რუსული ბიზნესი, საქართველოს ტურისტული სექტორით ინტერესდება. მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის უსაფრთხო კურორტების პრობლემა დადგა, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ქართული ტურიზმი გახდეს. სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ რუსი ბიზნესმენების მხრიდან ინტერესი დიდია. ისინი კიდევ უფრო აფართოებენ საკუთარ გავლენას მომსახურების თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი სარესტორნო, სასტუმრო და სათამაშო ბიზნესში. ბოლო დროს ტაქსების ბაზარზეც გამოჩნდნენ, რასაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თუმცა, როგორიც უნდა იყოს საზოგადოებრივი განწყობა, რუსული ბიზნესისთვის ქართულ ბაზარზე ფეხის მოკიდება საკმაოდ ადვილია. მით უმეტეს, როცა მთავრობის მხარდაჭერაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამას არავინ აღიარებს.
ფაქტია, რომ რუსული ბიზნესი საკმაოდ ადვილად იკიდებს ფეხს საქართველოში და ეს უკვე ოფიციალური სტატისტიკაც დასტურდება. "გაზეტა.რუ"-ს ცნობით, ბიზნეს-ტურისტების ავიანაკადი რუსეთიდან საქართველოში წლიურად, 59%-ით გაიზარდა. სტატისიკური მონაცემები პორტალს "აეროკლუბის" ანალიტიკოსებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, ზრდა ძირითადად განაპირობა ფარმაცევტული, "აიტი" და სამომხმარებლო საქონლის სექტორში დასაქმებულთა გახშირებულმა ვიზიტებმა.
პორტალი საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზეც აღნიშნავს, სადაც 16%-იანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის 7 თვეში ექსპორტი, წლიურად, 119,2 %-ით არის გაზრდილი, იმპორტი 15,1%-ით.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორების, მათ შორის რუსი ინვესტორების მთავარი ყურადღება აჭარაზეა მიპყრობილი, სადაც პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით 98,7 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელში უდიდესი წილი (71,5 მლნ) უცხოურ ინვესტიციებზე მოდის.
ასევე აღინიშნება, რომ რუსეთიდან სხვა სახის ტურებზეც არის გაზდილი მოთხოვნა. ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოს 106 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტი სტუმრობდა და ზრდა 28%-მდეა.
ამასთან, საძიებო სერვისი "თუტუ.რუ"-ს ცნობით, აგვისტოში მოსკოვი-თბილისის ავიაბილეთებზე მოთხოვნა 1,5-ჯერ, ბათუმზე კი, 2-ჯერ გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ავიაბილეთებიც გაძვირდა.
საქართველოში რუსული ფულის გააქტიურებას სპეციალისტების მხრიდანაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბიზნესმა პოლიტიკური ინტერესი არ უნდა გადაკვეთოს. ხოლო ექსპერტთა მეორე ნაწილი "რუსული ფულის ტრიალს" კატეგორიულად ეწინააღმდეგება მაშინაც კი, როცა ამ კაპიტალის უკან, შესაძლოა, ქართული წარმოშობის ბიზნესმენი იდგეს.
ფაქტს, რომ ქართულ ბიზნესში ოკუპანტი ქვეყნის გავლენა მატულობს, "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი საფრთხედ მიიჩნევს. მისი შეფასებით, რუსული ბიზნესის დომინირება ქართულ ბაზარზე ქვეყნისთვის ვერ იქნება მომგებიანი, რადგან რუსეთი არასაიმედო პარტნიორია.
"ოფიციალური სტატისტიკა არ გვჭირდება იმის დასანახად, რომ საქართველოში რუსი ბიზნესმენების რაოდენობა მატულობს. ფაქტობრივად, "შეტევაზე" გადმოვიდნენ, ხსნიან რესტორნებს, სასტუმროებს, კაზინოებს და რუსული ტაქსის კომპანიაც შემოჰყავთ. მათ ვხედავთ ყველგან, სადაც მომსახურების სფეროა. პირველ რიგში, ეს არის ქართული ტურიზმი. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ რუსი ინვესტორების მთავარი ყურადღება აჭარაზეა მიპყრობილი. ვფიქრობ, ტურისტულ სექტორში მათი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.
ბიზნესის ასაწყობად რუსებისთვის აქ კარგი ბიზნესგარემოა შექმნილი, აქვთ ბევრი ფული, შეუძლიათ გავლენის მოპოვება და მეტიც არაფერი უნდათ. იციან, რომ ფეხს მოიკიდებენ ყველგან, სადაც არის ფული. ჩემდა გასაკვირად, პრემიერიც კი ბრძანდებოდა ერთ-ერთი სასტუმროს გახსნაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქის საკუთრებაა", - ამბობს ცქიტიშვილი და დასძენს, საფრთხეზეც, რაც რუსული კაპიტალის შემოდინებას ახლავს.
"კეთდება ბიზნესი, შემოდის ფული და ამავე დროს რუსულ იდეოლოგიას გვახვევენ თავს. სულაც არ მიმაჩნია ეს სასიკეთო ტენდენციად, სანამ არ არის გადაწყვეტილი ჩვენი ტერიტორიული საკითხი, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან და პოლიტიკური დაძაბულობაა. ამიტომ მათი ბიზნესის გაფართოება საქართველოში ჩვენთვის მომგებიანი ვერასდროს ვერ იქნება. ჩვენ რუსული ემბარგო კარგად გვახსოვს. წლების შემდეგაც, როგორც კი მათთვის არმოსაწონი ნაბიჯი გადავდგით, ემბარგოთი დაგვემუქრნენ. ეს დამოკიდებულება მუდმივად გაგრძელდება. რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და არც ერთ შემთხვევაში, იქნება ეს ექსპორტი, იმპორტი თუ შიდა წარმოება, არ უნდა ვენდოთ. მცირე შეცდომაც კი საბოლოოდ ქართულ ეკონომიკას დაარტყამს და ჩვენვე დავზარალდებით", - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
განსახვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლაში ცუდს ვერაფერს ხედავს. იგი ფიქრობს, რომ რუსული ბიზნესი ჩვენი გარემოსთვის უკეთესად არის ადაპტირებული.
"ბიზნესი პოლიტიკისგან გასამიჯნია. ამიტომ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ქვეყანაში რუსული ფული შემოვა, თუ ის ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის, რატომაც არა! გააჩნია, რა ვითარება იქნება ხვალ ან ზეგ, არ გამოვრიცხავ, გააქტიურდნენ, შეიძლება ზღვის ან ზამთრის კურორტებით დაინტერესდნენ. ბოლო დროს რუსეთში ზამთრის ტურიზმის კულტურაც დამკვიდრდა იმის გამო, რომ ტურები ეგვიპტესა და თურქეთში შეზღუდულია, შეიძლება აქ მოსინჯონ ძალა, რაც გამოიკვეთა კიდეც. ეს, ცხადია, რუსი ტურისტების შემოდინებასაც გამოიწვევს. ამიტომ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. მით უმეტეს, ბოლო დროს უსაფრთხო კურორტების სპექტრი ძალიან დავიწროვდა. საქართველოში კი ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა", - განმარტავს ხუხაშვილი.
მისი ვარაუდით, დიდია ალბათობა, რომ ტურიზმის შემდეგ რუსი ბიზნესმენები ქართული ფარმაცევტული ბაზრითაც დაინტერესდნენ, ხოლო ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციები ჩადონ.
"ჩემი აზრით, გაიზრდება ინტერესი ენერგეტიკის მიმართულებით. არ გამოვრიცხავ, მომავალში მცირე ინვესტიციებიც ჩადონ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაერთვებიან. რაც არ უნდა მოვისმინოთ კრიტიკა, რუსული ბიზნესი ჩვენი გარემოსთვის უკეთესად არის ადაპტირებული, ვიდრე ვთქვათ, დასავლური ფული. ამიტომ რუსი ბიზნესმენების ინტერესი ქართული ბაზრის მიმართ იყო კიდევაც მოსალოდნელი", - დასძენს გია ხუხაშვილი.
თუმცა სანამ ფეხს მოიკიდებენ, რუს ბიზნესმენებს ქართული საზოგადოებრივი აზრის წნეხქვეშ მოუწევთ გავლა. ბოლო დროს ასეთია, უიანდექს ტაქსის" მომსახურება თბილისში, რომელიც 23 აგვისტოდან დაიწყო. როგორც მაშინ გაირკვა, აღნიშნულ კომპანიას აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ერთიან რუკაში ჩასმული არ ჰქონდა. იმდენათ მწავე აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების განწყობა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დასჭირდა მტკიცება, რომ მთავრობის მხრიდან აღნიშნული კომპანიის არავითარი წახალისება არ ხდება.
"მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ - მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება.
"ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავარკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას. მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.