პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა და ეს გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა. პირველი არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, თუ რა ვითარებაში შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და მეორე, კონკრეტულად ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნის იურიდიულად გაუმართაობა.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, რეფერენდუმის დასანიშნად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვდნენ, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრული ყოფილიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
საინიციატივო ჯგუფმა ორ თვეში 200 348 ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ხოლო საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავდა, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნულიყო.
უნდა დაენიშნა თუ არა პრეზიდენტს რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): "მე მგონია, რომ ტყიულად ირჯებიან. მე მგონი, არავინ აპირებს ამის დაკანონებას, ეს ყველაფერი მოგონილია. ჩვენ რა უბედურებიც ვართ, იმ უბედურებაში ვიქნებით ყოველთვის.
"უფრო სერიოზული საკითხებიც არსებობს, ძალიან მაფიქრებს რუსეთ-თურქეთის კოლაბორაცია, ამან შესაძლოა როგორც სახელმწიფო საერთოდ მოგვსპოს და ეს სულელური საკითხები შესაძლოა სასაცილო და სატირალი ერთდროულად გაგვიხდეს.
"რა თქმა უნდა, არ უნდა დაენიშნა. ეს საკითხი სისულელეა. ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ და ამ თემაზე მსჯელობა იმის ნიშანია, რომ ჩვენს პროვინციალიზმს საზღვარი არ აქვს."
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "რეფერენდუმი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. ამბობენ, რომ ამ ინიციატივას ხელი ორასი ათასმა კაცმა მოაწერა. მეც რომ შემხვედროდნენ ქუჩაში ხელმოწერის შემგროვებლები, მოვაწერდი ამას ხელს. ამ ხალხის ხმის გაგონება პრეზიდენტს უნდა შეეძლოს. არ შეიძლება მან ხელმომწერებს ასე გულგრილად უპასუხოს.
"თუმცა, პრეზიდენტის გადადგომაზე რომ წავიდა საუბარი, ამის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვარ პრეზიდენტის ამ საქციელზე. "
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "პრეზიდენტს რეფერენდუმი იმ შემთხვევაში უნდა დაენიშნა, თუ საზოგადოებისთვის ეს თემა პრობლემა იქნებოდა. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ქორწინების არსი თავისთავად გასაგებია. როდესაც თემა საფრთხის შემცველი არ არის, რა საჭიროა თავების გაცხელება?!
"ამ საკითხს საფრთხე არ ემუქრება. როგორც კი საფრთხე დაემუქრება, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, მაშინ შესაძლოა პრეზიდენტმა რეფერენდუმი დანიშოს."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "რადგან ასეთი აჟიოტაჟია ამ თემაზე და ასეთი მტკივნეულია, მგონია, რომ უნდა დაენიშნა. პრეზიდენტს წერტილი უნდა დაესვა ამ სულელური საკითხისთვის. ჩავატაროთ რეფერენდუმი - რა მოხდა?! მე პრეზიდენტის ადგილზე ამ რეფერენდუმს დავნიშნავდი, რომ ამ თემაზე ასეთი საუბარი არ ყოფილიყო."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე