მოსაზრება
18.08.2016

"სრულებით დაუჯერებელია, რომ ქართულ მწერლობაში პეტრე ქართველის პიროვნების შესახებ თავიდანვე ასეთი დუმილი ყოფილიყოს გამეფებული". ივ. ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილის ეს სიტყვები აღებულია "ქართველი ერის ისტორიის" | ტომიდან (თბ. 1979, გვ. 351), რომლის ქ თავში - "საქართველოს კულტურა |/ქ|| ს.ს. ქრ. შ.", მთელ 120 გვერდზე გაანალიზებულია ის ვითარება, რომელშიც ჩაისახა ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა საქართველოში.

ამ თავის 33 ქვეთავის პირველსავე ქვეთავში ბ-ნი ივანე შესანიშნავად ხსნის იმ საერთო პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ ფონს, რომელშიც მიმდინარეობდა ეს პროცესი: "საქართველოს ისტორიის მთელი ეს ხანა... უმეტესწილად სპარსეთსა და ბიზანტიას შორის გამწვავებულ ბრძოლასა და ქიშპობაში დაილია... თვითეულს ჰსურდა საქართველოს ერთადერთ ბატონად გამხდარიყო.

ეს მედგარი მტრობა და სისხლის ღვრა მხოლოდ გარეშე შემოჭრილმა ძალამ, გამაჰმადიანებულმა არაბობამ მოსპო". თუ "ქართლის ცხოვრებასაც" გადავავლებთ თვალს, იგი ალბათ, ამ ჩვენებურ ძველ სიბრძნეს ამოგვათქმევინებს ყველას - ვაის გავექეცი და უის შევეყარეო: იმპერიების მეტი რა გვინახავს, ცხრა იმპერია მაინც გამოვიცვალეთ, მაგრამ არაბების 400-წლიანი ბატონობა მაინც ყველაზე სასტიკი გამოდგა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი მურვან ყრუ და თბილისის საამიროა...

პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, ეპოქის მკვლევარს, თუ უნდა რომ ჭეშმარიტებას ბოლომდე ჩასწვდეს, აუცილებლად სჭირდება რელიგიური და მასთან დაკავშირებული კულტურული და იდეოლოგიური მრავალფეროვნების გათვალისწინებაც.

ბ-ნი ივანე უამრავ მასალას გვაძლევს ამ მხრივაც: ერთმანეთში აირ-დაირია აღმოსავლეთის კერპთაყვანისმცემლობისა და მაზდიანობის, მათ გვერდით კი, ახლად დამკვიდრებული ქრისტიანობის ათასგვარი მიმდინარეობანი - ნესტორიანელობა, მანიქევლობა, მონოფიზიტობა, დიოფიზიტობა... აქ ნიმუშად შეიძლება დასახელდეს ლაშარისა და წმ. გიორგის კულტი...

ბ-ნი ივანე იმასაც აღნიშნავს, რომ კავკასიის მთიანეთში თვით დღემდეც კი არის შემორჩენილი ძველი და ახალი რელიგიური კულტების ასეთი შეჯვარება და შენაერთები... ეს ყველაფერი კი, საწყისს პეტრე იბერის ეპოქიდან იღებს.

ბ-ნი ივანე მისთვის დამახასიათებელი მეცნიერული კეთილსინდისიერებითა და პასუხისმგებლობით იკვლევს ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ასირიულ და სპარსულ წყაროებს, ადარებს მათ ერთმანეთთან სწორი დასკვნების გასაკეთებლად.

პეტრე იბერის მიმართებაში დასკვნა ერთი შეიძლება გაკეთდეს: "დაუჯერებელი დუმილი" რაზეც ლაპარაკობს ბ-ნი ივანე, აიხსნება იმით, რომ პეტრე იბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მასალები თავიდანვე ინტენსიურად განიცდიდა გაყალბებას.

ეს განსაკუთრებით ქ|| საუკუნის დასაწყისიდან ქართულ-სომხური ეკლესიების საბოლოო განხეთქილების შემდეგ, როცა სომხებმა და მათი მეშვეობით, ბერძნებმა, შემდეგ კი რუსებმაც პეტრე იბერის მონოფიზიტობა თვით ჩვენთვისაც, უცილობელ ჭეშმარიტებად აქციეს: ქართული ეკლესია სამწუხაროდ, ისე როგორც რუსთაველთან მიმართებაშიც, ამ რელიგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა...

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია იმ ეპოქის პოლიტიკური ქაოსი და მისგან გაპირობებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ძვრები, რომლებიც მაშინაც და მერეც მსოფლიოს პერიოდულად ატყდება ხოლმე თავს. პეტრე იბერის დრო - ჟამიც ასეთი დიდი გეოპოლიტიკური ძვრების ეპოქაა, "მზის აფეთქების" მსგავსად, "გეოპოლიტიკური აფეთქება", - შეიძლება ასეც ვუწოდოთ მას: ძველი რომი კვდება, მის ნანგრევებზე მის დაპყრობილ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე კი, ევროპა იბადება.

"მეორე რომიც" მშობიარობის პროცესშია - აქეთ, ჩვენკენ, ბალკანეთი - შავი ზღვისპირა - კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ბიზანტიის იმპერიას უყრის საფუძვლებს, მერე მაჰმადიანურ სამყაროსთან შეჯახებისას რომ დაიმსხვრა, კონსტანტინოპოლი კი სტამბოლად იქცა...

ახლა კი, "მესამე რომი" ჩაერთო ამ დიდი გლობალური "გეოპოლიტიკური აფეთქების" არეალში და საზეიმოდ გამოაცხადა: არავის არაფერი შეგეშალოთ, - ბიზანტიის ორთავიანი არწივის ერთადერთი მემკვიდრე მე ვარ!...

პეტრე იბერის "მწვალებლობასაც" ამ "მესამე რომმა" მართლაც რომ იმპერიული მასშტაბები და გაქანება მისცა: რას მიქვია ქართველებს ქ საუკუნეში ასეთი "მსოფლიო მეოხი და მშვიდობისმყოფელი" მოაზროვნე ჰყავდეთ - არც ერთ შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ "მწვალებლად" უნდა გამოცხადდეს და ამ საქმეში თვითონ ქართველებიც უნდა ჩავრთოთ: "წმინდანობა" კი არა, წყევლა-კრულვის ობიექტად უნდა ვაქციოთ პეტრე იბერი, სახელიც კი, უნდა ამოვძირკვოთ ქართველთა ხსოვნიდან...

ეს მით უმეტეს, როცა შესანიშნავი ნიადაგია ამისთვის: ქართულ-სომხური ეკლესიების განხეთქილებისას ქართველებს პეტრე იბერი "მონოფიზიტ-მწვალებლად" შეაჩეჩეს ეშმაკურად და თანაც იზრუნეს ამის "მამტკიცებელი დოკუმენტების" შექმნაზე... აი, თუ გნებავთ ქართული წყაროების "დაუჯერებელი დუმილის" საიდუმლოც და ამასთან, იმპერიული "გაყავი და იბატონეს პოლიტიკის" იარაღი და საშუალებაც...

ასე შეიქმნა ილიას "ქვათა ღაღადის" ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, "რუს და სომეხ ცრუ-მეცნიერთა ერთგვარი გუნდი" პეტრე იბერის საქმისა და სახელის სამუდამო დასამარებისთვის: "მონოფიზიტი მწვალებელი," - ეს კლიშე დადგინდა და დამკვიდრდა ყველა დონეზე ყქ||| საუკუნიდან დღემდე.

მტერთან თანამშრომლობის მოსურნეებს რა გამოლევს და კოლაბარაციონისტთა მთელი არმიაც შექმნეს ამ "ცრუ-მეცნიერთა ერთგვარმა გუნდმა". ნიკო მარიც გადაიბირეს (მერე ივ.ჯავახიშვილმა ესეც გაუხსენა თავის ყოფილ მასწავლებელს), და თქვენ წარმოიდგინეთ, "მწვალებლობასთან" ერთად, პეტრე "იბერი" ესპანელ "იბერად" გახადეს - ოღონდ ქართველი არ ყოფილიყო და სხვა რა ერისაც გინდათ (ის კი დაავიწყდათ, რომ კონსტანტინოპოლში პეტრე იბერი აღმოსავლეთიდან ჩავიდა და არა დასავლეთიდან!)...

ისევ ევროპელები მოგვეხმარნენ პეტრე იბერის რეაბილიტაციაში, თორემ დრო უძლეველი რამაა და თანდათანობით პეტრე იბერის სახელი ქართველობას თითქოს სამუდამოდ დაგვავიწყეს: 1895 წელს გერმანელმა მეცნიერმა რ.რააბემ გამოაქვეყნა საეტაპო ნაშრომი - "პეტრე იბერი: ქ საუკუნის საეკლესიო და ზნეობრივი ისტორიის სურათი".

ამას მოჰყვა არაერთი სერიოზული გამოკვლევა ამ მიმართულებით, მათგან ასევე საეტაპო გახდა ერნესტ ჰონიგმანის და შალვა ნუცუბიძის თეორია "არეოპაგიტიკის" პეტრე იბერის ავტორობაზე და კორნელია ჰორნის სადისერტაციო ნაშრომი - "თეოლოგიის მიღმა: პეტრე იბერი ქ საუკუნის პალესტინის ქრისტოლოგიურ დაპირისპირებაში"...

ერთი სიტყვით, ამ 70 წლის წინ წამოყენებულმა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიამ "არეოპაგიტიკის" შესახებ, პეტრე იბერზე ლიტერატურა და მეცნიერული კვლევა არნახულად გაზარდა. დავაკვირდეთ - რაბედან მოყოლებული დღევანდელი ჰორნის დისერტაციით დამთავრებული, ყველგან აქცენტი აღებულია პეტრე იბერის "ფილოსოფიურ და ზნეობრივ მემკვიდრეობაზე" და არა "მონოფიზიტობა-მწვალებლობაზე".

მეცნიერებაც და ჭეშმარიტების კვლევაც ესაა "ცრუ-მეცნიერებისაგან" განსხვავებით... "თეოლოგიის მიღმაც" სწორედ ამას ნიშნავს. ქართველები "უცხოთმოყვარენი" ვართ, ჩვენს ლექსიკაში სიტყვა - "საუცხოოც" ხომ, ამას გვეუბნება.

ილიას მთელი ფილოსოფია აქვს "უცხო ბაძის ამ მესამედასურ სენზე", ყ|ყ საუკუნიდან რომ განსაკუთრებით იმძლავრა ჩვენს ცხოვრებასა და ხასიათში - ოღონდაც უცხოელმა თქვას და მორჩა - გათავდა. აკი, სანამ უცხოელებმა არ გვითხრეს - პიკასოს რას დასდევთ, აი, ნიკო ფიროსმანი, თქვენი პიკასო ეგ არისო - მაშინღა დავიჯერეთ ამ ჩამოძენძილი მირზაანელის გენიოსობა...

რაბე, ჰონიგმანი, ჰორნი და სხვა მრავალნი გვეუბნებიან: მონოფიზიტობა - მწვალებლობა რას ამოგიჩემებიათ, "თეოლოგიის მიღმა მის ფილოსოფიურ და ზნეობრივ მემკვიდრეობას" მიხედეთ და უპატრონეთ - "მსოფლიო მეოხი და მშვიდობისმყოფელი" მონოფიზიტობით კი არა, მაგით არისო...

ღმერთმა ქნას, რომ ამ უცხოელთა ხმამ მაინც გამოგვაფხიზლოს და ამდენი წვალების შემდეგ "მწვალებელი პეტრე იბერი" დავუბრუნოთ ჩვენს ერს და ქვეყანას, როგორც "არეოპაგიტიკის" შემომქმედი... მეტსაც ვიტყვით - "არეოპაგიტიკა", ეს ყქ საუკუნის ხელოვნურად შემოღებული ცნება 500 წლის შემდეგ მაინც უნდა შეიცვალოს "იბერიკით", იმით, რაც მოვლენის ჭეშმარიტი ასახვაა და რასაც "ცრუ-მეცნიერთა" გარდა, დარწმუნებული ვართ, მსოფლიოს ყველა ნამდვილი მეცნიერი დაუჭერს მხარს, ოღონდ აქაც ჩვენ თვითონ უნდა დავდგეთ ჩვენს სიმაღლეზე...

პიკასო - ფიროსმანისა არ იყოს, სანამ ვიღაც უცხოელი გვეტყოდეს - ყურთბალიშზე ხომ არ გძინავთ დალოცვილებო, სანამდე უნდა ვიხმაროთ ეს "ფსევდო - დიონისე" და შუა საუკუნეების "არეოპაგიტიკის" ტერმინი, დრო დადგა, გამოვფხიზლდეთ და შევცვალოთ ეს ყოველივე მარტივითა და ნამდვილით - "იბერიკა"! იქნებ ღირდეს და დავფიქრდეთ ამაზე სპეციალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებაზე იუნესკოს ეგიდით?!...

ესეც ხომ ფაქტია, დოკუმენტურად დამტკიცებული: პალესტინაში მყოფს არასდროს გაუწყვეტია კავშირი იბერიასთან, გრანდიოზული საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობასაც იქიდან მოსული დახმარებით ახორციელებდა. ესეც ფაქტია - პალესტინა, ღაზასა და იორდანია-სირიაში შექმნა "ხოდაბუნური მეურნეობანი" აქაური ერისა და ბერისათვის სარჩო-საბადებლის გასაჩენად.

ამასაც გვიფიქსირებენ მისი ბიოგრაფები - არ ყოფილა შემთხვევა, რომ მასთან დახმარებისა და თანაგრძნობისთვის მისული, უკან გაებრუნებინოს, შორიდან ჩამოსული სტუმრებისთვის კი, - "ათ მაგიდას შლიდაო" ქართული სტუმართმოყვარეობით, ვინც გინდა ყოფილიყვნენ მონოფიზიტები, თუ დიოფიზიტები, მანიქაველები, თუ ნესტორიანელები...

რაც შეეხება "იბერიკის" ერთ-ერთ ყველაზე დიდ - "საერთო ნიადაგის" იდეას, ეს კვლევის ცალკე დიდი თემაა, რაზეც შეიძლება მოკლედ აქ ასე ითქვას: განუწყვეტელი იმპერიული ზეწოლების ქვეშ მყოფ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება "ერთნებაობა-თანადგომა და საერთო ნიადაგზე დგომა".

ამით შექმნეს 600 წლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა და მისმა "გუნდმა" ეს ჩვენი საამაყო "დიდებული ოქროვანი ხანა". მერე კი "ძნელბედობამ" ეს იდეაც და ეს "ოქროვანი ხანაც" მონატრებადღა დაგვიტოვა შთამომავლობას.

ილიამ და მისმა მიმდევრებმა - არჩილ ჯორჯაძემ, ვარლამ ჩერქეზიშვილმა, მიხაკო წერეთელმა... "საერთო ნიადაგის" იდეა თანამედროვე პოლიტიკურ თეორიად აქციეს თავისი შემადგენელი ორ ათეულზე მეტი სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ- ეკონომიკური და ზნეობრივი პრინციპებით. მათ შესაბამისი კვლევა და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის სამსახურში ჩაყენება უნდათ...

ყველა ბიოგრაფი ხომ ერთხმად აღნიშნავს - ხალხის ულევი ნაკადი არ წყდებოდა მასთან გამოსამშვიდობებლად, ყველას უნდოდა ხელით შეხებოდა მის ცხედარს, ამით ისინი თვით ქრისტეს ეზიარებოდნენ - პეტრე იბერს ხომ, უამრავი ხილვა ჰქონდა უფლის.

ესეც ფაქტია: გარდაცვალებისთანავე იგი სამმა ეკლესიამ - ქართულმა, ბერძნულმა, ასირიულმა, წმინდანად შერაცხა. ესეც ხომ უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო ეკლესიათა ისტორიაში. იქნებ, ამან მაინც, დაგვაფიქროს და დაგვანახვოს, თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე?!...

ახლა უპრიანია კვლავ დავსვათ კითხვა: ნუთუ პეტრე იბერის ეს საყოველთაო სიყვარული და აღიარება არის "მწვალებლობა"?! ნუთუ სამემკვიდრეოდ დატოვებული მისი იდეებიც და შრომებიც მწვალებლობაა?!... იქნებდა, მწვალებლობა სწორედ ისაა, ვისაც იგი მწვალებლად მიაჩნია და ამისთვის "ცრუ-მეცნიერის" მანტიით იმოსება წარსულშიც და ახლაც?...

დიახაც, რომ ასეა და ჩვენ - "ქართულ-კავკასიური კვლევების ინსტიტუტს" მიგვაჩნია, რომ პეტრე იბერის სრული რეაბილიტაცია ჩვენი არა მარტო მეცნიერული და ზნეობრივი, არამედ დიდი პატრიოტული ვალიცაა. ეს შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს საერთო ძალისხმევით მისი მემორიალის შექმნით. პეტრე იბერის "საერთო ნიადაგის" იდეაც ამით აღსრულდება.

ჩვენ გვაქვს მემორიალი - "პეტრე იბერის" გარკვეული წინასწარი გეგმა - მონახაზიც და მზად ვართ ვითანამშრომლოთ მის დასახვეწად ყველასთან, ვისაც ამ იდეის რეალიზაცია სურს. ეს ჯავახიშვილისეული "დუმილი" კი, მაინც დუმილად რჩება - პეტრე იბერის წმინდანობის და მისი ხსენების დღე მაინც ტაბუდადებულია დღესაც. ნუთუ ასე უნდა გაგრძელდეს კვლავაც...

საკითხავია, რატომ?

ელბერდ ბატიაშვილი (ისტორიკოსი, პოლიტოლოგი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×