არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიიდან პარტიაში გადასვლა-გადმოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. "ბურჭულაძის" შემდეგ საკუთარ თანაგუნდელებს "თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკური პარტიის წევრებიც გაემიჯნენ. პოლიტოლოგების ნაწილი ამ პროცესს ბუნებრივს უწოდებს, ნაწილი კი ხელისუფლების შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს პროცესები გრძელვადიან ხასიათს არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გორში "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსმა და საკრებულოს წევრმა დავით წეწვაძემ "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი 2009 წლიდან იყო, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი 2012 წელს, მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი გუშინდელ დღემდე. განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ჩემს გუნდთან ერთად მოტივირებული ვიყავი გამარჯვებისთვის, თუმცა, ისევე როგორც ჩემ უკან მდგომი თანაგუნდელები, იმედგაცრუებულ დავრჩით.
"მე ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს ამ პარტიაში. ჩემთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიაში ყოფნა. მე ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც მე "ბინძურ თამაშს" ვუწოდებ. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და შევუერთდე "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს"."მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციაში დარჩენილი პარტიის თითოეული წევრის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს. არ დავუშვებ, რომ რომელიმე მათგანი მოტყუებული დარჩეს.
"ამ წუთიდან, მე ჩემს რესურსს ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის ამპლუიდან მოვახმარ", - აცხადებს დავით წეწვაძე.
"თავისუფალი დემოკრატების" მსგავსად, საკუთარ თანაგუნდელებს გაემიჯნენ "რესპუბლიკელებიც".
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფოთში, "რესპუბლიკური პარტიის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა პარტიის რიგები დატოვეს.
უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნუკრი თოშხუას თქმით, მიზეზი გარკვეულ საკითხებში პარტიის შეხედულებებთან შეუთავსებლობა იყო. მისი მოადგილე, გია გოგინავა კი, ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს და თანაპარტიელების ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საკუთარი პარტიის რიგები ბურჭულაძის პარტიის წევრებმაც დატოვეს.
"სახელმწიფო ხალხისთვის" ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გუნდიდან წავიდა და როგორც თავად ამბობს, მსოფლიო ბანს 80 მხარდამჭერი გაემიჯნა. პაატა ბურჭულაძეს ყოფილი თანაგუნდელები "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაშლა გამორიცხულია.
ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კი, შეთავაზების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგების ნაწილი ბუნებრივს უწოდებს, ნაწილი კი ხელისუფლების შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით "ქართული ოცნება" ვერ გაძლიერდება.
გია ხუხაშვილის თქმით, პარტიებიდან ადამიანების გასვლა ამ ძალებს ასუსტებს, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ვერაფერს იგებს.
"ქართულ ოცნებას" და ისევე როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას, აქვს გარკვეული რესურსი პარტიებზე ზემოქმედების მოხდენისა.
"პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით განსხვავებული შემთხვევაა. ეს პარტია ახლა შენდება ფორსმაჟორში და ბუნებრივია, იქ თავიდანვე შესაძლებელი იყო გარკვეული სპეცმეთოდებით ადამიანების ჩანერგვა, მერე ამ ადამიანების გამოსვლით კი რაღაც სცენის ინსცენირება.
"ვფიქრობ, ეს მთლიანად ხელოვნურად დეტონირებულია. ასეთი სიტუაცია თავიდანვე გეგმაში იყო. პარტიაში, რომელიც შენდება 2-3 თვეში, ძალიან ძნელია თავიდანვე გაუგებარი ადამიანების ჩანერგვა და მერე მათი ე.წ გამოსვლის ინსცენირება.
"რესპუბლიკურ" და "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით კი სხვა სიტუაციაა. ეს პარტიები იყვნენ კოალიაციის წევრები, ამ პარტიაში მყოფი ადამიანები მიეჩვივნენ ხელისუფლებაში ყოფნას, კეთილდღეობას.
"მიაჩნიათ, რომ ძალიან ბუნდოვანია ამ პარტიების პერსპექტივები და შესაბამისად, წევრების მხრიდან პარტიის დატოვება ბუნებრივ პროცესს ჰგავს.
"უნდა გვესმოდეს მარტივი რამ - პარტიებიდან ადამიანების გასვლა ბუნებრივია, ამ ძალებს ასუსტებს, მაგრამ ხელისუფლება ამით მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს იგებს. რეალურად ის ამით ელექტორატს ვერ იზიდავს, ერთადერთი, რასაც აკეთებს, საარჩევნო აქტივობას მაქსიმალურად სწევს, რასაც თავის უარყოფითი შედეგი ექნება. დაბალი აქტივობა სუსტ ლეგიტიმაციას ნიშნავს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ასეთი ინტეგრაციული პროცესები ყველაზე მეტად მოსალოდნელია "ქართულ ოცნებაშიც".
"სტაბილურ, მწყორბ იდეოლოგიაზე გრძელვადიანი ამოცანების მქონე ძალების ფორმირება ქვეყანაში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ანუ კარგად შეცემენტებული პარტიები საქართველოში ვერ შეიქმნა. ერთადერთი ძალა და ისიც ნეგატიური ნიშნით, რომელიც ახერხებს პრობლემების მიუხედავად, რაღაც ერთიანობის შენარჩუნებას, "ნაციონალური მოძრაობაა".
"მეტსაც გეტყვით, "ქართულ ოცნებაში" ყველაზე მეტად არის ეს ინტეგრაციული პროცესები მოსალოდნელი. ამ პარტიის 70% ისეთია, რომ თუ იგრძნეს ოდნავ სისუსტე, ვირთხებივით პირველები გაიქცევიან.
"მიგრანტი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან, სახელისუფლებო პარტიამ ბევრი წარმოადგინა და ალბათ კიდევ წარმოადგენს. ასე რომ, ასეთი ტიპის პრობლემებისგან თვითონ "ქართული ოცნებაც" დაზღვეული არაა", - გვითხრა პოლიტოლოგმა.
თუმცა, მისვე თქმით, ალბათობა იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს, ნაკლებია.
"რამდენად სისტემური იქნება, ეს ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. მგონია, რომ რაღაც გამოტყორცნა მოხდება და სისტემურ და გრძელვადიან ხასიათს არ მიიღებს. პრინციპში, გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგრძელდეს ხმაურიანი გადასვლა-გადმოსვლები, შეიძლება, კიდევ ერთ-ორი შემთხვევა მოხდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.
აქტივისტების გადასვლას ბუნებრივ პროცესს უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"უფრო ადრე, როცა კომუნისტები დამარცხდნენ საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი პარტიის წევრი იყო, მანდატების დახევა დაიწყეს. ასევე, როცა დამარცხდა მოქალაქეთა კავშირი, მისი ბევრი წარმომადგენელი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ეს მაგალითები, იმიტომ მოვიყვანე, რომ გასაკვირი ასეთ პროცესებში არაფერია. უცხოეთშიც ძალიან ხშირად ტოვებენ დამარცხებულს და მიიწევენ გამარჯვებულისკენ.
"როგორც წესი, ლიდერები, ანუ კაპიტნები გემს ბოლო ტოვებენ, ამიტომ საეჭვოა, ლიდერებმა დატოვონ პარტია.
"ის წევრები, რომლებსაც ეჭვი შეეპარებათ პარტიის გამარჯვებაში, დიდი შანსია, რომ თანაგუნდელებს გაემიჯნონ. ეს ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა და ამაში პოლიტიკურ პროცესს ვერ ვხედავ.
"რესპუბილიკელები" და ალასანიას პარტია არ არიან ისეთი ძალები, რომ მათთან ბრძოლას სადაზვერვო სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ხერხი დასჭირდეს. თუ ვინმესთან ბრძოლა მძაფრია, ეს ითქვა, არაერთხელ, ეს "ნაციონალური მოძრაობაა". ყველაზე მეტი შანსია, რომ ეს პროცესები იქ იყოს, მაგრამ თავის დროზე იყო და დამთავრდა.
"ხელისუფლების ისევე, როგორც ნებისმიერი პარტიის ძალა არის მხარდამჭერების რაოდენობა, და არა იმ პირების რაოდენობა, რომლებიც პარტიაში არიან. პარტიაში შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მხარდამჭერი ჰყავდეს ცოტა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.