"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარტნიორო ფონდის სამი პროექტის გამჭვირვალობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას თანაინვესტორ კომპანიებში ყოფილი პროკურორისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავთან კავშირს ხედავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ უმჯობესია, ფონდმა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებისგან თავი შორს დაიჭიროს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა არის სამი პროექტი - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰაიატი", სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს "ჰუმანითი ჯორჯია", რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
"ამ პროექტებში "საპარტნიორო ფონდთან" ერთად თანაინვესტორი კომპანიების: "მერიდოუ დეველოპმენტ ჰოლდინგს დევ (მისი დირექტორი - ოფიცერი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული), შპს "როიალ დეველოფმენთის" (საეჭვოა მათი პროექტში მონაწილეობა) და სს "ჰუმანითი ჯორჯია" (კვალს ოფშორამდე მივყავართ) საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი ან ბუნდოვანია.
გარდა ამისა, სს "ჰუმანითი ჯორჯიასა" და შპს "როიალ დეველოფმენთის" შემთხვევაში იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. კერძოდ, ივანიშვილის ახლო ნათესავი უჩა მამაცაშვილი "საპარტნიორო ფონდში" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე იყო დასაქმებული.
"აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ ბატონი მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც "საპარტნიორო ფონდი" მინორიტარია შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება.
ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფო "საპარტნიორო ფონდის" მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ: აუცილებელია, "საპარტნიორო ფონდის" ვებ-გვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ; "საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება "საპარტნიორო ფონდის" სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი; ყველა პროექტში, მიუხედავად იმისა ფონდის მონაწილეობა მაჟორიტარულია თუ მინორიტარული, აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი ტენდერის გზით ხდებოდეს.
შპს "რუსთველი ფროფერთი" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ "ჰაიატ რეგენცი" თბილისი-ის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მოკვლევის პროცესში მათ ორგანიზაციას კომპანიის მეპატრონესთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
"მიუხედავათ იმისა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებს ჰქონდად კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მიიღეს ამომწურავი განმარტებები მათ მიერ დასმულ კითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ქართულ და უცხოურ პრესაში აღნიშნული იქნა, თუ ვინ არის პროექტის მფლობელი და ინვესტორი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საჯაროდ გააკეთეს კომპანიისა და პროექტისათვის დამაზიანებელი განცხადებები, თითქოსდა არსებობს გაურკვეველი კითხვები," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის მფლობელი და ინვესტორი არის ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია. პროექტის განმახორციელებელი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს "რუსთველი ფროფერთი" და ის არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის "მერიდოუ დეველოპმენტ ჰოლდინგს დევ" მიერ დაფუძნებული.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორობის პრობლემას ვერ ხედავს, ხოლო უჩა მამაცაშვილზე ამბობს, რომ მან თანამდებობა ფონდში მისი მისვლის შემდეგ დატოვა.