რუსული არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება საქართველოს ირგვლივ
ვახტანგ შამუგია
25.08.2016

 რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება საქართველოს საზღვართან ახლოს დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს.

სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.

მასში ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა დანიშნულების 10-მდე ხომალდი, 50-მდე საბრძოლო შვეულმფრენი და თვითმფრინავი, სხვადასხვა კალიბრის 300-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და რაც მთავარია, "ისკანდერ-მ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კმ-ს აღწევს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს საზღვრებთან რუსული არმიის ნებისმიერ მანევრს ქართული საზოგადოება შეშფოთებით ხვდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს აგრესიაც სწორედ მსგავსი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული და უწყინარი, თუმცა ფართომასშტაბიანი სწავლებით, "კავკასია 2008"-თი დაიწყო.

მაშინ, 58-ე არმიის სამხედრო დანაყოფები, წვრთნის დასრულების შემდგომ დისლოკაციის ადგილებს აღარ დაბრუნებიან. ისინი როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონისაკენ დაიძრნენ...

რას ისახავს ეს წვრთნები მიზნად და რამდენად სახიფათოა ის თბილისისათვის? ანალიტიკოს გიორგი კასრაძის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკიდან გამომდინარე, ამისი საფრთხე მინიმალურია.

"მსგავსი სწავლებები როგორც წესი, გეგმურია და მასში შემაშფოთებელი არაფერია. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, თავის ტერიტორიაზე მსგავსი მანევრები განახორციელოს. თუმცა როდესაც საუბარია რუსეთის ფედერაციისნაირ არაპროგნოზირებად ქვეყანაზე, მშვიდად ვერ ვიქნებით. ამ სწავლებებს საზღვრისპირა თუ ოკუპირებულ რეგიონებში ის ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებად იყენებს.

"ამ და სხვა მსგავს მანევრებს უფრო ძალის დემონსტრირებისა და კუნთების თამაშის როლი აკისრია, განსაკუთრებით ისეთი ურჩი მეზობლების დასანახად, როგორებიც უკრაინა და საქარელო არიან", - ამბობს კასრაძე "რეზონანსთან" საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში დისლოცირებული რუსული სამხედრო დანაყოფების სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

"რუსული არმია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქისა და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული ჯარები, მათ შორის 58-ე არმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა საქართველოში, ძალიან გაძლიერდა. მათ შეიარაღებაში მიიღეს ახალი, მოდერნიზებული ჯავშანმანქანები, საარტილერიო სისტემები, საფრენი აპარატები, არის მნიშვნელოვანი მატება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტშიც. რეფორმა პირად შემადგენლობასაც შეეხო და მათი ეკიპირება და აღჭურვა მთლიანად განახლდა.

"შესაბამისად, ეს ის 58-ე არმია აღარ არის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართულ არმიას მოძველებული საბრძოლო მანქანებით რომ ებრძოდა. ეს საგულისხმო და გასათვალისწინებელი გარემოება გახლავთ. კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება ამით დაინტერესდება", - აღნიშნა კასრაძემ.

თავის მხრივ, რუსეთში დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უკრაინაშიც ეხმიანებიან. ოფიციალური კიევის თქმით, მაშინ, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, არამიზანშეწონილი და დესტაბილიზაციისაკენ ორიენტირებულია სამხედრო მანევრების საზღვრისპირა რეგიონებში ჩატარება. მსგავს ქმედებას კიეველი პოლიტიკოსები რუსეთის მხრიდან ცეცხლზე ნავთის დასხმას უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დააკავეს პირები, რომლებსაც ბრალი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობასა და მათი დავალებით, დივერსიული აქტების მომზადების მცდელობაში დასდეს ბრალი. ამან მოსკოვისა და კიევის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაძაბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×