სოფელ სობისში მოსახლე ჩილინდრიშვილების ქერის მოსავალი რუსმა ოკუპანტებმა აიღეს. მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის წარმომადგენლებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დაათვალიერეს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი" და მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავლის აღება უსაფრთხოდ შეძლოს.
ამ დროისათვის რუსეთის საოკუპაციო ძალების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაჩერებულია. ოკუპანტებმა მიმდებარე ტერიტორია მინდორში ადგილობრივი მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ დატოვეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოკუპანტები სოფელ სობისთან პირველად მარტში გამოჩნდნენ და დაამონტაჟეს ბოჟები. ოკუპანტების კომბაინმა ორ ჰექტარზე ქერის მოსავალი უკვე აიღო.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის "ცხელი ხაზის" მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა.
"ძალიან კარგი პრეცედენტია ის, რომ ჩვენ შვვძელით შეთანხმება და სოფელ სობისის მკვიდრს მიეცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ ნაკვეთზე მოსავლის აღების შესაძლებლობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა განუცხადა.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ რუსებისგან მოსახლეობისა და მათი მოსავლის დასაცავად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მოსახლეობის კი არა, ქვეყნის დასაცავად, უფრო სწორი იქნება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები რუსეთთან ნორმალიზაციისკენ, მეტი არაფერი არ არის საჭირო.
აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება, ამით ურთიერთობას გავიუმჯობესებთ აფხაზეთთან და ოსეთთანაც, რის შემდეგაც ევროკავშირი, ნატოც და სხვა ორგანიზაციებიც მეტ პატივს გვცემენ და მომენტალურად მოვა ვიზალიბერალიზაციაც.
ამით ჩვენ ორ კურდღელს დავიჭერთ, მოვაგვარებთ როგორც შიდა ურთიერთობებს, ისე ევროპის მხრიდან შევძლებთ, დავაჩქაროთ ის მოვლენები, რომლებიც ასე გვჭირდება.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): სამწუხაროდ, მიჭირს პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, ხელისუფლებას ვერაფერს ვურჩევ, რადგან ზუსტად ისიც არ ვიცი, ეს სოფელი სად მდებარეობს, კონკრეტულად რომ ვიცოდე, კიდევ შეიძლება რაღაცის თქმა.
ალბათ მაინც დიპლომატიურ გზას უნდა მიმართონ, თუმცა ასე ზოგადად ვერ გეტყვით, რადგან მეცნიერი ვარ და მეტი კონკრეტიკა მჭირდება.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ომს ვერ დაიწყებ ხომ?! უნდა დაიწყოს ისევ მოლაპარაკებები. მე გამოვრიცხავ, რომ მომავალ წელს ამ ტერიტორიაზე მოსახლეობამ რამე დათესოს, რადგან პრაქტიკულად მითვისებულია ტერიტორია და მეშინია, კიდევ არ მიიტაცონ.
მომავალ წელს რა სიტუაცია გვექნება რუსეთთან, არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. როგორ დამთავრდება არჩევნები და როგორი იქნება რუსეთის დამოკიდებულება. მე არც ლოიალური დამოკიდებულების მომხრე ვარ და არც აგრესიულის.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ხელისუფლება ვერავითარ მკვეთრ ღონისძიებას ვერ გაატარებს რუსი სამხედროების მიმართ. ძალისმიერი მეთოდებით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ.
რა თქმა უნდა, განცხადბებით, საერთაშორისო ორანიზაციების დახმარებითა და დიპლომატიით უნდა მოვახერხოთ რუსეთთან კომუნიკაცია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით უფრო ბევრს მივაღწევთ, ვიდრე ძალისმიერი მეთოდებით.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რეაგირებას მას შემდეგ იწყებენ, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდბით ხოლმე. ვიღაც გაიტაცეს, მავთულხლართები გააბეს, მოსავალი მიიტაცეს და ა.შ.
ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს და ეს საკითხები პოლიტიკურ დონეზე წყდებოდეს.
გინდაც ორმხრივი მოლაპარაკებები იყოს, გინდაც სამმხრივი და ჩართული იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები. მთავარია, რომ მოლაპარაკებები მიდიოდეს. ხელისუფლება გაჩერებული არ იყოს და დიალოგის რეჟიმში იყვნენ.
უკრაინასაც აქვს დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი არ ხვდება რუსეთის პრეზიდენტს და მოლაპარაკებებს არ მართავენ?! ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ამოჩემება, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლება.
აბა სხვანაირად როგორ უნდა დაიბრუნო რამე. ეს ან ომით უნდა გააკეთო, ან დიალოგის საშუალებით. მესამე გზა არ არსებობს. დაბრუნებას თუ ვერ ახერხებ, ის მაინც უნდა გააკეთო, რომ დამატებითი ზარალი აღარ გვქონდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე