ლიკა გურაბანიძე
11.08.2016

"დარწმუნებული ვარ, ამ ფარატინა ქაღალდს უცხოელები პირდაპირ ნაგვის ყუთში მოისვრიან," - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბესელია და ფოფხაძე დიპლომატებს ფორმალურად მიმართავენ, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.

მისივე შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი კლასიკური შემთხვევა, როდესაც ვიწროპოლიტიკური, მერკანტილური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებასა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ "ნაციონალური მოძრაობის" სახე, "ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე." მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.

დაინტერესდებიან თუ არა ბესელია-ფოფხაძის წერილით უცხოელი დიპლომატები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): დიპლომატიური კორპუსი რას დაიჯერებს და რას არა, რითი დაინტერესდება და რითი არა, რთული თემაა. საერთოდ ადამიანებს აინტერესებთ ის, რაც პირადად მათ ეხებათ. ეს ეხება მათ შორის ჩვენთან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც. რომელი ექსპერტიც იმას იტყვის, რომ ამით უცხოელი დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდება, ტყუილს გეტყვით. უცხოელი დიპლომატები ისეთ სახეებს იღებენ, ვითომ აინტერესებთ.

 

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): პირდაპირ გეტყვით, რომ უცხოელი დიპლომატები დაინტერესდებიან ამ წერილით. ისინი ნებისმიერი საქმითა და გამოსვლით ინტერესდებიან. მით უმეტეს, როდესაც ბესელია და ფოფხაძე სერიოზულ განცხადებას აკეთებენ. არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განხეთქილება მომხდარიყო.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  უცხოელი დიპლომატები ყველაფრით ინტრესდებიან. ადრე კრემლი იყო, ახლა ვაშინგტონია, დაანებონ ამას თავი. ეს არის მეწვრილმანეების პოზიცია. შენ შენი ხაზი უნდა გქონდეს, არავითარი უცხოელი დიპლომატების პოზიცია, ისინი ყველაფერს ხედავენ. არ სჭირდებათ ჩვენი წერილები.

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): უცხოელი დიპლომატები ალბათ ყველაფრით დაინტერესდებიან, რაზეც მათ მიანიშნებენ, ისეთი პირები, როგორებიც ბესელია და ფოფხაძე არიან. დაინტერესებას რა შეიძლება მოჰყვეს, ესაა სხვა საკითხი. ეს თემა მალე დავიწყებას მიეცემა. რაღაც ეტაპზე ისინი მოვალეც არიან, დაინტერესდნენ.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, დაინტერესდებიან, მაგრამ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის, რომ როდესაც საქმე სახელმწიფოს და მის შიგნით მიმდინარე მოვლენებს ეხება, მაშინ ეს ყველაფერი სახელმწიფოებრივ ინტერესებს ზიანს აყენებს. ამ ყველაფრის შედეგი რა არის?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×