თიკო ოსმანოვა
19.08.2016

 წინასაარჩევნოდ მორიგი საარჩევნო ბლოკი იქმნება - ამჯერად მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე 3 პარტიას შეურთდა. ახალ გაერთიანებას "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერქმევა. ბურჭულაძის თქმით, პოლიტიკურ წნეხს ახლა თანაბრად გადაინაწილებენ, ხოლო მათ, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, მომღერალი პარტიის რიგების დატოვებისკენ მოუწოდებს. პოლიტოლოგები კი მსოფლიო ბანის გადაწყვეტილებას იწონებენ და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე საუბრობენ.

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადამისი თქმით, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". მან, პლატფორმაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"გირჩის" ლიდერი და პოლიტიკური გაერთიანება "ახალი არჩევანის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სხვა პარტიებთან გაერთიანება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ხედვაში ემთხვევა მათი აზრი, თუმცა გაერთიანება ხდება კონკრეტული ხედვების წინააღმდეგ და არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ.

"ეს გაერთიანება ხდება კონკრეტული იდეის ირგვლივ, კითხვა იყო, თუ ვის წინააღმდეგ ერთიანდება, ეს არავის წინააღმდეგ გაერთიანება არ არის. ეს არის პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, რომ პოლიტიკური ძალების გაერთიანება ხდება არა ვიღაცის წინააღმდეგ, მაგალითად ან მიშას წინააღმდეგ, ან ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ხდება გაერთიანება კონკრეტული ხედვების წინააღმდეგ.

"ჩვენი პარტიების ხედვები ყველაფერში არ ემთხვევა. "გირჩი" არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველა ის პარტია, რომელთანაც ჩვენ გავერთიანდით. დასავლეთი ნიშნავს იმას, რომ ხედვებში არის მრავალფეროვნება, ამიტომ არის ყოველთვის პროდასავლური ძალების გაერთიანება რთული, იმიტომ რომ ხედვები არის განსხვავებული, ეს თავისთავად კარგია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ გაერთიანებას წინ უძღოდა პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" აქტივისტების მასობრივად წასვლა. ბურჭულაძის თანაგუნდელები თითქმის ყოველდღიურად ემიჯნებიან.

გუშინ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამაც დატოვა.

"ეს ის ხალხი და ის პოლიტიკური ორგანიზაციებია, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა და მათი განუყოფელი ნაწილი იყვნენ წლების განმავლობაში. სისტემა, რომელსაც ვებრძოდი, სისტემა, რომელმაც შეიწირა, ჩემი ახლობლები...

"ჩემთვის, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია, დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მითუმეტეს პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა! სამწუხაროდ, მსგავსი ალიანსი-გარიგება, რეალურად შედგა! (რაც, აბსოლიტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩემს, იდეოლგიურ-პოლიტიკურ, მორალურ, ზნეობრივ პრინციპებთან).

"ვაცხადებ, რომ ვტოვებ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს! მსგავს ორგნიზაციებთან ვერანაირად ვერ მოხერხდება ჩემი-მენტალური, ფასეულობითი თუ ფსიქოლოგიური თავსებადობა", - აცხადებს ზაზა ჭურღულია.

მისგან განსხვავებით კი, პაატა ბურჭულაძეს გადაწყვეტილებას იწონებენ პოლიტოლოგები. ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე საუბრობენ და სხვა ძალებსაც იგი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ეს გაერთიანება არის წმინდა პრაგმატული ხასიათის, რასაც მიესალმება.

"ნებისმიერი გაერთიანება, იმ პარტიებისა, რომლებიც იდგნენ 5%-იან ბარიერთან, რომელსაც აქვს შანსი გადალახოს ბარიერი, მაგრამ არ აქვს გარანტირებული, "განწირული იყვნენ, რომ გაეკეთებინათ ბლოკი. სხვაგვარად მათ ძალიან გაუჭირდებოდათ ამ ბარიერის დაძლევა.

"ეს გაერთიანება არის წმინდა პრაგმატული ხასიათის. ლაპარაკია პროდასავლურობაზე, მაგრამ ასე არ არის, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს", - უთხრა "რეზონანსს" ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ბურჭულაძის გაერთიანება. "გირჩთან", "ახალი საქართველოსთან" და "მემარჯვენებთან", მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"მათ თითქმის უკვე გარანტირებული აქვთ 15%-ის აღება. ბურჭულაძე და მისი გუნდი თავიდანვე საზოგადოების მხრიდან აღქმული იყო, როგორც ახლო მდგომი პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან", თუ მათი მეგობარი არა.

"ასე რომ, ამ გაერთიანებით მოულოდნელობა რამე ახალი არ ყოფილა. პრაგმატულად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა. ეს სასარგებლოა, მათთვის და ქვეყნისთვისაც. რაც უფრო მსხვილი იქნება გაერთიანებები, უფრო მეტია შანსი, ბარიერის გადალახვის, არა ორი, არამედ რამდენიმე პოლიტიკური პარტიების. ძლიერი იქნება მაჟორატარული კანდიდატები და უფრო კონკურენტული გარემო შეიქმნება.

"ეს არის მეორე ბლოკი, პირველია "პატრიოტთა ალიანსი" და დანარჩენებსაც თუ ეყოფა სიბრძნე, ძალიან კარგი იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.

ბურჭულაძის გადაწყვეტილებას იწონებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც. მისი თქმით, "გირჩი" და "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტია ერთ ამომრჩეველზე გადიოდა, რომელიც ხმების გაყოფას გამოიწვევდა.

"მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბევრი თვალსაზრისით "გირჩი" და ბურჭულაძე ერთ ამომრჩეველზე გადიოდა. ცალ-ცალკე მათი ყოფნა ხმებს გაყოფდა. ერთად ყოფნის შემთხვეაში კი ხმები ერთმანეთს დაემატება და უფრო მეტი შანსი აქვს ამ გაერთიანებას, რომ ბარიერს გაადაბიჯონ.

"შორს ვარ იმისგან, ვთქვა, რომ ბურჭულაძე "ნაციონალების" მოყვანილია, უბრალოდ, პოლიტიკური გემოვნება ერთნაირი აქვთ და ამდენად აღმოჩნდა იმ გუნდთან, რომელსაც იგივე გემოვნება აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე", როგორც პარტიაზე უარი თქვა "გირჩმა" და ვაშაძემ, ისინი მაინც "ნაციონალურ" პოლიტიკურ პლატფორმიდან აღმოცენებული პარტიები არიან და როგორც ჩანს, იგივე პლატფორმაზეა ბურჭულაძე", - გვითხრა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×