ეკატერინე ბასილაია
15.08.2016

 ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" მთავარ სახედ, იმედად და მეხამრიდად ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, თუ ექს-პრემიერი პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს ისე, რომ 2017 წლიდან "ოცნებას" მასთან რჩევებისა და კონსულტაციების გარეშე მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკელმა" დავით უსუფაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ ივანიშვილი ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს და "ოცნება" მის გარეშე დარჩება.

დაანებებს თუ არა თავს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკას თავს, ამაზე თავად ივანიშვილს საჯაროდ არაფერი უთქვამს, თუმცა მმართველ პარტიაში მის გარეშე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება ვერ წარმოუდგენიათ. პარტიაში იმედი აქვთ, სექტემბერში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ივანიშვილი მათ გვერდით აუცილებლად გამოჩნდება და ეს მათ პარლამენტში მოხვედრის შანსს ერთიორად გაუზრდის.

"ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აქტიურად დაუჭერს მხარს. ყველა რეგიონში იქნება შეხვედრები, სადაც ივანიშვილი იქნება ჩართული. ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელია. პარტია და ეს მოძრაობაც მისი შექმნილია და პირადად მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მან, როგორც ამ ქვეყნის აქტიურმა მოქალაქემ, აბსოლუტურად დისტანცირება გააკეთოს იმ ძალისგან, რომლის სათავესთან იდგა," - აცხადებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელია.

დეპუტატი და თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ დასახელებული ზაქარია ქუცნაშვილი უსუფაშვილს განცხადებას საარჩევნო აგიტაციად აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის საკუთარ პარტიაზე გავლენა და ავტორიტეტი ყოველთვის ექნება.

ზაქარია ქუცნაშვილი: "ივანიშვილი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მიიღებს მონაწილეობას ამომრჩეველთან კომუნიკაციაში. ის, რომ არჩევნების შემდეგ პარტიისგან საერთოდ დისტანცირებას გააკეთებს, ასეთი რამ არ გამიგია.

"ივანიშვილი, რა თქმა უნდა, იყო და არის პარტიაში, და არა მარტო პარტიაში, ძალიან მაღალი ავტორიტეტისა და ზეგავლენის მატარებელი პირი. ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი. ის იყო და არის გავლენის მატარებელი პირი. ეს ავტორიტეტი და გავლენა არსად არ გამქრალა. ეს თანამდებობაზე დამოკიდებული არ არის. ზოგს თანამდებობა აქვს, მაგრამ ავტორიტეტი და გავლენა არ აქვს. ზოგიერთს არ აქვს თანამდებობა, მაგრამ ავტორიტეტი და გავლენა გააჩნია. ადამიანები ერთმანეთისგან მათ შორის ამითაც განვსხვავდებით და ეს ისეთი ობიექტური გარემოებაა, რომ ოქტომბრის შემდეგ ეს სად უნდა წავიდეს?!"

მისი თქმით, ტყუილია ის, რომ დღეს გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, მას უბრალოდ რჩევას ეკითხებიან და ეს მომავალშიც ასე იქნება.

"რჩევა და რეკომენდაცია ყველა ჭკვიან ადამიანს სჭირდება, მხოლოდ სულელები ამბობენ ამაზე უარს და ეს მომავალშიც იქნება,"- დასძენს ქუცნაშვილი.

წავა, თუ არ წავა

მართალია, ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში გადადგა პრემიერობიდან და ამით ის ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა, ის ხელისუფლებაზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მის გარეშე არ ხდება. ამაზე თავადაც ირიბად ხშირად საუბრობს და მისი პარტიის წევრებიც, სხვადასხვა განცხადებებში, არ უარყოფენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ექსპერტების დიდი უმეტესობა და ოპოზიცია ივანიშვილის ამ როლს "არაფორმალურ მმართველობას" უწოდებენ, თავად "ოცნების" წევრები კი - "რჩევებსა" და "კონსულტაციებს".

მაგალითად, თავად ივანიშვილის განცხადებებიდან ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 6 თვეში ერთხელ ეკითხებოდა, ხომ არ არის პრემიერობიდან მისი წასვლის დრო და გადადგომამდეც კონსულტაციები ჰქონდა მასთან; ასევე მისი ინიციატივით მოხდა გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერება. მისივე თქმით, რჩევებსაც ეკითხებიან ხოლმე, ადრე ღარიბაშვილი ეკითხებოდა, ახლა - კვირიკაშვილი, მინისტრებიდან ყველაზე ხშირი კომუნიკაცია ეკონომიკის მინისტრთან აქვს და თვლის, რომ ეს ნორმალურია.

ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამო, "ოცნებამ" მარგველაშვილის ყველა ნაბიჯის აქტიური კრიტიკა დაიწყო; ასევე ივანიშვილი ესწრებოდა ხოლმე კოალიციის, ხან კი - პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებს. მაგალითად, 2014 წელს თავდაცვის მინისტობიდან გადაყენების მეორე დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისულმა ირაკლი ალასანიამ და მისი პარტიის წევრებმა შეკრება იმ მიზეზით დატოვეს, რომ მათ იქ ივანიშვილი დახვდათ და მათი თქმით, ივანიშვილს არანაირი ფორმალური სტატუსი არ ჰქონდა, რომ სხდომას დასწრებოდა.

გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ამგვარი როლის თამაშს - ეს თემა ამომრჩევლისთვისაც აქტუალურია, რადგან "ქართული ოცნების" ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა 2012 წელს კოალიციას და ახლა ოქტომბერში პარტია "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის სახელის გამო უჭერს მხარს, მხარდამჭერების უმეტესობას მხოლოდ ივანიშვილი ეიმედებათ.

ამ ფონზე კი კოალიციის ყოფილი წევრი, "რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილი მომოავალში "ქართულ ოცნებასთან" ამგვარი ურთიეთრობა აღარ ექნება, რადგან მას პოლიტიკიდან წასვლა საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.

დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის "ქართული ოცნების" არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც, სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი და ყველა პარტიის კონკურენტიც ეს ერთი ადამიანია, ხოლო ოქტომბრიდან "ოცნება" ამ მთავარი ძალის - ივანიშვილის სახელის გარეშე დარჩება.

"ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი იმ ვითარებაში სადაც არის... თუმცა, მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის," - წერს უსუფაშვილი.

მისი თვალსაზრისით, პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს, რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება არც პოლიტიკურად და არც ორგანიზაციულად. დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება.

პოლიტოლოგების განცხადებით, უსუფაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ "ოცნება" ეს არის მხოლოდ ერთი კაცი - ივანიშვილი და ამომრჩეველი მხოლოდ ამ ფაქტორის გამო აძლევს მას ხმას. მათი შეფასებით, უსუფაშვილის წერილის გათვლაც გასაგებია - "რესპუბლიკური პარტია" ამომრჩევლების ხმებზე მუშაობს და მათ პირდაპირ ეუბნება, რომ "ოცნება" ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის გარეშე რჩება და ამ კაცის გამო მას ხმას ნუ მისცემთო.

თუმცა ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ რამეში არ ეთანხმებიან: ისინი გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა "ოცნების" არაფორმალური მართვა მიატოვოს.

რა როლი აქვს ივანიშვილს

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წევრი სოსო ცისკარიშვილის თვალსაზრისით, უსუფაშვილმა ამ განცხადებით 2 კურდღელი დაიჭირა როგორც საკუთარი პარტიის სასიკეთოდ, ასევე "ოცნების" უნარმოკლებულთა სიაში გადაყვანით.

"ოთხი წელი ყველა ოცნებობდა და ჩავთვალოთ, რომ "რესპუბლიკურ პარტიასაც" აქვს უფლება იოცნებოს. სადაც უნდა იყოს ბატონი ბიძინა, მისთვის უინტერესო არასოდეს იქნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, თუ ის რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ არ იქნა გაწვეული, როგორც დავალების შეუსრულებელი პირი," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

მისი აზრით, ნებისმიერ მივლინებას თავისი ვადა აქვს და მიიჩნევს, რომ 2017 წლიდან შესაძლოა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო ნაკლებად ჩართული იყოს, ვიდრე დღესაა, თუმცა პოლიტიკისათვის მთლიანად ზურგის შექცევას გამორიცხავს.

"ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სიკეთე მოგვგვარა თავისი საკადრო პოლიტიკით, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა მას ჰქონდა და აქვს. არ მგონია, რომ მომავალში, 2017 წლიდან ივანიშვილი საკადრო პოლიტიკაში ისე აქტიურად ჩაერიოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მას გულწრფელი სურვილი ჰქონდა, რომ 2013 წლიდან არ ჩარეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.

"მას ფორმალური თანამდებობა არ გააჩნდა, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" მისი არსებობა ყველასთვის თვალსაჩინო იყო და ამის გამო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ხშირად ისმოდა. იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა, მას ბევრი გამოწვევა ჰქონდა და ბუნებრივად მიმაჩნია მისი სურვილი, რომ მომავალი წლიდან განერიდოს იმ აქტივობასაც, რომელსაც მას ნებსით თუ უნებლიეთ მიაწერენ და როგორც რიგითმა მოქალაქემ, გაილაღოს," - ამბობს ცისკარიშვილი.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელიაგია ხუხაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ამ 4 წლის განმავლობაში საერთოდ ვერ განვითარდა, ისინი ივანიშვილის სახელს არიან ამოფარებული, "უკანა კარიდან" მიეჩვივნენ ხელისუფლებაში ყოფნას და შესაბამისად, დღეს სავალალო მდგომარეობაში არიან.

"ქართულ ოცნების" ელიტაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველოს ისტორია 2011 წელს დაიწყო. ზოგიერთისთვის 2013-ში, მაგალითად კვირიკაშვილისთვის, იმიტომ, რომ ის ჩვენთან ერთად საარჩევნო პროცესშიც არ ყოფილა.

"აქედან გამომდინარე, არა მარტო მოკლე ბიოგრაფიის, არამედ პირად მონაცემების გამო, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ ლიდერობამდე ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი და ბიძინა ივანიშვილის გარეშე არც ეს პარტია და არც რომელიმე ლიდერი არ არსებობს.

"დღესაც ისინი თინეიჯერულად უდგებიან საკითხს. არც ის იციან, ხელისუფლება რა არის, წარმოდგენა არ აქვთ ქვეყანა როგორ იმართება, არჩევნები როგორ მოიგონ - ესეც არ იციან. ისევ ის ინფანტილური იმედი აქვთ, რომ ივანიშვილი რაღაც ფოკუსებს ჩაატარებს და მათ კაბინეტებში დატოვებს.

"საქართველოში ეს კლასიკური შემთხვევაა, რადგანაც ჩვენთან ხშირია ოჯახები, 40 წლის "თინეიჯერი" შვილებით, როდესაც მამიკო აწყობს მათ სამსახურში და თუ სამსახურიდან გამოუშვებენ, ისევ მამიკოსთან მიდიან, რომ მათ დირექტორს დაელაპარაკოს. დაახლოებით ასეთი ტიპაჟია "ქართული ოცნება". ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციად ვერ შედგნენ.

"დღემდე დეპუტატების სიაც არ აქვთ ნორმალურად ფორმირებული. გადაწყვეტილება როგორ მიიღონ, არ იციან. ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ვერტიკალი არ არსებობს. ეს ყველაფერი ივანიშვილზეა მიბმული. ეს იცის უსუფაშვილმა და მას ისიც ესმის, რომ ივანიშვილი ვერსად ვერ წავა. არ წავა კი არა, მას ეს უნდა, რადგან პოლიტიკა მისთვის კომფორტული ზონა არ არის, მაგრამ ვერ წავა.

მას კიდევ დიდ ხანს მოუწევს ამ "თინეიჯერული" ფსიქოლოგიის პოლიტიკური ორგანიზაციის ზურგით თრევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ოჯახს ხომ არ დაანგრევს"?! ესეც ქართული ფენომენია - იცის, რომ შვილი მუქთახორაა, მაგრამ მისი შვილია და მისი სათრევია, ეს არის მისი ჯვარი. დაახლოებით ეს ვითარება გვაქვს," - ამბობს ხუხაშვილი.

რა მოხდება, თუ ივანიშვილი "ოცნებას" მიატოვებს

გია ხუხაშვილის თქმით, ხალხმაც იცის, რომ ივანიშვილის გარეშე პარტია არ არსებობს და თუკი ვინმე ხალხს დაარწმუნებს, რომ ივანიშვილი ნამდვილად მიდის, ეს "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან მათ ხმას არავინ მისცემს.

"ივანიშვილმა რომ თქვას, საერთოდ მივდივარ პოლიტიკიდანო, ერთი კაციც არ მეგულება, ვინც მხარს დაუჭერს, მაგალითად, გია ვოლსკის, ან ეკა ბესელიას, ან ვინმეს სხვას "ოცნებიდან" და რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ ივანიშვილის გარეშე ეს პარტია განწირულია?!

"ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიმართ კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი და პრეტენზიები გვქონდეს, მას ამ ქვეყანაში ფესვი აქვს გადგმული, მას სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ამისათვის კი მან საკმარისად კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. შესაბამისად, პოლიტიკა მისი პასუხისმგებლობაა და ის ამ პასუხისმგებლობას არ იხსნის.

"მიუხედავად იმისა, რომ მას ამ 4 წლის გამოყენება უკეთესად შეეძლო, ის ამ შუა გზაზე ამ ნახევარფაბრიკატს არ დატოვებს და არსად არ წავა. დღეს, ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. ბიძინა ივანიშვილი რეალურად რომ გავიდეს თამაშიდან, "ქართული ოცნება" მაქსიმუმ ერთ თვეში ჩამოიშლება. ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, ახალი პარტიული ელიტის ფორმირება მოეხდინა, იგივე "მოქალაქისა" და "2030-ის" პროექტებიც ამისათვის წამოიწყო, მაგრამ არ გაამართლა და ეგზოტიკური დუნდუას გარდა ვერავინ ვიხილეთ," - მიიჩნევს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×