქრობდი, რომ პრეზიდნეტი გაითვალისწინებდა უმრავლესობის მოთხოვნას.

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პრეზიდენტი ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ასეთი რეფერენდუმის მიმართ. თუ ჩავატარებდით, მაშინ მხოლოდ ეს ერთი საკითხი კი არ უნდა ყოფილიყო, რაც მეორეხარისხოვანია, არამედ მასთან ერთად სამი პრობლემა მაინც უნდა ყოფილიყო განხილული. პირველი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მეორე, ნატოში შესვლის მომხრეა თუ არა საქართევლოს მოსახლეობა და მესამე, როგორ უყურებთ ევროკავშირის გაუთავებელ იმედგაცრუებებს საქართველოს მიმართ? ჩვენ არ ვართ ყრუ ხალხი, რომ გაუთავებლად გვატყუონ. თუ ასეთი საკითხები განიხილებოდა რეფერენდუმით, მაშინ მისი ჩატარება შეიძლებიოდა საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენს იურისდიქციაშია. მაგრამ მხოლოდ ამ ერთ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მეც არ მიამჩნია სწორად.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): ეს საკითხი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად გამართული არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტს სჯობდა სხვა არგუმენტები მოეყვანა, ვიდრე ის, რომ ეს რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტი იქნებოდა. ღმერთმა ქნას, რუსეთთან ურთიერთობაში იქამდე მივიდიეთ, რომ არგუმენტებით დავიწყოთ საუბარი, ჩვენ მათთან საკმაოდ ბევრი არგუმენტი გვაქვს. ასეთი განცხადებების დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო.

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): თუკი ამის აუცილებლობაა, ამ რეფერენდუმის ჩატარებას ვემხრობი, მაგრამ ის ნამდვილად არ ვიცი, რუსეთისთვის რამდენად იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტი. ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პარლამენტის გადაწვეტილებაა საჭირო, საკმარის არგუმენტად მიმაჩნია. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი სამართლებრივი არგუმენტი კი არა, ერთი კარგი შემოლაწუნება იქნებოდა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. უფრო მკაფიო იქნებოდა სიგნალი - ჩვენ იქ იმიტომ ვერ ვატარებთ რეფერენდუმს, რომ ოკუპირებულია. მე მაინც მგონია, რომ უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე რეფერენდუმი, რადგან ამ აჟოიოტაჟს მოვრჩეთ. სხვა ბევრად მნიშვნელოვანი თემებია გადასაწყვეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×