"შემოდგომის ბოლოს ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდება"
ელზა წიკლაური
23.08.2016

 ეროვნული ვალუტა, შესაძლოა, შემოდგომით ისევ გაუფასურდეს. ანალიტიკოსების პროგნოზით, დღეს ლარის გაძლიერებას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება და ზამთრის დასაწყისში ის კვლავ დაეცემა. გამორიცხული არ არის, რომ იმ პერიოდისთვის ერთი დოლარის ღირებულებამ 2,4-ის ნიშნულსაც კი გადააჭარბოს. ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ ეკონომიკის სამინისტროში, სადაც წლის ბოლოსთვის ლარის კურსის 2,2-2,25-ის ნიშნულზე დაბალანსებას ელიან. სებ-ი კი ეროვნული ვალუტის კურსზე კომენტარს ისევ არ აკეთებს, სამაგიეროდ, მისი ნახტომისებურ გამყარებას ბაზრიდან დოლარის ამოღებით აჩერებს.

ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მყარდება. "ბლუმბერგის" პლათფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 2,35-იდან უკვე 2,27-ის ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც სებ-ის ოფიციალურ კურსზეც აისახა. დღეს ერთი დოლარი 2,2788 ლარი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ასე მყარდებოდა ეროვნული ვალუტა 10 მარტიდან 13 ივნისის ჩათვლით. მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2,4509 ლარი ღირდა, 13 ივნისს კი კურსი 2,1274 ლარზე დასტაბილურდა. იმ დროს მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ ეროვნული ვალუტა გაძლიერებულ პოზიციას შეინარჩუნებდა და თუ კიდევ არ გამყარდებოდა, იგივე ნიშნულზე მაინც დარჩებოდა. თუმცა 13 ივნისიდან ლარმა შესუსტება დაიწყო და უკვე 2 აგვისტოს კურსი 2,3492-ის ნიშნულამდე დაეცა, რაც ერთის მხრივ, სებ-ის მიერ სავალუტო ინტერვენციებით იყო გამოწვეული. 17 მარტიდან 9 ივნისის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 248 350 000 დოლარი "გამოაცალა".

ლარი ახლაც მყარდება, 14 ივლისიდან 13 აგვისტომდე ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი მუდმივად 2,35-2,34-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს "ბლუმბერგის" პლათფორმაზე, რაც თავის მხრივ, შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე აისახება. 13 აგვისტოდან ერთი დოლარის ღირებულება 2,34-ის ნიშნულს ჩამოსცდა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო პოზიციების გამყარება. დღეს ერთი დოლარი უკვე 2,2788 ლარი ღირს. სპეციალისტების თქმით, რომ არა გუშინდელი სავალუტო ინტერვენცია, რის შედეგადაც სებ-მა ბაზრიდან 20 მლნ დოლარი ამოიღო, შესაძლოა, ლარს პოზიციები კიდევ უფრო გაემყარებინა.

მანამდე კი ლარის გაძლიერებაზე კომენტარი გააკეთეს მთავრობაში. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ მომავალშიც "ეროვნული ვალუტა შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას". საშუალოვადიან პერიოდში ლარის პოზიციების გაძლიერებაზე საუბრობენ ეკონომიკის სამინისტროშიც, მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას თქმით, წლის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,20-2,25-ის ნიშნულზე დაბალანსდება.

სებ-ი კი როგორც ყოველთვის, ეროვნული ვალუტის კურსზე კომენტარს არ აკეთებს. ეროვნულ ბანკში არც იმაზე საუბრობენ, თუ რატომ გახდა აუცილებელი გუშინ სავალუტო ინტერვენციის შედეგად ბაზრიდან 20 მლნ დოლარის ამოღება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სებ-ი ლარის გამყარებას კვლავ ხელოვნურად აფერხებს, ისევე როგორც, ამას 3 თვის წინ აკეთებდა, როდესაც ლარის გამყარების პარალელურად, ბაზარიდან ლამის ყოველდღიურად იღებდა დოლარს. მთლიანად 3 თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონების შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 248 350 000 დოლარი "გამოაცალა", რაც ლარის შემდეგომი, თანაც, ნახტომისებური გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გახდა, ყოველ შემთხვევაში, სებ-ის ამ ინტერვენციას სწორედ ასე აფასებდნენ სპეციალისტები.

თუ ლარმა გააგრძელა გამყარება, თუნდაც ნელი ტემპით, არჩევნებისთვის ის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციას. თანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ კომერციული ბანკები, რომლებსაც ვალების მომსახურების პერიოდი მესამე კვარტლის ბოლოს, სექტემბერში წინასაარჩევნოდ უწევთ, დოლარს ახლა, ზაფხულში ყიდულობენ. ამავე ინფორმაციით, ასეთი გრაფიკი მათ ხელისუფლებასთან ერთად შეადგინეს.

თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზით ლარის კურსის გამყარების ეფექტი მხოლოდ მოკლევადიანი იქნება და არჩევნების შემდეგ, მისი პოზიციები ისევ შესუსტდება.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა დღეს ლარის გამყარებას ეროვნულ ვალუტის მოთხოვნთი ხსნის და ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდება.

"დღეს ეროვნული ვალუტა მყარდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიებისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით ლარს ხარჯავენ. ამის გამო ლარზე მოთხოვნა არის გაზრდილი და კურსიც მყარდება. მაგრამ, როგორც კი არჩევნები ჩაივლის და ლარზე მოთხოვნაც ისევ ჩვეულ რიტმში ჩაჯდება, კურსი ისევ დაეცემა. ვარაუდობ, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ, შემოდგომის ბოლოს ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდება", - განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ელიავამ.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს, ელივას თქმით, ლარის გამყარებას ეს ხელს არ უწყობს: "ტურისტებიდან შემოსავალი მაშინაც მაღალი იყო, როცა ერთი დოლარი 2,3488 ლარი ღირდა", - დასძინა ელიავამ.

ეროვნული ვალუტის გამყარებას მოკლევადიანს უწოდებს პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელიც. მისი პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ არჩევნების შემდგომ, უფრო კონკრეტულად კი ზამთრის დასაწყისში ეროვნული ვალუტა

"ზაფხულში ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო და უნდა დარჩენილიყო იმ ნიშნულზე, რაც იყო, ანუ 2,18-2,27-ის კორიდორში. მაგრამ გაუფასურდა ლარი და ეს იყო გასაკვირი. ახლა, როცა ლარი მყარდება, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება პროგნოზებს, თითქმის ყველა ანალიტიკოსი თვლის, რომ ლარი მომავალში გაუფასურდება და თანაც, ამბობენ, რომ დღეს რეალური კურსი უნდა იყოს 2,4-2,5-ის ფარგლებში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც უფრო დეტალურად ერკვევა ეროვნული ვალუტის კურსში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ლარმა ისევ დაიწყოს ვარდნა და შემდეგ, უფრო დეკემბრისთვის, როდესაც საგარეო ვალის გასტუმრების პერიოდი მოვა, კიდევ მოხდეს მცირედით ლარის კურსის დაცემა", - დასძინა კორინთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×