"ქართული ოცნების" მიერ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, სადაც განმარატვს, რომ საკუთარ ადგილს უფრო ახალგაზრდა, ენერგიულ კანდიდატს დაუთმობს, თავად კი ბიზნესს უბრუნდება.
ამასთან, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მმართველი პარტია ზოგიერთი სხვა უკვე ოფიციალურად წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჩანაცვლებასაც გეგმავს და ბუკიას შემთხვევა 8 ოქტომბრის არჩევნების წინ შესაძლოა, ერთადერთი არ იყოს. გოდერძი ბუკიას პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატურის მოხსნის შესახებ თანამშრომლებმა 2 საათით ადრე გაიგეს, თუმცა დანამდვილებით იციან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პარტია "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოხდა.
"ეს არ იყო მისი ცალსახა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო, მაგრამ პარტიასთან გააზრებულად და შეთანხმებულად მოხდა", - აცხადებენ პრესსამსახურში.
ბუკიას განმარტებები
გოდერძი ბუკია კი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ასე განმარტავს: "ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ", - წერს ბუკია და აღნიშნავს, რომ გაცილებით ენერგიული და შეზღუდვებისგან თავისუფალი, სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, შეეცდება ქართულ ეკონომიკას ემსახუროს.
"უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება", - აცხადებს ბუკია და დასძენს, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ მისი გადაწყვეტილება გაიზიარა და დაარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი არავისთვის ქმნიდა უხერხულობას.
ყოფილი "ნაციონალები" - "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები
აღსანიშნავია, რომ გოდერძი ბუკია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია და "ოცნების" მხრიდან მაჟორიტარად მის დასახელებას საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, ისევე როგორც შემდეგი კანდიდატების დასახელებას:
რომან მუჩიაშვილი - (საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი), წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ყოფილ მმართველ გუნდთან და მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო;
ირაკლი ხახუბია - (ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი) თანამშრომლობდა და აფინანსებდა "ნაციონალურ მოძრაობას";
გიორგი თოთლაძე - (ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი) "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, აგრეთვე წინა ხელისუფლების დროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე;
იოსებ მაკრახიძე - (გორის მაჟორიტარობის კანდიდატი) "ნაციონალური მოძრაობის" დანფინანსებელი, აქტიურად იყო ჩართული "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანიაშიც;
კახა ოქრიაშვილი - (დმანისისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი) "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა დმანისში "ნაციონალების" კვოტით;
ენზელ მკოიან - (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალების" კვოტით;
გენადი მარგველაშვილი - (ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი) აქტიურად თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან";
გოჩა ენუქიძე - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი) წლების მანძილზე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი, 2012 წელს კენჭს იყრიდა ამბროლაურის რაიონში "ნაციონალების" კვოტით.
გამონაკლისი შემთხვევა თუ ჩანაცვლებათა სერიის დასაწყისი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გუგული მაღრაძის თქმით, გოდერძი ბუკიას კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ინფორმაციას პირადად არ ფლობს და არც ის იცის, მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლა გაგრძელდება თუ არა.
"ეგ ყველაფერი საარჩევნო შტაბის დონეზე წყდება და ამ საქმეში ინტენსიურად არ ვარ ჩართული. მე პროგრამების შემუშავებაში ვარ, იქ, სადაც ჩემი ინტერესი დევს. ასეთ პრაქტიკულ საქმეში ნამდვილად არ ვმონაწილეობ", - ამბობს გუგული მაღრაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებს უშვებდეს, რადგან ამ ფაქტის გამო, არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.
"ამ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან იმ მიზეზით, რომ ყოფილი "ნაციონალების" "ოცნებაში" დეპორტირება ხდება, მმართველი ძალის მიმართ საკმაოდ დიდი კრიტიკა წამოვიდა. გარდა ამისა, როგორც წესი, ბიზნესმენები პარლამენტში მიდიან იმიტომ, რომ უფრო დაცულად იგრძნონ თავი, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის მიზეზი საკუთარი ბიზნესის ლობირება იყოს.
"თუ ბუკიას ექნება გარანტები, რომ ხელისუფლება მას რაიმე შარს არ მოსდებს, რა თქმა უნდა, პარლამენტში ყოფნა მისთვის ზედმეტი ტვირთია. ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ სულ მუდიამ კრიტიკა ისმის და ურჩევნია ბიზნესს მიხედოს, თუმცა, მას სჭირდება გარანტიები. როგორც ჩანს, ეს გარანტიები მიიღო", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც არც იმას გამორცხავს, რომ "ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების ჩანაცვლება განაგრძოს, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდს კონკურენტუნარიანი ახალი კანდიდატების მოძებნა გაუჭირდება.
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს, თუ, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შესაბამის კანდიდატებს იპოვის, რათა კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. მე ვფიქრობ, ბუკია თავის ოლქს მოიგებდა, რადგან ის რამდენჯერმე გახდა დეპუტატი. თუ "ქართული ოცნება" მოძებნის კონკურენტუნარიან კანდიდატს და "ნაციონალების" იმ ხალხს, ვინც ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ კი "ოცნებაში გადმოვიდა, ექნებათ გარანტია, რომ ბიზნესი აწარმოონ, ეს იქნება ორმხრივი შეთანხმება და მაჟორიტარების ჩანაცვლების პროცესი გაგრძელდება.
"თუმცა, მეეჭვება, რომ "ქართული ოცნება" კონკურენტუნარიანი კანდიდატის შერჩევას ყველა ოლქში შეძლებს. პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ვგულისხმობ პარტიების გამსხვილებას, კონკურენტული გარემოს შექმნას. საკმაოდ რთული იქნება ძლიერი მაჟორიტარი კანდიატების შერჩევა და მათზე ფსონის დადება", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ მისი განცხადება ძალიან წააგავდა მონანიებას. თუმცა, იმ აზრს, რომ ის ხელისუფლებამ გაუშვა, სკეპტიკურად უყურებს.
"მან გააანალიზა თავისი წარსული ბიოგრაფია და ამის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან წააგავდა მონანიებას, რაც მომეწონა და ადამიანურად მივესალმები მის ნაბიჯს. იმიტომ, რომ ამ ქვეყნაში უნდა დამთვარდეს "მიგრანტი" დეპუტატების კასტა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით მიგრირებენ, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.
"ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის გამოც ჩვენ მუდიმავად მანკიერ წრეში ვტრიალებთ. მით უმეტეს, პარტია, რომელიც სისხლიან 9 წელზე და დანაშაულებზე ლაპარაკობს, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან აფორმებდეს კონტრაქტს, რომლებმაც კენჭი იყარეს ცოცხების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით?!
"ეს ხელისუფლების მინუსია. თუმცა, მე მინდა დავიჯერო, რომ გოდერძი ბუკიას ეს საქციელი იყო მორალური პასუხისმგებლობის გრძნობით განპირობებული და ამის უკან არ იდგა სხვა მიზეზი. მაგალითად ის, რომ ახლა "ქართულმა ოცნებამ" იგრძნო, სამეგრელოში რომ სერიოზული პრობლემები აქვს და ცდილობს გადაახალისოს, გააძლიეროს სამეგრელოს ფრთა. მაგრამ რით უნდა გააძლიეროს, სიმართლე გითხრათ, ესეც არ ვიცი.
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი დეპუტატების სია მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ ნახულობენ ისეთ ავტორიტეტებს, რომლებსაც მაღალი შასნები აქვთ და ვინც ბიძინა ივანიშვილის რესურსების გარეშე რამეს წარმოადგენს", - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ "ოცნებას" ყოფილი "ნაციონალი" მაჟორიტარების ჩასანაცვლებლად არც დროა აქვს და არც შესაბამისი კანდიდატები ჰყავს.
"დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი და მე არ მგონია, რომ მათ ძალიანაც რომ უნდოდეთ, სისტემურად რამეს შეცვლა მოახერხონ. მათ არჩევანი აქვთ ძალიან მწირი და არ მგონია, რომ პარტიული რიგების მთლიანი წმენდა შეძლონ. მით უმეტეს, რომ პრობლემა მარტო პარტიაში არ არის, პრობლემაა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საჯარო სექტორში, ეს ბაცილა ყველგან ჩანერგილია.
"აქედან გამომიდნარე, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ყოფილი "ნაციონალების" შეცვლა გაგრძელდება. მე უფრო მგონია, რომ ეს ლოკალური პრობლემაა და ამ პროცესს "ქართული ოცენება" არ განავითრებს", - ამბობს გია ხუხაშვილი.