შაბათს კინოთეატრ "რუსთაველში" გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატია - 9%1" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, კადრები ნამდვილად მძიმეა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც სააკაშვილის დროს არსებობდა.
"ეპიზოდები ნამდვილად მძიმეა და ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურია. გადაღებულია რეალურ ისტორიებზე. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. ისტორიები რეალურია და არაფერი დაგვიდგამს. პირველ ეპიზოდს მაყურებელი 6 სექტემბერს "იმედზე", ხოლო 7 სექტემბრიდან ჯი-დი-ეს-ზე იხილავს," - აღნიშნა რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ.
"დარბაზში მსხდომთაგან ბევრს, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე ჰქონდა განცდილი ეს სისასტიკე და ამბობდნენ, ყველაფერი ისეა ნაჩვენები, როგორც რეალურად ხდებოდა, ტიპაჟები კი ზუსტად ისეთები არიან არჩეული, ჩვენ რომ გვაწამებდნენო. რამდენიმე ასაკიანმა ადამიანმა ვერ შეძლო ყურება და დარბაზი დატოვა," - ამბობს ჟურნალისტი მარინა აბულაძე.
მოახდენს თუ არა "ჰეროკრატია" არჩევნების შედეგებზე ისეთივე როგორიც 2012 წელს ციხის კადრებმა მოახდინა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ალბათ ისეთივე ძლიერ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ზემოქმედება მაინც ექნება. ფილმი ძალიან ნატურალისტურად არის გადაღებული და ძალიან მძიმე საყურებელია. რა თქმა უნდა, ისეთივე შოკისმომგვრელი არ იქება, თუმცა ვფიქრობ, გავლენას მაინც მოახდენს.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): გარკევულ გავლენას მოახდენს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საზოგადოების ეს წრე დავიწროვდება. რამდენიმე იმ ადამიანისგან მოვისმინე შეფასება, რომლებმაც ეს ფილმი ნახეს და ვფიქრობ, რომ გავლენა ექნება სწორედ იმ კადრებს, რომლებიც ნაჩვენებია ამ ფილმში.
სერგო ვარდოსანიძე(ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა არ მგონია, არჩევნებისთვის ეს გადამწყვეტი იყოს. 2012 წელს ნაჩვენები ციხის კადრების მსგავს გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მსგავსი ეფექტი მას არ ექნება. მაშინ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მომზადებული იყო იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი წასულიყო. ეს მონაცვლეობები ხშირად ხდება მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გამოჩნდება კადრები და უკვე ჩანს კიდეც, თუმცა დღეს ეს ვერ მოახდენს ისეთ გავლენას, როგორიც 2012 წელს იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე