ნინო ქეთელაური
20.08.2016

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს. მან საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად სოფელ კორცხელში მოსახლეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრაზე თავად დაასახელა.

"მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს - ფერიცვალების დღეს, - განაცხადა რულოვსმა.

"მე მჯერა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრების. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის კურსი შევცვალოთ, რადგან ყველანაირად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ. უნდოდათ, ჩვენ ვაცადეთ, მოველოდით რაღაცას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ნამდვილად გვინდა, რომ კურსი ისევ შევცვალოთ, გავაგრძელოთ პროგრესი, წინსვლა საქართველოსი. ღირსეულ თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთებთ და 9 ოქტომბერს საქმეს შევუდგებით", - განაცხადა რულოვსმა, რომელმაც პირობა დადო, რომ "რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება".

რულოვსის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა მისთვის არ იყო ადვილი გადასაწყვეტი.

"ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, თუ რა გავაკეთო. არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში. ბევრმა მითხრა - არ გინდა პოლიტიკა, რადგან ეს არის ტალახის სროლა, დისკრედიტაცია, უბედურება და სიბინძურე. მეც ადამიანი ვარ, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ ქვეყანა ქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში და ჩვენ ეს გვინდა?

"ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა. ბევრმა კი მითხრა, რომ მე მაქვს სუფთა სინდისი, რომ შევიდე პოლიტიკაში. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მარტო არ ვარ, ასეთი ღირსეული კანდიდატები არიან ამ გუნდში", - აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.

როგორ შეაფასებთ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო - ასეა მაგათი საქმე. ცოლების ასეთ ამპუაში გამოყვანა არ მესმის. მითუმეტეს მაშინ, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე საერთოდ უარი თქვა და უკრაინაში უფრო დაბალ თანამდებობაზე სამუშაოდ წავიდა, ახლა კი ასე ცოლის იმედზე ყოფნა - არ მიმაჩნია სწორად."

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ნაციონალურ მოძრაობას" ალბათ, თავისი სვლა აქვს და ახლა უკვე ყველაფერი ამორჩეველზეა დამოკიდებული, მაგრამ რულოვსი ზუგდიდში რატომ უნდა დასახელდეს, ცოტა არ მესმის. როგორც ჩანს, ამ პარტიას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

"მის შანსს რაც შეეხება, ზოგადად შედეგები რთულად პროგნმოზირებადია. ძალიან ბევრი საარჩევნო სუბიექტია, ახლა კოალიციები შეიქმნა კიდევ და საკმაოდ უჩვეულო მოვლენებთან გვაქვს საქმე. არავინ იცის, საბოლოოდ რა საარჩევნო სურათი გვექნება."

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი):  "ნაციონალურ მოძრაობას", ისევე, როგორც ნებისმიერ პარტიას, აქვს უფლება, რომ ვინც უნდა ის დაასახელოს მაჟორიტარად. დანარჩენი, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს, საზოგადოების გადასაწყვეტია.

"მაგალითად, მე დღემდე არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის მივცემ ხმას და ალბათ, არჩევნების წინა დღეს გადაწყვეტ. ჯერ ერთი, ისეთი რაღაცები მესმის, არ ვიცი, ვისი უნდა მჯეროდეს; მეორეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არც მაქვს დრო, რომ ვიცოდე, ვინ რითი სუნთქავს და რა დაპირებებს იძლევა."

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "ვნახე მეგულად რომ უმღერა, მაგრამ მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, ამისთანა იაფფასიან ანკესზე წამოეგონ. ერთ დეტალს მივაქციე ყუარდღება, რომ "რუსთვი 2"-მაც კი კადრი ვერ გაშალა, იმდენად ცოტა ხალხი იყო.

"არ მგონია, რომ სანდრა რულოვსი აირჩიონ. წესით, საერთოდ გამოსაჩენი პირი არ აქვს მაგ ხალხს, მაგრამ სირცხვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ვერ ეგუებიან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×