თიკო ოსმანოვა
16.08.2016

 "ქართული ოცნება" მსახიობებს, მომღერლებს და სპორტსმენებს ვერც ამ არჩევნებზე შეელია. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ძირითადად ამ სფეროების წარმომადგენლები არიან. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. პოლიტოლოგები კი დედაქალაქშიც მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატები დედაქალაქის 21 ოლქში დაასახელა. რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" აქ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

დანარჩენი კანდიდატები არიან:

მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს.

ვაკეში, მე-2 ოლქში - რაგბის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე; მე-3 ოლქში - მომღერალი ზაზა ხუციშვილი.საბურთალოზე, მე-4 ოლქში - "ოცნების" საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე; მე-6 ოლქში - ყოფილიპოლიტ პატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი.

კრწანისში, მე-7 ოლქში - "ინდალ პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია.

ისანში, მე-8 ოლქში - მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; მე-9 ოლქში - მსახიობი დავით ჭიჭინაძე; მე-10 ოლქში - პოლიტოლოგი და საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი.

სამგორში, მე-11 ოლქში - ტელეშოუს "რა? სად? როდის?" წამყვანი გიორგი მოსიძე; მე-12 ოლქში - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში; მე-13 ოლქში - ძიუდოისტი შოთა ხაბარელი.

ჩუღურეთში, მე-14 ოლქში - "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი გია ვოლსკი.

დიდუბეში, მე-15 ოლქში - მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი; მე-16 ოლქში - ბიზნესმენი ილია წულაია.

ნაძალადევში, მე-17 ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს შსს-ყოფილი თანამშრომელი "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი სოფო კილაძე იყრის; მე-18 ოლქში - ფეხბრუთელი მიხეილ ყაველაშვილი; მე-19 ოლქში - ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია.

გლდანში, მე-20 ოლქში - ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; 21-ე ოლქში - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; 22-ე ოლქში - ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "ბრანდგის" დირექტორი ლევან კობერიძე.

"მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას", - განაცხადა პრემიერმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.

პოლიტოლოგები "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატურებზე მსჯელობისას აცხადებენ, რომ მმართველ პარტიაში კვლავ მრავლად არიან მსახიობები და სპორტსმენები. არადა ორიოდე თვის წინ "ოცნებაში" აცხადებდნენ, რომ კანდიდატთა არჩევისას მთავარი კრიტერიუმები ცოტა სხვანაირი იქნებოდა - დასავლური განათლება, გარკვეული კვალიფიკაცია სამართალსა და იურისპრუდენციაში და ა.შ.

"ერთი შეხდვით, ნორმალური კანდიდატები არიან. ძნელია საუბარი, ვის რა შანსი აქვს, თუმცა ჯერჯერობით რაღაც გამორჩეული და ოდიოზური სახები არ არიან. არ არიან ისეთი კანდიდატები, რომ ვთქვა - უეჭველი გაიმარჯვებენ-მეთქი. თუმცა ეს მათ კონკურენტებზეც არის დამოკიდებული. ვნახოთ, სხვა პარტიები ვის წარადგნენ.

"თბილისის უმეტეს რაიონში, 22-დან სადღაც 15 ოლქში მეორე ტური იქნება, 50%-იანი ბარიერი ძალიან მაღალია. ეს კანდიდატები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც 50%-ს პირველივე ტურში მიიღებენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.

ის, რომ არჩევნები 8 ოქტომებრს არ დასრულდება, ამას ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც ამბობს. მისი თქმით, რა პრინციპით შეარჩია "ოცნებამ" ეს კანდიდატები, უცნობია. მისივე განცხადებით, რა უნდოდა სახელისუფლებო პარტიას ისედაც გაუგებარი იყო და ახლა მთლად გაუგებარია.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე ჯგუფმა მაჟორიტარად წარადგინა თავის ნაცნობ-მეგობრები: მსახიობებმა - მსახიობები ფეხბურთელმა - ფეხბრუთელები და ა.შ.

"ამ ადამიანების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ. მაგრამ სად წავიდა ჰარვარდი, განათლება, პროგრესი და მომავალი - ეს ვერ გავიგე. "ქართული ოცნება" თვითონ აირია თავის საარჩევნო გზავნილში. რა უნდოდა "ქართულ ოცნებას" ჯერ ისედაც გაუგებარი იყო და ახლა მთლად გაუგებარი გახდა", - გვითხრა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კანდიდატების შანსებს, ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას უპირატესობა აქვს, თუმცა, მეორე ტური თითქმის ყველა ოლქში იქნება.

"კონკურენტუუნარიანი "ქართულ ოცნებაში" არავინ არის, არც არსებული პოლიტიკური ელიტა და არც ესენი. ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილს ხარჯზე. მარტივ ტესტს გეტყვით - ესენი საარჩევნო ბუკლეტებს რომ დაბეჭდავენ, პირველ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის სურათი იქნება.

"რაც შეეხება შანსებს, იმ ვითარებაში, როდესაც ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას და არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარეს შორის, ბუნებრვია, ამ შემთხვევაში უპირატესობა ხელისუფლებას აქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ 8 ოქტომბერს გამარჯვება იზეიმოს. ხელისუფლება პირველი ტურის მერე ვერ მიიღებს ფსიქოლოგიურ უპირატესობას, რასაც ჰქვია 8-ში ღამე გამარჯვების გამოცხადება.

"ამომრჩეველი როგორც კი მიხვდება, რომ ხელისუფლება სუსტია, მეორე ტურში როგორ მოიქცევა, კიდევ საკითხავია. ასე რომ, არჩევნები 8 ოქტომებრს არ მთავრდება, რეალური პრობლემები იქნება მეორე ტურებში. მე პირადად ვერ ვხედავ ვერცერთ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, რომ არჩევნები პირველივე ტურით მოიგოს", - გვითხრა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×