გვანცა ღვედაშვილი
17.08.2016

წინასაარჩევნო პერიოდში რუსული ძალების გააქტიურება უკვე თვალში საცემია საზოგადოებისთვის. ექსპერტების შეფასებით, ამ ძალების მიზანი პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტიის შეყვანა, მომავალში კი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათი გაერთიანებით ძლიერი კოალიციის შექმნაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვალას შეეცდება.

ექსპერტების თქმით, რადიკალური რიტორიკა, რითიც რუსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოირჩევიან, აგებულია იმაზე, რომ - "თითქოს არ მუშაობს მრავალპარტიულ დემოკრატიაზე დაფუძნებული პლურალიზმი და მუშაობს მხოლოდ ერთი ძლიერი მმართველის ხელი, რომ მათ აქვთ უფრო კარგი ალტერნატივა პუტინის სახით".

პრორუსული იდეოლოგიის პირდაპირი გამომჟღავნება ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც გორში სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველო" დაფუძნდა.

პარტიის ლიდერის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს არასწორი მოქცევის შედეგია და საქართველოს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება მოუწევს.

რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობასა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა საზოგადოებას ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის დაფუნებული პარტია "ცენტრისტები". თუმცა დღეისათვის, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილია.

შეძლებენ თუ არა პრორუსული ძალები მხარდაჭერის მოპოვებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ რომ არა. გარკვეული ელექტორატი მათ ეყოლებათ, რადგან ძალიან სერიოზულად მუშაობენ და დიდ ძალებს იყენებენ ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურები.

საქართველოში რა გამოლევს მოღალატეებსა და გარეწრებს, ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ის, რაც ამ დღეებში ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, "ოცნებაც" კი შეეცადა ამ კაკებეშნიკური ძალების დისტანცირება მოეხდინა, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდება.

მაინც მგონია, რომ ისინი ვერ მიაღწევენ იმას, რაც სურთ, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. ასე წაუყრუო, როგორც ვოლსკი ამბობს, რომ ეს არასერიოზული ძალაა, ასე არ შეიძლება, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს.

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): როცა ტერიტორიები ოკუპირებულია, არ მგონია შეძლონ მხარდაჭერის მოპოვება. მათ მიერ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულია, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს პრორუსული ძალა, არ მესმის. ეს რაღაც აბსურდია.

რაღაცას რომ გიბრუნებდეს რუსეთი, აი შენია აფხაზეთი და ოსეთიო, კიდევ მესმის, მაგრამ ახლა ეს აბსურდულად მეჩვენება.

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი):  საითაც ჩვენი სარწმუნოება მიდის, იქ წავა ერიც და ბერიც. ჩვენ, ჩვენი სარწმუნოებით ვცხოვრობთ. ჩვენი დევიზიც ხომ ეს არის "ენა, მამული, სარწმუნოება", ხომ ასე იძახიან?! საითაც ჩვენი სარწმუნოება წავა და ვისაც ის მიემხრობა და დაუჯერებს, იმას დაუჭერს მხარს საზოგადოებაც.

 

 

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): არ მგონია, არ ვფიქრობ, რომ მათ რამე სერიოზული წარმატების შანსი ჰქონდეთ ამ არჩევნებში. კონკრეტულად ვინ იგულისხმებიან, არ ვიცი, თუმცა, მათი წარმატებისა და მხარდაჭერის დაჯერება ნამდვილად საეჭვოა.

 

 

 

 მიხეილ ცაგარეიშვილი (ასტროლოგი): გარკვეული მხარდაჭერა გარკვეული პრორუსული ძალებისა დიდი ხანია საქართველოში არის. თუმცა, მე არ ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებსაც თქვენ მეკითხებით.

საუბარია, რუსულ კულტურაზე, ერთიანობასა და ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, მე ვიყავი.

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მასთან ურთიერთობის აღდგენა. ამას, გინდათ პრორუსულობა დაარქვით, გინდათ სხვა რამე, ეს თქვენი პრობლემაა.

იმაზე, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სასიკეთო ურთიერთობა რუსეთთან, ჯერ კიდევ კონდოლიზა რაისი ლაპარაკობდა, როცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყო. თუმცა, ამის შემდეგ საზოგადოება მოწამლულია ამ რუსეთით. ეს ისტერია კი სააკაშვილმა ჩადო ქვეყანაში, რომ რუსეთი ოკუპანტია.

მას რომ ერთი ხელის მოსმით შეეძლო საერთოდ აღეგავა საქართველო მიწისაგან პირისა და არა მხლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ მთელი ტერიტორია დაეკავებინა, ეს არავის ახსენდება.

აქედან გამომდინარე, ლაპარაკი მაქვს ჯანსაღ პრორუსულ პოლიტიკაზე, რომელიც აუცილებელია და არა იმ გაურკვეველ ძალებზე, რომლებიც ახლა ჩანან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×