თიკო ოსმანოვა
13.08.2016

 ვინ ეფარება რეგიონებში "ქართული ოცნების" სახელს - მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები ისინი არიან და არა ის ხალხი, ვინც გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ დაასახელა. მისივე თქმით, ამ აფიორაში განსაკუთრებით დამოუკიდებელი დეპუტატები არიან ჩართული და ასეთი ადამიანები მოდებული არიან თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის მცხეთაშიც.

"დაიწყო საარჩევნო კამპანია და, ბუნებრივია, ყველა სუბიექტი, ვინც მონაწილეობას იღებს, გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ გააჩნია რა გზით. "ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური სფეროა, მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსი არ ვიყავი. პირიქით, პოლიტიკა სწორედ რომ ღირსების და ადამიანობის ტესტია. ეს განსაკუთრებით ავიწყდებათ არჩევნების პერიოდში, როცა გამარჯვების მისაღწევად ყველა გზას იყენებენ, განსაკუთრებით ტყუილს და ბინძურ მაქინაციებს.

"ამ მხრივ წლევანდელი არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და უკვე დაიწყო სიცრუის ფართო ტირაჟირება საზოგადოებაში. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის მცხეთაშიც, ჩვენი ოპონენტები სხვადასხვა პარტიიდან და განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატები, ჭორებს ავრცელებენ და ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ "ქართული ოცნების" რეალური კანდიდატები ისინი არიან და არა ის პირები, ვინც პარტიის თავმჯდომარემ საჯაროდ წარადგინა. გამოდის, რომ მან იცრუა, დაასახელა ერთი და მხარს უჭერს მეორეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თუმცა მცხეთაში რომელი დამოუკიდებელი დეპუტატი ამოეფარა "ქართული ოცნების" სახელს, ხუნდაძე ამას არ აკონკრეტებს. "რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

"პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მცხეთის მაჟორატარი კანდიდატის, კონსტანტინე მორგოშიას თქმით, მცხეთის რაიონზე ასეთი ფაქტების შესახებ მასაც სმენია.

"სხვა რეგიონებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ მცხეთაზე არაერთხელ მსმენია. მცხეთის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი მას გულშემატკივრობს და შეიძლება სწორედ ამას გულისხმობს ბატონი ხუნდაძე.

"თანაც, დამოუკიდებელ დეპუტატად მცხეთაში ჯერჯერობით მხოლოდ ცეზარ ჩოჩელი იყრის კენჭს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კი კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მორგოშია.

მცხეთის გარდა კიდევ სად შეიძლება ეფარებოდნენ "ქართული ოცნების" სახელს, ჯერჯერობით გაურკვეველია. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, კახეთში ასეთი ფაქტის შესახებ არ სმენია, თუმცა, როგორც პარტიის საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ.

"შეიძლება ვიღაც, სადღაც რომელიმე რეგიონში ცდილობს მართლაც "ქართული ოცნების" სახელით სარგებლობას. თუმცა კახეთში ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ, როგორც საბჭოს წევრი გეუბნებით, რომ ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ", - გვითხრა სესიაშვილმა.

ხუნდაძის განმარტებით კი, ის პირები, ვისაც პრემიერმა დახმარების ხელი გაუწოდა, მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

"ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის ჯერ კიდევ მცირე დროის მმართველობის პერიოდში ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, ვისაც მის მიმართ ნდობა არ გაუჩნდა. ამ დროს, სწორედ ის პირები, ვისაც პრემიერმა დახმარების ხელი გაუწოდა ისევ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, სიცრუეში ადანაშაულებენ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს უდიდესი შეურაცხყოფაა.

"ქართულ ოცნებას" ღირსეული ლიდერი ჰყავს და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. საინტერესოა ჩვენი ოპონენტების ქმედება - უპირისპირდებიან "ოცნებას", მის კანდიდატს და სწორედ "ოცნებასთან" გაიგივებით სურთ საარჩევნო ხმების მიღება. სხვის კალთას ამოფარება კაცის საქმე არ არის და ისინი ვერასოდეს იმარჯვებენ.

"რაც შეეხება ჩემს რაიონს, მცხეთა 2012 წლამდე სავაჭრო დახლზე იყო შემოდებული და ხალხის ქონებით მილიონებს შოულობდნენ მხოლოდ ხელისუფალნი. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს. ეს დრო დამთავრდა, ახლა მცხეთა მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. ქალაქსა და რაიონს განვითარების პერსპექტივა მიეცა და არასოდეს დაუბრუნდება ჩინოვნიკების ბატონობის პერიოდს. ამისათვის იმდენჯერ ვიბრძოლებ, რამდენჯერაც დამჭირდება, ვინც არ უნდა შეეწინაღმდეგოს ამას.

"ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი და არც მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ჩემი ყველაზე მძლავრი იარაღი ღირსება და წესიერებაა, ის, რაც დიდ ფულზეც კი არ იყიდება", - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

ის, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები რეგიონებში "ქართული ოცნების" სახელს ეფარებიან, ამას "ეროვნული ფორუმის"ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძეც ადასტურებს. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ ფაქტებზე ვერ საუბრობს.

"ასეთი, რამ მეც გავიგე, მაგრამ კონკრეტულად სად ხდება - ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი. რადგან ამ განცხადებას ხუნდაძე აკეთებს, ე.ი. აქვს კონკრეტული ფაქტები. მე უბრალოდ ზოგადად მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დამოუკიდებელი კანდიდატი "ქართული ოცნების" ქოლგის ქვეშ გამოდის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მიროტაძე.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს ამის გაკეთების საფუძველს თავად "ქართული ოცნების" წევრები აძლევენ.

"დამოუკიდებელ დეპუტატებს ამის საფუძველს თავად "ქართული ოცნება" აძლევს. შიგნით აქვთ კლანური დაპირისპირება და როდესაც გამარჯვებული კლანი აყენებს თავის კანდიდატს, დამარცხებული თავის კანდიდატს საინიციატივო ჯგუფის სახელით წარადგენს.

"როგორც ცნობილია, მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნება" საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას არ აპირებს და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე ეს დამოუკიდებელი კანდიდატების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. ეს არის "ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებული კორუფციული პრაქტიკის შედეგი", - უთხრა "რეზონანსს" კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×