გვანცა ღვედაშვილი
23.08.2016

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე "ჯი-დი-ეს"-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.

გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანის, მიშა ფეიქრიშვილის თქმით, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა. ეს იქნება, "ჯი-დი-ეს"-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კი კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

"საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება", - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

ამას გარდა, გუშინ ისიც გაირკვა, რომ, დაპირებისამებრ, სექტემბრიდან ივანიშვილი ასევე აქტიურად ჩაერთვება "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა რა ფორმით, - ეს დაზუსტებული არ არის.

გაზრდის თუ არა "ოცნების" რეიტინგს წინასაარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის ჩართვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ივანიშვილს ოპოზიციისთვის გაეკეთებინა. მისი გამოჩენა შეამცირებს "ქართული ოცნების" რეიტინგს. რამდენჯერაც გამოჩნდა და დაჯდა ტელეეთერში, ისეთი რაღაც ილაპარაკა, რაც პარტიის რეიტინგზე უარყოფითად აისახა.

"ამ შემთხვევაშიც არ მგონია, ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდეს. პირიქით, ეს ბიძინა ივანიშვილის სახეს კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას წაადგება."

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის ნაწილში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მათ შორის იმ ადამიანებშიც, რომლებსაც "ოცნების" მოსვლამ იმედები ბოლომდე არ გაუმართლა. ეს ავტორიტეტი მას პიროვნულად აქვს, რადგან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ მაინც პოზიტიურ პიროვნებად მიაჩნიათ. შესაბამისად, მგონია, რომ ივანიშვილის გააქტიურება "ქართული ოცნების" რეიტინგზე პოზიტიურად იმოქმედებს."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "რა თქმა უნდა, გაზრდის, რადგან ეს წინასწარ გათვლილია. სხვა შემთხვევაში ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ეს არის ერთგვარი ფორმა იმისა, რომ ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" დაეხმაროს და ამით პარტიის რეიტინგი აწიოს."

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  "მასმედიასთან ნებისმიერი კონტაქტი პოზიტიური მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღიაა საზოგადოებასთან. თუმცა მე არ მაქვს იმედი, რომ შეკვეთილი პოლიტიკური და პარტიული კითხვების გარდა, დასმული იქნება ის შეკითხვები, რაც ხალხს აწუხებს.

"ძალიან ბევრია ისეთი პრობლემა, რაც საერთოდ არ შედის ჟურნალისტების ინტერესში. ამიტომ არ მაქვს იმედი, რომ ისინი საჭირო კითხვებს დასვამენ. სამწუხაროდ, ვიწრო პოლიტიკური პროცესების გარდა, ჩვენი ჟურნალისტიკა ხალხის ინტერესებს არ პასუხობს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×