ნინო ქეთელაური
24.08.2016

ტერორისტული აქტის დაგეგმვის მცდელობაზე სუს-მა 7-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის აფეთქებას გეგმავდა. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების მიწისქვეშა სამალავიდან ამოღებას ცდილობდნენ.

გამოძიებამ ნივთმტკიცებად, გარდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნოვთიერებებისა, სამოქმედო რუკაც ამოიღო.

დაკავებულებიდან მხოლოდ ბექა ბექაური აღიარებს დანაშაულს, რომელიც აცხადებს, რომ ის საოკუპაციო საზღვართან აპირებდა ტერორისტული აქტის მოწყობას და ამის მოტივად, რუსეთისადმი სიძულვილს ასახელებს. ორგანიზატორად მხოლოდ თავის თავს მიიჩნევს და ამბობს, რომ დანარჩენი პირები მასთან კავშირის გამო დააკავეს.

ბექა ბექაურის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული 3 პირის მიმართ გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან, თუმცა საქმეში რამე უცხოურ ან ისლამურ დაჯგუფებაზე საუბარი არ არის. აღნიშნული პირები ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.

ქართველი ექსპერტები ტერორისტული აქტის მცდელობას პოლიტიკას უკავშირებენ და ამბობენ, რომ თუნდაც ის ფაქტი, საქმეს კონტრდაზვერვა რომ იძიებს და არა ანტიტერორისტული დეპარტამენტი, პოლიტიკურ შპიონაჟსა და დივერსიის მცდელობაზე მიუთითებს.

ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში კი განმარტავენ, რომ ტერორისტული აქტი, ნებისმიერ შემთხვევაში, დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული და სიტუაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონალურ დონეზე დაძაბავდა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობა ვის ინტერესში შეიძლება იყოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "სანამ გამოძიება არ დასრულდება, ისიც არ ვიცით, არის თუ არა ეს ნამდვილად ტერორისტული აქტი. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. საქართველო არ არის მზად ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისთვის.

მართალია, ჩვენ თურქეთის მეზობელი სახელმწიფო ვართ, მაგრამ არც ისე აქტიურად ვართ მსოფლიო პოლიტიკაში ჩაბმული. შესაბამისად, ანგარიშგასაწევ ძალას მსოფლიო პოლიტიკაში არ წარმოვადგენთ და ტერორისტების სამიზნე, ჩემი აზრით, ვერ ვიქნებით."

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "გამოძიება სანამ არ იტყვის სინამდვილეში რა მოხდა, ვარაუდის დონეზე რთული სათქმელია. ათასი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უმჯობესია ყველანი გამოძიების დასრულებას დაველოდოთ."

 

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათადამცველი): "საქართველოში დესტაბილიზაციით და არეულობით თუ ვინმე შეიძლება რომ დაინტერესებული იყოს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტიები, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან.

ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ გადარჩნენ და იტივტივონ ზედაპირზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის ტერაქტზეც, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ."

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ეს აწყობდა ყველას, ვისაც არ უნდა სიმშვიდე, ვისაც უნდა, რომ თქვას - აი, მე ხომ ვამბობდი, მე არ გავაკეთებდი ამას, ამათმა გააკეთეს. ვგულისხმობ, ქვეყნის შიგნით "ახლო მეგობრებსაც" და ქვეყნის გარეთ "შორეულ მეზობლებსაც"."

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "დღესდღეობით თუ ვინმე ამით არის დაინტერესებული, ეს არის ის ძალა, რომელსაც არ წყობს არსებული ხელისუფლება და უნდა, რომ გარკვეული ძალადობრივი გზებით დანერგოს პანიკა, შიში, უნდობლობა მთავრობის მიმართა და ამ არეულობით ისარგებლოს.

მე კონკრეტულად ვერ დავადებ რომელიმე პარტიას ხელს, თუმცა ფაქტია, ეს ის ძალებია, ვისაც აქვს სურვილი, რომ არეულობის ფონზე თავად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. თუ ტერორიზმს უფრო მასშტაბურად განვიხილავთ და ისლამურ ტერორიზმზე ვისაუბრებთ, მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, საქართევლო არაფერს წარმოადგენს მსოფლიო რეიტინგული კუთხით. აქ რამე რომ ააფეთქონ, მსოფლიოს ნაკლებად აინტერესებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×