"ხდება სერიოზული ძალების კონსოლიდაცია არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ - უკრაინის საზღვართანაც"
თიკო ოსმანოვა
17.08.2016

 წინასაარჩევნოდ რბილ ძალასთან ერთად რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კომპონენტსაც ააქტიურებს. ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კავკასიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსეთის მხრიდან რაღაცის სამზადისიც იყოს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.

სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები: "ისკანდერ-მ"-ი, თვითმავალი ჰაუბიცები "აკაცია" და "გვოზდიკა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "გრადი", "ტორნადო გ", "ურაგანი", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "შტურმ-ს"-ი და სხვა.

სწავლებაში მონაწილეობენ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" რუსეთი წვრთნებსა და სამხედრო სწავლებებს პერიოდულად ატარებს.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, ესეც მორიგი გეგმიური წვრთნებია, თუმცა იგი არ გამორიცხავს, ეს ასევე კავშირში იყოს გეოპოლიტიკურ პროცესებთან.

"ერთი მხრივ, ეს მანევრები არის გეგმური და ყოველ წელს ტარდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, 2008 წელსაც ასეთ წვრთნებს ატარებდნენ და რით დამთავრდა ეს ამბავი, ყველას გვახსოვს."ეს წვრთნები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს კავშირშია იმ პროცესებთან, რომლებსაც გეოპოლიტიკური პროცესები ჰქვია.

"გეოპოლიტიკური ცვლილების ფორმატში ვცხოვრობთ, ბევრი რამ იცვლება, ძველი კავშირები იმსხვრევა, თან ნელდება და ახალი კავშირები იქმნება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს წვრთნები ამასთან კავშირშია.

"წვრთნების გარდა ხდება სერიოზული ძალების კონსოლიდაცია არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ უკრაინის საზღვართან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას არეშიძე.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში თავის გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

 "როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, სამეზობლო ყოველთვის ეჭვით შეჰყურებს ამ ამბავს და ახლა ხდება ზუსტად ასეთი ვითარება. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, თავისი გავლენა გააძლიეროს შავი ზღვის აკვატორიაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუმინეთში ნატოს შესაბამისი სარაკეტო კომპლექსები განლაგდა. ამიტომ წვრთნა შეიძლება ასევე დამთავრდეს ან შეიძლება გარკვეული ექსცესით, კაცმა არ იცის რა მოხდება", - გვითხრა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, ექსცესებში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ გულისხმობს.

"საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ ვგულისხმობ, ამის საბაბი არ არის. რუსეთი სხვა მეთოდებით ცდილობს საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სიბრტყეში შემოჭრას და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ ვგულისხმობ.

"დღეს რუსეთს ძალის დემონსტრირება სჭირდება სამხრეთ კავკასიაში იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სირიაში. არ არის გამორიცხული, რომ ეს უკრაინის მოვლენებთანაც იყოს მიბმული. რუსეთი ცდილობს გაძლიეროს თავის გავლენა მთელ პერიმეტრზე, როგორც ჩრდილოეთით და სამხრეთით, ისე დასავლეთით. ერთადერთი მიმართულება აღმოსავლეთია (ჩინეთი), რომელიც უყურადღებოდ აქვს მიტოვებული", - განუცხადა "რეზონანსს" არეშიძემ.

"ევროპული დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაიაც "სამხრეთ ოსეთში" მიმდინარე წვრთნებს ბუნებრივად მიიჩნევს, თუმცა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

"პირველ რიგში, თქვენ თუ გადახედავთ ყველა არჩევნებს, რაც საქართველოში ტარდება, ნახავთ, რომ ყოველი არჩევნების წინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსები მასშტაბურ წვრთნებს იწყებენ.

"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა რუსეთი, როგორც პროვოკატორი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. აქედან გამომდინარე, აწი როგორ განვითარდება სიტუაცია, არ ვიცი. არჩევნების წინ ასეთი მანევრები, რა თქმა უნდა პრორუსული ძალების წისქვილზე ასხამს წყალს.

"ახლა ისინი გამოვლენ და იტყვიან აი ჩვენ თუ არ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას, თბილისსაც აიღებენ. ამიტომ ყოველი არჩევნების წინ რუსეთს ჰქონდა მცდელობა თავისი ძალები შეეყვანა პარლამენტში, რაც არ გამოსდიოდათ, თუმცა ამ არჩევნების წინ იდეალური მოედანი აქვთ შექმნილი და კარგადაც ფინანსდებიან.

"ასე რომ, ეს წვრთნები არის რაღაცის სამზადისი, თუმცა რისი, ამის პროგნოზი წინასწარ რთულია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დავითაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×