საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნოდ პარტიიდან წევრების გადინებას არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ძირითად გუნდსა და მის პერსპექტივაზე გავლენას არ იქონიებს.
მისი თქმით, უკვე ყოფილი თანაგუნდელის, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ის იყო, რომ იგი მომავალ სიაში აღარ მოიაზრებოდა და გაშვებას წასვლა ამჯობინა და არა "ოცნებაში" "ნაციონალების" მომრავლება, რაც თავად ყეინიშვილმა მიზეზად დაასახელა.
შესაბამისად, ქანთარიას აზრით, თუკი ყეინიშვილს სხვებიც მიბაძავენ, მათი მოტივიც იგივე იქნება.
ნუკრი ქანთარია: ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია. ნანამაც გადაწყვიტა, დამოუკიდებლად სცადოს არჩევნებში ბედი. ეს ჩემთვის დიდი დანაკარგი და ტრაგედია არაა.
"მთელი კვირა": მის ბედს ბევრი გაიზიარებს?
ნ.ქ.: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მოქმედ გუნდზე ეს არ იმოქმედებს. იმ გუნდზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და კამპანიაშია ჩართული.
გარანტირებული ბუნებაში არაფერია, მაგრამ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ - "ქართულ ოცნებას", ალტერნატივა არ გვყავს და საკმაოდ მყარი უმრავლესობა გვეყოლება. თუ ამ პარტიიდან გასული რომელიმე წევრი საკუთარი პარტიით შემოვა პარლამენტში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
"მ.კ.": ყეინიშვილმა "ოცნებიდან" წასვლის მიზეზად პარტიაში ყოფილი "ნაციონალების" მომრავლება დაასახელა. როგორ ფიქრობთ, რეალური მიზეზი ესაა?
ნ.ქ.: მგონია, რომ ეს საბაბი უფროა. ალბათ იგი მომავალ საპარლამენტო ნაკრებში აღარ მოიაზრებოდა და აქედან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი, დანარჩენი კი საბაბია.
ნანა ყეინიშვილი საკმაოდ კარგად იყო იმ ოთხივე ადამიანთან, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს გამოეყვნენ. როცა ალასანიას გუნდმა "ოცნება" დატოვა და უმრავლესობის დაშლისა და სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დადგა, მაშინ სწორედ ამ ხალხმა ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, უმრავლესობას შემოუერთდა და ამ 4 წლის განმავლობაში მათგან არც ერთი ირიბი სხვლა არ გვახსოვს.
გარდა ამისა, მათ თავიანთ რაიონებში ძალიან მყარი ამომრჩეველი ჰყავთ. საქმეც გაკეთებული აქვთ და ამ წმინდა პრაგმატიზმიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ თავიანთ რაიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად ყოფილიყვნენ და არა სიაში. კითხვები, რა თქმა უნდა, შეიძლება მაინც გაჩნდეს, მაგრამ ფაქტობრივად ესაა ის, რის გამოც გადაწყდა, რომ მათ "ოცნების" ეგიდით არჩევნებში კვლავ ეყარათ კენჭი.
თანამშრომლობის 4 - წლიანი პრაქტიკა გვაქვს და სერიოზულ მომენტებში მათი მხრიდან არანაირი გადახვევა არ ყოფილა. გარდა ამისა, წარსულშიც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით მონაწილეობდნენ არჩევნებში და ამ პარტიას გარკვეულ თანხას სწირავდნენ, უფრო ხშირად ალბათ იძულებით. არჩევნების შემდეგ კი ყველამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ესაა და ეს.
"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი რამდენად გეთანხმებათ ამ ყველაფერში?
ნ.ქ.: თავად იმ რაიონებში მათ მხარდამჭერები ჰყავთ. კვლევებიც ჩავატარეთ და ეს კვლევებმაც აჩვენა.
"მ.კ.": ყეინიშვილის წასვლას დავუბრუნდეთ. გინდათ თქვათ, რომ მან უბრალოდ დაასწრო და სანამ გაუშვებდნენ, თავად წავიდა? მომავალ სიაში ალბათ ბევრი ვერ მოხვდება და სხვებიც ასე მოიქცევიან?
ნ.ქ.: შეიძლება ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები იყოს, შეიძლება ვინმეს "სათადარიგო აეროდრომი" ეგულება, საიდანაც გაფრენა შეეძლება, მაგრამ არ მგონია, ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს.
ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვთქვით და კვირიკაშვილმაც ისაუბრა იმაზე, რომ ყველა, ბუნებრივია, ვერ მოხვდება სიაში, მაგრამ თითოეულ მათგანს, თავისი დამსახურების მიხედვით, საქმე გამოუჩნდება.
ყოველ შემთხვევაში, არავინ გაირიყება და ყველას, ვისაც ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა ენდომება, ამის საშუალება მიეცემა. ეს ადრეც იყო გაცხადებული - ახალი სახეებიც იქნება და ძველებიც. ყველაფერს განახლება სჭირდება და ამაში ჩვენ თანხმობა გვქონდა. ახლა თუ ვინმემ გადაიფიქრა, ეს სხვა ამბავია.
"მ.კ.": როდის იქნება სია ცნობილი და რამდენად გველის სიურპრიზები?
ნ.ქ.: არ მგონია, მოულოდნელობები იყოს. საგურამოს შეხვედრაზე ნახეთ, რომ ახალი სახეები შემოგვიერთდნენ. ბუნებრივია, ისინი იმისათვის შემოგვიერთდნენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და იმუშაონ. სიაში ძველი გვარდიის ნაწილიც ასევე იქნება.
"მ.კ.": თქვენ მოიაზრებით ძველ გვარდიაში?
ნ.ქ.: ვნახოთ, ვნახოთ.ეს ყველაფერი პროცესშია. სიები ჯერ არ განგვიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ამბავს ყველამ ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ და იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა სჭირდება ჩვენს გუნდსა და ქვეყანას იმისათვის, რომ სიმშვიდე და სტაბილურობა შენარჩუნდეს და ამას სწრაფი განვითარებაც მოჰყვეს.
არსებული პოლიტიკური სპექტრი არავითარ საფუძველს არ იძლევა იმისას, რომ ჩვენ სერიოზული ალტერნატივა გვყავდეს. სიაშიც, ვფიქრობ, სათანადო ადგილი ექნებათ მათ, ვინც წინა პარლამენტში საამისოდ გარკვეული მეცადინეობები გაწიეს.
"მ.კ.": თუ სიაში ვერ მოხვდებით და სხვა საქმეს შემოგთავაზებენ, კმაყოფილი იქნებით?
მ.ქ.: არა, მე ჩემი საქმე ისედაც მქონდა და მაქვს კიდეც. მე პროცესში ვარ და მუდმივად ვიქნები. მუშაობას ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე იყო. პოლიტსაბჭოს ფორმატშიც და კამპანიაშიც ჩართული ვარ და ეს პროცესი გაგრძელდება.
უმთავრესი ისაა, რომ მყარი უმრავლესობით გავიდეთ და პარლამენტში ისეთი სიჭრელე არ მივიღოთ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. უმთავრესი ესაა, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ასე რომ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
"მ.კ.": მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამ ხმაური გამოიწვია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი ადრე "ნაცმოძრაობის" გუნდში იყო, არამედ სპორტსმენებისა და ხელოვანების სიმრავლის გამოც. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა პარტიამ მათი შერჩევისას?
ნ.ქ.: ისინი პოლიტსაბჭოს ფორმატში შეირჩნენ. პროცესი გამჭვირვალე იყო. ბევრი კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ჩემიც, მაგრამ მერე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ახლა ამის აუცილებლობა არ არის და ჩვენ ჯობია, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით ჩავერთოთ კამპანიაში, ვიდრე მაჟორიტარებად, რომლებიც კონკრეტულ უბანშია არიან ჩაკეტილი.
შედეგად, თბილისისათვისაც და რეგიონებისთვისაც ის ხალხი შევარჩიეთ, ვისაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ვინც თავისი წესიერებითაა ცნობილი.
ჩვენი ღირებულებები მათსას ემთხვევა. ბევრი მათგანი რეჟიმთან მებრძოლი იყო და შეუპოვრად იბრძოდა. ზოგი ფეხბურთელი იყო, ზოგი მუსიკოსი და ზოგიც რაგბისტი, მაგრამ ისინი ამავდროულად მებრძოლები და აქტიური მოქალაქეები იყვნენ.
მოგეხსენებათ, მაჟორიტარული სისტემა პირდაპირ წარმომადგენლობას ითვალისწინებს, ხალხი პირდაპირ ირჩევს მათ და ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენელი ხდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და არა მხოლოდ საკანონმდებლო. ამიტომ, სუფთა წარსულის მქონე ხალხი შევარჩიეთ, რომელსაც მოსახლეობა ენდობა.
"მ.კ.": თუმცა, სპორტსმენებისა და ხელოვანების მიმართ მოსახლეობა სკეპტიკურადაა ხოლმე განწყობილი...
ნ.ქ.: რატომ? ისინი მხოლოდ სპორტით არ იყვნენ დაკავებული. მაგალითად, ყაველაშვილი საკმაოდ ჩამოყალიბებული ხედვის მქონე პიროვნება გახლავთ. იგი ნებისმიერ საკითხზე ძალიან აქტიურად საუბრობდა ჯერ კიდევ 9-წლიანი რეჟიმის დროს. ასე რომ, ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშის გამო არ შეგვირჩევია.
იგივე შემიძლია ვთქვა კობიაშვილსა და ბიძინა გეგიძეზეც, რომელიც მართლაც დაუღალავი და თავგანწირული მებრძოლი იყო. თითოეულ მათგანს საკმაო ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ პარლამენტში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.
გარდა ამისა, ჩვენ ყველა სფეროს წარმომადგენელი გვჭირდება. იგივე ზაზა ხუციშვილი უწესიერესი კაცი და ძალიან აქტიური მოქალაქეა. ის ჩვენ ჟურნალისტის რანგშიც გვახსოვს, მუსიკოსის რანგშიც და ვფიქრობ ისინი გუნდს გაამრავალფეროვნებენ.
პარლამენტში მხოლოდ იურისტებისა და ეკონომისტების ადგილი არაა. მხოლოდ ისინი არ უნდა იყვნენ. თუმცა, მათი ადგილი განსაკუთრებული უნდა იყოს და ასეცაა. ჩვენთან საკმაოდ ბევრი იურისტი და ეკონომისტია. ასე რომ, ვფიქრობ, საინტერესო გუნდი იკვრება.
"მ.კ.": თქვით, რომ მაჟორიტარობის განდიდატად განიხილებოდით და რომელ ოლქში?
ნ.ქ.: არა მხოლოდ მე, სხვებიც განიხილებოდნენ. სხვადასხვა ოლქებზე იყო საუბარი, მაგრამ შემდეგ ერთობლივად გადაწყდა რომ აგვერჩია ის ხალხი, ვინც უკვე დავასახელეთ. ჩვენ კი საერთო კამპანიაში მივიღოთ მონაწილეობა. გუნდმა, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა ასე არჩიეს.