თაკო მათეშვილი
23.08.2016

 "ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანმა ონლაინ-ჟურნალმა პანკისელი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) ანდერძი გამოაქვეყნა. სპეციალისტთა უმრავლესობა მის ავთენტურობაში დარწმუნებული არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ თუკი ეს ტექსტი, სადაც კავკასიაცაა ნახსენები, მართლაც ბათირაშვილმა დაწერა, საქართველოსთვის რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.

"ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალის "დარ ალ ისლამის" მიერ გამოქვეყნებული ანდერძის თანახმად, თარხან ბათირაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა და იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებისდაგვარად განხორციელდება.

"ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია.

"პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მოჯაჰედს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ, მაპატიოთ, თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ, ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.

"მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.

"მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარებს.

"მეოთხე რეკომენდაცია: უარყავით ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, განიკითხებით ყველა იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.

"მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს - ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა.

"და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია", - ნათქვამია ანდერძში.

პირველი კითხვა, რაც წერილთან დაკავშირებით გაჩნდა, ის იყო, თუ რამდენად სანდოა იგი და ნამდვილად ბათირაშვილის დაწერილია თუ არა. კავკასიოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამაში დარწმუნებულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, რადგან არავინ იცის, რეალურად ვინ დაწერა ეს ტექსტი. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ პანკისელებს, ვინც ბათირაშვილს პირადად იცნობდა, ამაში ეჭვი არ ეპარებათ.

ზოგადად, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტ ლიდერებს შორის ამგვარი ანდერძების დატოვების ტრადიციაც არსებობს, იმაშიც ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ წერილი ნამდვილად ანდერძად იყო ჩაფიქრებული. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ეს უბრალოდ ბათირაშვილის გზავნილი იყო თანამებრძოლებისათვის.

გამოქვეყნებულ ტექსტში განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ბოლო წინადადება. საზოგადოების ნაწილმა კავკასიის არდავიწყებისაკენ მოწოდება ღია მუქარად აღიქვა და მიიჩნია, რომ ბათირაშვილმა "ისლამურ სახელმწიფოს" რეგიონში გააქტიურებისაკენ მოუწოდა

ამ მოსაზრებას მამუკა არეშიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამგვარი შიშის საფუძველი არ არსებობს.

"ბოლო პუნქტის გარდა მთელ ტექსტში საუბარი იმაზეა, რაც ისლამისტების ცხოვრების წესია ჯიჰადი, ჰიჯრა. რწმენის განმტკიცება და სარწმუნოებისათვის ბრძოლა ამ ორგანიზაციის წევრებისათვის ისედაც აუცილებელია. ასე რომ, მთელ ტექსტში განსაკუთრებული არაფერია.

"რაც შეეხება მეექვსე პუნქტს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი დამოკიდებულებაა რეგიონის მიმართ. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მას უყვარდა კავკასია და თავისი ქვეყანა - საქართველო. თავისებური და ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდა. ამაზე პირადად მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მისი ყოფილი თანამებრძოლები ქართული არმიიდან ამას ყოველთვის ხაზს უსვამდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მოწოდება ბრძანების კილოთია დაწერილი, ეს ალბათ, უბრალოდ, მიმართვაა და სხვა არაფერი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებულ ხიფათს შეიცავს. ჩვეულებრივი ტექსტუალური ფორმაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მაჰმადიანის მიერ შედგენილ წერილებში ბოლოში ასეთი მიმართვა ხშირადაა. ასე რომ, ეს ნაწილი მაინცადამაინც საფრთხის შემცველად არ უნდა აღვიქვათ," - აცხადებს არეშიძე.

პანკისის უხუცესთან საბჭოს ხელმძღვანელი ხასან ხანგოშვილი წერილის ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს. თუმცა, მისი აზრით, თუკი ეს ტექსტი მართლაც ბათირაშვილის დაწერილია, იგი შესაძლოა ჩრდილო კავკასიას, ან კონკრეტულად ჩეჩნეთს გულისხმობდა - რათა მათ არ დაივიწყონ, თუ რა მოხდა იქ და შურისძიებსიათვის ყველთვის მზად იყვნენ. ასე რომ, მისი აზრით, ამ ნათქვამში საშიში არაფერია.

"გამორიცხულია მას კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურება და მითუმეტეს ტერაქტები ეგულისხმა. ასეთი მოწოდება ბათირაშვილის ან სხვა კავკასიელი მებრძოლების მხრიდან არასოდეს ყოფილა, იმ აჭარლების გამოხდომას თუ არ ჩავთვლით. ბათირაშვილი ასეთ რამეს არც ერთ შემთხვევაში არ იგულისხმებდა.

"მის წერილს სიღმრისეულად თუ გავაანალიზებთ, მას ახალი არაფერი უთქვამს, რაც ჯიჰადში ისედაც არ დევს. ყურანში განმარტებულია, რომ მთავარი ჯიჰადი სულიერი განწმენდა და საკუთარ თავთან ბრძოლაა. მისი მოწოდებები ამასაც გულისხმობს, რაც ისედაც ცხადია. ასე რომ, მის წერილში რადიკალური და შემაშფოთებელი არაფერია," - განგვიცხადა ხასან ხანგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანი) დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არერთხელ გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ფაქტი მიმდინარე წლის ივლისში დადასტურდა.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×