ნინო ქეთელაური
12.08.2016

არჩვენების მოახლოების პარალელურად, ოპოზიციურ პარტიებს წევრები ტოვებენ. გორში "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსმა და საკრებულოს წევრმა დავით წეწვაძემ "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.

"მე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ პარტიაში. ჩემთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიაში ყოფნა. მე ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც მე "ბინძურ თამაშს" ვუწოდებ", - განაცხადა დავით წეწვაძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" რიგები მანამადე დეპუტატმა თამაზ შიოშვილმა დატოვა, რომელიც გორის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი. გავრცელებული ინფორმაციით, შიოშვილთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატები" პარტიის ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცხადიაშვილმაც დატოვა.

პაარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელებმაც. ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გუნდიდან წავიდა და როგორც თავად ამბობს, ბურჭულაძეს 80 მხარდამჭერი გაემიჯნა.

"სახელმწიფო ხალხისთვის" განმარტავს, რომ პარტიიდან საკუთარი ნებით არავინ წასულა. გუნდს მხოლოდ 7 წევრი გამოაკლდა, ისიც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით - მათი "ქართულ ოცნებასთან" კავშირის გამო. ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კი, შეთავაზების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

პარტია დატოვეს ფოთში, "რესპუბლიკური პარტიის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმაც. ყველა პარტიის ყოველი წევრი წასვლის არგუმენტად თანაგუნდელებთან ინტერესების შეუთანხმებლობას ასახელებს.

როგორ ფიქრობთ, არჩვენების პარალელურად რატომ ტოვებენ ოპოზიციურ პარტიებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ალბათ, ის საარჩევნო ნომერი ვერ მიიღეს, რაც უნდოდათ, ან უფრო თბილი ადგილი გამოჩნდა და გადადიან. ეს ხომ ქართული ხასიათია, ერთმანთის ჩაშვება, გაყიდვა, სხვა პარტიაში გადასვლა.

მე ვფიქრობ, თუ პარტიიდან გამოდიხარ, საერთოდ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან, რადგან სხვა პარტიაში გადასვლა გაყიდვისა და ღალატის ტოლფასია. ზუსტად ეს არის ჩვენი პოლიტიკა, სირცუეზე, გაყიდვასა და ღალატზე დაფუძნებული."

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ჩემ თვალწინ გაიარა ძალიან ბევრმა არჩევნებმა და პოლიტიკურ სპექტრს მეტ-ნაკლებად ვიცნობ, ბევრს პირადადაც, ძალიან ბევრთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი მათი განწყობილება.

შეიძლება, ბევრი არ არის კმაყოფილი არსებული მმართველობით, მაგრამ ჩვენი დღევანდელი დემოკრატია ურჩევნიათ იმას, რაც მანამდე იყო. სააკაშვილის დიქტატურის რესტავრაციის შიშით, ყველა "ოცნებას" მისცემს ხმას.

შესაბამისად, კარიერისტები გამორბიან არაპერსპექტიული პარტიებიდან და ცდილობენ, მოხვდნენ სიებში, ზოგს პარლამენტში შესვლა უნდა და ა.შ თორემ რა იდეოლოგიური განსხვავებაა "ოცნებასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის? არანაირი, ისინი ხომ ერთად იყვნენ. ორივე ანტიტირანიული პარტიაა და დასავლეთზე ორიენტირებული. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ე.წ. კაბელების საქმის გამო გაეიმჯნენ ერთმანეთს.

ჭკვიანები პერსპექტიულ მხარეს გადადიან, რომ მერე სტრუქტურებში მოხვდნენ. ეს, მეორე მხრივ, ცუდია, რადგან თანამდებობისკენ ასეთი ლტოლვაა და სულ ერთი და იგივე სახეებია პოლიტიკაში. დასავლეთში ასე არ არის, მაგრამ ალბათ აქაც ჩამოვყალიბდებით და მივალთ იმ დონემდე."

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "აქ 2 მიზეზი შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ მართლა უკმაყოფილო არიან, სხვა რამ ეგონათ და როდესაც მიხვდვენ, რომ მათი ადგილი იქ არ არის, წამოვიდნენ. და მეორე, რაც "ქართული ოცნებისგან" ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ე.წ ჩანერგილები და პარტიებიდან დავალებებს არ ასრულებდნენ.

რთული სათქმელია, ამ 2 ვარიანტიდან რომელია ამის მიზეზი. შეიძლება, 1 ხელი მართავს ამ სისტემას და "ქართულ ოცნებაში" ხდება ჩანერგვა. ან მართლაც გარკვეული უკმაყოფილებაა ამ პარტიების მიმართ."

 

 დოდო ხურცულავა (ხელოვნებათმცოდნე):  "ჩერჩილმა თქვა, არ არსებობს მუდმივი მეგობრები და მტრებიო, პოლიტიკაში ყოველთვის ასეა. როგორც აწყობთ, ისე იქცევიან. რა თქმა უნდა, მე ეს არ მომწონს, თუ რაღაც პრინციპებისთვის ხარ პარტიაში, მაშინ ამ გუნდში ბოლომდე უნდა იყო ან საერთოდ წახვიდე პოლიტიკიდან. მაგრამ ადამიანებს უყვართ ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან იქ ძალაუფლებაა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×