ლიკა გურაბანიძე
13.08.2016

დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

უსუფაშვილი ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდებს მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ხელი მოაწეროს.

უსუფაშვილმა მის წარმოდგენილ წინადადებას ხელი ბრიფინგის დროს მოაწერა და განაცხადა, რომ ამ წინადადების ინიციატივად ქცევას კიდევ 75 ხმა სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მინიმუმ 76 ხმა "ძალიან მალე" შეგროვდება.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ მზადაა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით დებატები უსუფაშვილთან და უბლოკო სტატუსის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკურ ლიდერთან გამართოს. მისივე თქმით, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის შესახებ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "უსუფაშვილს სხვა შემთხვევში რომ გაეკეთებინა ეს განცხადება და ასეთი დაძაბული სიტუაცია არ ყოფილიყო, შესაძლოა მეფიქრა, ნეტა ამ ყველაფრის კონსტიტუციაში ჩაწერა რა საჭიროა-მეთქი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - არა თუ კონსტიტუციაში ჩაწერა, სამოქალაქო პოზიციიდან ვპირდებით ნინო ბურჯანაძეს, რომ მას მოღალატის ორდენს მივცემთ.

"მან დღეს ისეთი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა რომლის მაგვარი მხოლოდ ორჯონიკიძისგან გაუგია საქართველოს. ღალატი მეტი არაფერი არ არის.

"ვფიქრობ, უსუფაშვილს ადამიანურად შეეშინდა და პრევენციის მიზნით გააკეთა ეს განცხადება. იგი რადიკალური დაპირისპირების მომხრე არ არის.

"აი, ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ვემხრობი უსუფაშვილს. პოლიტიკაში მრავალწლიანი თაღლითურად ყოფნა არ ნიშნავს, რომ შენ მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება გაქვს, შენ თაღლითობის გამოცდილება გაქვს."

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი):"პარლამენტის თავმჯდომარის ამ პათოსს ვიზიარებ. ერთადერთი, რაც მსჯელობის საგანია, ეს კარგად განსაზღვრული უსაფრთხოების საკითხია. ანუ, ჩანაწერის შემთხვევაში საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში ხომ არ შეიცავს რაიმე საფრთხეს. ხომ არ შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოების მხრივ საფრთხეს ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში დეკლარირება.

"შესაძლოა არ შეიცავდეს საფრთხეს, ან შესაძლოა შეიცავდეს. ამას ღრმა შესწავლა სჭირდება და ეს ოპერატიულად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. თუკი დადასტურდა, რომ უსაფრთხოების კუთხით არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, მაშინ ჩაიწეროს."

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი):"ევროატლანტიკური სივრცისაკენ სწრაფვის შესახებ აზრი საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის მეშვეობით უკვე დაადასტურა, რისი მომხრეც მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი რევიზიას აღარ უნდა ექვემდებარებოდეს. კონსტიტუციის პრეამბულაში თუ ამისი დაფიქსირების აუცილებლობა დადგება, მე პირადად ამაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ. პრინციპში შესაძლოა ჩაიწეროს, რატომაც არა. ევროატლანტიკური სტუქტურებისკენ სწრაფვა ეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანია."

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელშიც ასეთი რაღაცები არ იწერება. უსუფაშვილს პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს. ეს "რესპუბლიკელების" მიერ შემოგდებული ინტრიგაა და ამას პარლამენტის თავმჯდომარე ახმოვანებს. ისინი იწყებენ პოლიტიკურ ავანტიურას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

"ჩვენ რომ ევროპისაკენ და ნატოსაკენ მივდივართ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა შეუძლებელია. დავუშვათ ნატო გაუქმდა, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ - ეს ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ ისევ კონსტიტუციიდან?! როგორ შეიძლება ამის გაკეთება?! მე მიკვირს უსუფაშვილის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×