"თუ გვინდა ევროპისაკენ სვლა გავაგრძელოთ და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ, არჩევნების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს"
თაკო მათეშვილი
30.08.2016

 საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გველის, სპეციალისტთა შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, რადგან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ მისი დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, პოლიტოლოგების თქმით, ეს სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც.

უფრო კონკრეტულად კი, მათი აზრით, წყალში ჩაიყრება ყველაფერი, რის მიღწევასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე ცდილობდა. მათ შორის ვიზალიბერალიზაციაც, რომლის საბოლოო შედეგიც, წესით, სულ მალე - სექტემბერში უნდა ვიხილოთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოესწრება და ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის სასარგებლო იქნება, პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს უარყოფითი გავლენა მასზე მაინც ექნება. მაგალითად, გადაიდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და ა.შ.

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შეფასებული იქნა როგორც სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები.

ანუ, ესაა ნაბიჯები, რომლითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება ფასდება და ის, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი. ის, რომ ამ არჩევნების შედეგებსა და შეფასებაზე იქნება დამოკიდებული როგორც საგარეო ასპარეზზე ჩვენი წინსვლა, ისე ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, ეს, ძაბირაძის აზრით, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.თუკი ხელისუფლება ვერ შეძლებს, რომ ეს არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს, პოლიტოლოგის თქმით, ის მიღწევები, რაც საგარეო მიმართულებით გვქონდა (ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ნატოსთან ურთიერთობა), კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ანუ, დასავლეთთან ურთიერთობა გართულდება. ამას კი, მისი თქმით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ქვეყანაში პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით სირთულეების პროვოცირებას არ მოერიდება.

"რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, თუკი არჩევნებს საზოგადოება არალეგიტიმურად ჩათვლის, მაშინ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს მივიღებთ. გარემოს, რომელიც ფეთქებადსაშიში იქნება. მეტსაც გეტყვით, არჩევნები შეიძლება ძალიან კარგად ჩაატარდეს და შენიშვნები არავის ჰქონდეს, მაგრამ თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მიიღებს, არასტაბილურობის ელემენტის შემცველი იქნება.

"ამიტომაც აქვს ამ არჩევნებს ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა. თუ ჩვენ გვინდა ევროპისაკენ სვლა გავაგრძელოთ და ამავდროულად ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ, არჩევნების სამართლიანობა, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს", - აცხადებს ძაბირაძე.

იგი კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების გამეორება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აუცილებლად დააყენებს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, პოლიტოლოგის აზრით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითავისოს - ხელისუფლებამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც.

თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა თუ მედიას ყველაზე ეფექტურად ობიექტური შემფასებლის როლში ყოფნა შეუძლია. პოლიტიკურ პროცესებს კი, მისი თქმით, ვერც სამოქალაქო საზოგადოება წარმართავს და ვერც მედია. ეს ხელისუფლების პრეროგატივაა და სწორედ ამიტომ, ექსპერტი ამბობს, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"მე და ხელისუფლება კორცხელში მომხდარზე ერთნაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები. მას ეს ფაქტი დღემდე არ გამოუძიებია და შესაბამისი შეფასება არ მიუცია. პოლიტიკური განცხადებები იყო, მაგრამ ეს თემა არ ამოწურულა.

"ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლება გაცილებით ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს, რათა ასეთმა ინცინდენტებმა და დარღვევებმა ისეთი მაისური სახე არ მიიღოს, როგორც 2003 წელს, 2008-ში ან თუნდაც 2012-ში იყო. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ პრობლემები ნამდვილად გაჩნდება", - დასძენს ძაბირაძე.

მოსაზრებას, რომ არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები პირველ რიგში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეს იზიარებს.

იგი გვახსენებს, რომ ნატო არაა მხოლოდ პოლიტიკური ბლოკი, ესაა ორგანიზაცია, რომლის წევრი სახელმწიფებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზეც.

აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ საქართველო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ჩიტაძის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტები მუდმივად ვითარდებოდნენ.

"თუ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, თუ სასამართლო სისტემა თავისუფალი არ იქნება, თუ თავისუფალი აზრი შეიზღუდება, ხელისუფლებამ რაც არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, რეალობა სხვანაირი იქნება", - აღნიშნავს იგი.

შესაბამისად, პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს პირველ რიგში საქმით და არა სიტყვით უნდა დაუმტკიცოს, რომ მას უფლება აქვს საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

"არჩევნები დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი გახლავთ, რადგან ხალხის ნებას სწორედ ის გამოხატავს. არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარეშე დემოკრატიაზე საუბარი უსაფუძვლოა", - აცხადებს იგი.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო. თუკი არჩევნები ისე არ ჩატარდება, როგორც ეს საჭიროა, ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ საფრთხე ვიზალიბერალიზაციასაც დაემუქრება.

"ამ შემთხვევაში არაა გამორიცხულიი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გამოვიდნენ წინადადებით, რომ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებამდე გადაიდოს. მითუმეტეს, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტია, ევროპის სახალხო პარტია გახლავთ.

"ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, რომ არჩევნების შედეგები ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც ნეგატიურად აისახოს", - დასძენს პოლიტოლოგი.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში კი იგი არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს გულისხმობს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც, როცა თითოეულ პარტიას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ და ხმების დათვლის პროცესსაც. ეს სამივე ეტაპი, ჩიტაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია და ევროპელი მეგობრებიც სამივეს დააკვირდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×