ნინო ქეთელაური
16.08.2016

"ცენტრისტების" საარჩევნო კლიპს პოლიტიკურ წრეებსა და უშუალოდ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია "ცენტრისტები" ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიასა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავიდა, თუმცა საყოველთაო პროტესტის შემდეგ, მაუწყებელმა კლიპი საეთერო ბადიდან ამოიღო.

პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

"ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც, ცხადია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას", - აცხადებს ვოლსკი.

მმართველი პარტია ცესკოსგან "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადახედვას ითხოვს, "რუსპუბლიკელებმა" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებები "ცენტრისტების" წინააღმდეგ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველომ უნდა აიღოს რუსული ორიენტაცია, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები. ვთვლი, რომ რუსეთისკენ მიბრუნება საქართველოსთვის დამღუპველია და ყველა იმ პრინციპებზე უარის თქმას ნიშნავს, რისთვისაც ევროპისკენ მივისწრაფვით.

"თვითონ ამ მოწოდებებში დანაშაულებრივი ქმედება თუ არის, უნდა აიკრძალოს. თუ ეს მხოლოდ ამ ადამიანების პოზიციაა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ადამიანების მცდარი აზრი და მეტი არაფერი. შესაბამისად, კანონის მიხედვით უნდა მოხდეს რეაგირება."

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  "ქართველმა ერმა დღეს კი არა, 200-ზე მეტი წლის წინ გადაწყვიტა, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკისთვის ეთქვა უარი და ამ ოცნებას გადაჰყვა გონიერ ქართველთა თაობები. არაერთი აჯანყება და შეთქმულება იყო იმისთვის, რომ საქართველოს დაებრუნებინა სახელმწიფოებრიობა. ახლა ავად თუ კარგად, ეს ნატვრა ასრულებულია. მართალია, ახლა უკვე ამერიკა ცდილობს დაეპატრონოს საქართველოს და ფეხქვეშ გათელოს დამოუკიდებლობა, მაგრამ თუ ისევ რუსის უღელს დავიდგამთ კისერზე, ამით დიდი ცოდვას ჩავიდენთ 1832-ანი წლების ქართველების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, სოლომონ დოდაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ასევე, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფაშავაელას და სხვათა წინაშე. ჩავიდენთ დიდი ცოდვას 1924-წლის შეთქმულების მონაწილეთა წინაშე.

"ნუთუ ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს საქართველოს, რომ დაავიწყდა 1992-93 და 2008 წლის ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული დაპყრობითი ომები?! მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი ისტორიას ერთხელ და სამუდამოდ აქვს გაცემული. კი, ბატონო, რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობა, მაგრამ არა მის სატელიტად დარჩენა."

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "უნდა აიკრძალოს მაგ პარტიის გეგმაში რაღაც პუნქტები, რასაც კატეგორიულად არ ვეთნახმები. თუმცა, საინტერესო იქნება - გაუშვან რეგისტრაციაზე და ვნახოთ 0-ზე რამდენით ქვევით მიიღებენ "ცენტრისტები" და ზოგიერთი პარტიები - 0-ზე რამდენით ზევით."

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექორ-უბრანისტი): "სამართალმცოდნე არ ვარ, მაგრამ აიკრძალოს კი არა, მე ვფიქრობ, საქმეც უნდა აღიძრას მათ წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ძალიან დიდი დესტაბილიზაცია შემოაქვთ ამ არჩევნების წინ. მათი მხრიდან ასეთი გამოსვლა მგონია, რომ საგანგებოდაა მოწყობილი და უნდა აიკრძალოს. "საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×