მოლდოვა და საქართველო ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ჟამთა სიავემ მემკვიდრეობად ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები არგუნა. თუ ოფიციალურ კიშინიოვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ე.წ. "დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა" ჰქვია, თბილისს მსგავს სირთულეს ერთდროულად ორი ტერიტორიული ერთეული, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უქმნის.
მოლდოვისა და საქართველოს უკმაყოფილებისა და ვერბალურ-იურიდიული წინააღმდეგობებისა, მათი სეპარატისტული რეგიონები ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაში არიან. ყველანი ერთად კი რაღა თქმა უნდა რუსეთის "საიმედო" საფარველქვეშ არიან.
26 აგვისტოს, ე.წ. "დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის" თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ევგენი შევჩუკმა თავის აფხაზ და ოს კოლეგებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლის თავი ვრცელი მისალოცი ტექსტით მიულოცა.
ამასთან, აღნიშნა, რომ "მოძმე რესპუბლიკების" თანამშრომლობის გაღრმავებისათვის საჭიროა დროული და ენერგიული ღონისძიებები.
თავის მხრივ, შემხვედრი ნაბიჯები გადადგა ცხინვალის რეჟიმმაც, რაზეც ადგილობრივ ჟურნალისტებს დნესტრისპირეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, სერგეი სურაგუ ესაუბრა.
"უკვე შეთანხმებულია დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ევგენი შევჩუკის ვიზიტის დეტალები ქალაქ ცხინვალში. დიდი ალბათობით ის 20 სექტემბერს, ანუ იმ დღეს ჩავა, როდესაც ოსი ერი სამხრეთ ოსეთის შექმნის 26 წლისთავს აღნიშნავს. ამავე დღეს ცხინვალსა და ტირასპოლს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი", - თქვა სერგეი სურაგუმ.
აღსანიშნავია, რომ წინა, მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება არაღიარებულ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ 1994 წელს დაიდო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 29 აგვისტოს შედგა მოსკოვში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის შეხვედრა. თიბილოვმა ამ უკანასკნელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის და იგი ცხინვალში მიიპატიჟა, რასაც მედვედევი სიამოვნებით დათანხმდა.
თავის მხრივ კომპლიმენტები და დაპირებები არც პრემიერ- მინისტრმა დაიშურა.
"მოხარული ვარ რომ სამხრეთ ოსეთი ვითარდება და ის იდეები, რომელიც 2008 წელს ჩვენ ერთობლივად დავიცავით, არ გამქრალა. მიხარია, რომ ჩვენი ერების დაახლოების პროცესი გრძელდება. დანარჩენი ყველაფერი კი ჩვენზეა დამოკიდებული", - უთხრა თიბილოვს მედვედევმა.
ანალიტიკოს დავით კასრაძის თქმით, მსგავს ხელშეკრულებებსა თუ მემორანდუმებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, რადგანაც ხელმომწერი მხარეები წარმოადგენენ არაღიარებულ ტერიტორიულ ერთეულებს.
მისი თქმით, ყველაფერი ეს "სახელმწიფოებრიობანას თამაშს" უფრო ჰგავს, ვიდრე რამე შედეგზე ორიენტირებულ ქმედებას.
"მსგავსი შინაარსის მემორანდუმები სეარატისტულ რეჟიმებს შორის აქამდეც არაერთხელ გაფორმებულა და სამწუხაროდ, მომავალშიც გაფორმდება. სამწუხაროდ, არც საქართველოს და არც მოლდოვას არ გააჩნია არანაირი ბერკეტი ყველაფერ ამას წინ აღუდგეს. თუმცა სეპარატსტთა ლიდერები დიდი ალბათობით თავადაც ხვდებიან, რომ მათი ამდაგვარი აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი", - თქვა კასრაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.