გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს, რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით გააქტიურდეს.
"მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი გაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს, რა უნდა გავაკეთოთ.
"პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხების გაცემა. ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გააქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რამდენად აქტიურია პარტიების წინასაარჩევნო კამპანია? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): შეიძლება ითქვას, საშუალოდ აქტიურები არიან, არ ვიცი, განსაკუთრებულად ვერც ერთს გამოვყოფ. არც საარჩევნო დაპირებებით გამორჩეული შემინიშნავს ვინმე, ყველა პირდება, თუმცა დაპირებაზე მნიშვნელვანი მისი შესრულებაა.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ვფიქრობ, წინასარჩევნო კამპანიაში აქტიურობა ფინანსებთან არის დაკავშირებული. 2 მიმართულებით მიდის პროცესები, ერთია ევოლუციური, რომელსაც ბურჯანაძის, ბურჭულაძისა და "ოცნების" პარტია აკეთებს. მეორეა ტოტალიტარული, პარტიებს რომლებსაც შეზღუდული ფინანსები აქვთ და ბოლო პერიოდში აქტიურდებიან, ფინანსები ბევრ რამეს წყვეტს.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჯერჯერობით გახურებული არ არის პროცესები. ხალხი ჯერ კიდევ ისვენებს და მას შემდეგ, რაც შეიკრიბება საზოგადოება და ეს დასვენების პერიოდი გავა, დაახლოებით 15-18 სექტემბრიდან უფრო სერიოზული ციებ-ცხელება დიაწყება. თუმცა ეს კომპრომატების ომი, შეტევა ნარმანიაზე და ა.შ. იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი ცხელ ფაზაში შედის.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): კი დაიწყო უკვე წინსაარჩევნო კამპანია და საკმაოდ აქტიურები არიან ტალახის სროლაში. უკვე არიან აქტიურები და ეს იგრძნობა. მე მომეწონა "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა. ძალიან ნორმალური პროგრამა იყო და სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა გაისმა ოპონენტების მხრიდანაც, რომ 500 ლარი პენსია არ არის რეალური და ა.შ. თუმცა რეალურია, თუკი ნაკლები კორუფცია იქნება.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): რა თქმა უნდა, აქტიურია, თუმცა რამდენად ჩამოყალიბებული აქვთ პარტიებს ეს პრობლემები და წინასაარჩევნო კამპანია, ეს სხვა საქმეა. ეს ყველაფერი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კულტურასთან არის დაკავშირებული.
თუმცა, პარტიებს უნდა ჰქონდეთ პროგრამები, რათა ამომრჩეველმა იცოდეს, რას სთავაზობენ მათ. ჩვენთან არ არის საზოგადოებრივი-პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე