ხელისუფლება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. როგორც აღმოჩნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე ავტობანი გაკეთდება, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად განავითარებს და ტურიზმის სფეროს წახალისებასაც შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნების წარმომადგენლებთან შევედრისას ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობლისას იგეგმება, რომ გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს.
გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი მოეწყობა.
"4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი. გარდა ამისა, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობას - ინჟინრები მუშაობენ ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც. ვფიქრობთ, რომ ეს გზა მთლიანად ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემები იქმნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, დაგეგმილია ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით გზის გაყვანა.
ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის სფერო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. განსახორციელებელ პროექტებზე კვირიკაშვილი ხშირად საუბრობს. ცოტა ადრე მან 2020 წლამდე დასამთავრებელ პროექტებში ასევე დაასახელა: მცხეთა ლარსის მონაკვეთი; ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზა ავტობანი; ქუთაისი-მესტიის გზა (ახალი გზა, ქუთაისსა და აბასთუმანს შორის, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამხრეთ საქართველოსთან), გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა.
კვირიკაშვილი აღნიშნულ პროექტს მასშტაბურს უწოდებს და განმარტავს, რომ მისი განხორციელებისთვის ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთნ აქტიური დიალოგი დასჭირდება.
მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების მიუხედავად, ამ დარგში ბევრი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში ერთიანი და ჯანსაღი სახელმწიფო მიდგომა არ არსებობს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახული გეგმა, თანამედროვე ტექნიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია. თუმცა ამისთვის ქვეყანას არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია.
ასე ფიქრობს "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე, რომელსაც "მომავლის ავტობანის" მშენებლობის ეფექტურობა ძალიან აეჭვებს.
"21-ე საუკუნეში შეუძლებელი არაფერი არ არის. ტექნიკური თვალსაზრისით, ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერ რელიეფურ პირობებში და ნებისმიერი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია საგზაო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. ამის მაგალითი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დუბაიში, სადაც უდაბნოში არის ყველაზე თანამდედროვე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოწყობილი მეტროპოლიტენი და სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ტექნიკურად დღეს არაფერი არ არის შეუძლებელი, მაგრამ მეორეა საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები და მათი საქმიანობის ეფექტურობა. რა თქმა უნდა, რაც უფრო რთულია ტექნიკურად პროექტის განხორციელება, მით უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული და მით უფრო მეტი პროფესიონალი ადამიანის ჩართვას საჭიროებს. ამ მიმართულებით საქართველოში გვაქვს დეფიციტი, არ ვართ იმ დონეზე განვითარებული, როიმ ამხელა ფინანსური რესურსი გვქონდეს", - აცახდებს ურუშაძე და ხელისუფლებას რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახსენებს, რომელიც ვერ განახორციელდა.
"არსებული ხელისუფლების პირობებში შეფერხდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის განვითარების პროექტი, რომელიც 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. შეფერხდა ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა და მხოლოდ 2016 წელს დასრულდა და ისიც ნაწილობრივ...
ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ამიტომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გიორგი კვირიკაშვილის საუბარი საზოგადოების მხრიდან ბევრ კითხვას აჩენს. ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ 4 წლით, რაც უნდა იყოს მაქსიმუმი, რომ თავისი საქმიანობის შედეგი დადოს. ამიტომ აქცენტირება მხოლოდ სამომავლო გეგმებზე, ცოტა არადამაჯერებელი მგონია", - დასძენს ურუშაძე.
მისი თქმით, სარეიტინგო კვლევებში საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკის ჰაბის ინდექსი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამიტომ დაკარგული პოზიციის აღსადგენად ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
"მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, საქართველო, როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბი, ინდექსით 77-ე პოზიციაზე იყო ჯერ კიდევ 2012 წელს. ბოლო კვლევებით, ეს მაჩვენებელი გაუარესებულია და ქვეყანა ამ რეიტინგში 130-ე ადგილს იკავებს.
სიტუაციის გამოსწორებას დიდი რესურსი და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. უკვე დღეს პროცესი უნდა იყოს რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, სამუშაოების 1/3 მაინც უნდა იყოს შესრულებული, თუ ჩქარი ტემპით გავაგრძელებდით განვითარებას. ამიტომ ვსაუბრობ, რომ ხელისუფლების გეგმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ მისი შესრულების ეფექტურობა მაეჭვებს", - აცხადებს ვასილ ურუშაძე.