სოსო ცისკარიშვილის აზრით, გულხელდაკრეფილი ვუყურებთ, როგორ იზრდება რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება
ელზა პაპოშვილი
31.08.2016

"ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პრორუსული პარტიების გაძლიერება ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ბრალია.

მისი აზრით, საქართველოში არსებობს 100-მდე დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც რუსეთის მხრიდან ფინანსდება და ისინი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ნელ-ნელა ადგილს იკავებენ.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობას საარჩევნო პროგრამები ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ. ასევე რეგიონებში მოსახლეობასთან, წინასაარჩევნო შეხვედრები ნაკლებად ხდება?

სოსო ცისკარიშვილი: ამის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, ამაში პარტიულ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ, როდესაც 40-ზე მეტი პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, აქედან ფატია, რომ უმეტესობა პარლამენტში ვერ მოხვდება.

ვფიქრობ, კვლევებიდან გამომდინარე ამ პარტიებიდან უმრავლესობა მიხვდა, რომ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ და შესაბამისად წინასაარჩევნო პროგრამის წარმოდგენასა და დაწერაზე თავი აღარ შეიწუხეს.

ფაქტი ერთია, რომ 4-5 პარტია რამე პროცენტს მაინც თუ აიღებს, ჯერ კიდევ საკითხავია. როდესაც ხედავენ, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში მათ პარტიაზე, მედიაში არაფერს ამბობენ და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც კი ცნობს, ისინი ხვდებიან, რომ ოცნების მიუხედავად პარლამენტში ვერ მოხვდებიან. 

ზოგიერთმა პარტიამ ამაზე კიდევ უფრო ადრე იფიქრა და თავი განსხვავებულ კოალიციებს შეაფარა, რაც ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებისთვის საინტერესო სიახლე იყო.

"რ": როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე ის 60%, რომელიც კვლევების მიხედვით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ხმას არ აძლევს, რომელიმე პარტიას შეიძლება რომ დაეინტერესებინა?

ს.ც: აქამდე რეალობაში გაურკვეველი ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ისინი კიდევ ფიქრობენ, არჩევნებში ვინ არის ღირსეული პარტია, რომელიც მათ პატრონად შეიძლება იქცეს. ჩვენი ამომრჩეველი დაბნეულია იმიტომ, რომ ვერ ხედავს პარტიებს შორის განსხვავებას. ისინი იმდენად ერთნაირები არიან, რომ ადამიანები მათ საარჩევნო პროგრამასაც კი აღარ ეცნობიან.  

სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე ასე იქნება, რომ მოსახლეობა ხმას იმ პარტიას მისცემს, რომლშიც მისი მეზობელი, კლასელი, ან ნათესავი იქნება. სხვა კრიტერიუმი, სამწუხაროდ, ამ რაოდენობის ამომრჩეველს, რომლიც თქვენ ახსენეთ, არ გააჩნია.

"რ": რას იტყვით პარტიების იმ გადაადგილებაზე, რაც ბოლო დროს მოხდა. წინასაარჩევნოდ ამ პოლიტიკურმა გადაჯგუფებებმა რა შეცვალა?

ს.ც: ასეთ გაერთიანებებს რამე მყარი საფუძველი არ გააჩნია. როდესაც ნებისმიერი სუბიექტი საარჩევნო სივრცეში ინდივიდუალურად გამოდის და შემდეგ, კოალიციის ხელმძღვანელი ან წევრი ხდება, ეს მისი ნებით არ ხდება და მას ამას არსებული რეალობა აიძულებს. 

სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვაპელირებთ არა იმაზე, რა იქნება მომავალში, არამედ იმაზე, რა იყო წარსულში.

ამიტომაც არის, რომ პაატა ბურჭულაძის "გირჩთან" გაერთიანების შემდეგ, საზოგადოებას მხოლოდ, მათი წარსული საქმიანობა ანაღვლებთ და არა ის, ეს ხალხი რას და როგორ გააკეთებს. 

თუ ამ ადამიანებს, წარსულში ინდივიდუალურად რამე სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მათთვის მხოლოდ იმის ძახება, რომ ისინი ადრე დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლების გუნდს წარმოადგენს, ცოტა მოძველებული ბრალდება მგონია.

ჩემთვისაც მიუღებელი იყო ასეთი პოლიტიკური კვარტეტის შექმნა, რომელსაც პაატა ბურჭულაძე თავკაცობს. ბურჭულაძე ჩვენს პოლიტიკურ გაზაფხულზე ნამდვილად ელავდა, თუმცა ეს იმისთვის საკმარისი არ არის, რომ ამ ელვას ქუხილიც მოჰყვეს. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ასეთი ჭექა-ქუხილისთვის აღმოჩნდა აუცილებელი, რომ მას ოპოზიციური ალიანსი შეექმნა.

"რ": როგორ ფიქრობთ, ამ საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, მთავარ მოთამაშე ფიგურებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენენ?

ს.ც: დამოუკიდებლად არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" არაფერს წარმოადგენენ. აქ მთავარი ფიგურები, მხოლოდ მათი დამფუძნებლები არიან, რომლებმაც პარტიის თითოეული წევრი იმისთვის შეარჩია, რომ მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ.

ეს მონამორჩილება მათ იმდენად აქვთ გამჯდარი, რომ ისინი საკუთარი ნებასურვილით გადაწყვეტილებებს დღემდე ვერ იღებენ. რა თქმა უნდა, ამ ორ ადამიანს თავის პირმშოებზე დიდი გავლენა აქვთ და მათ მიმართ ავი დედინაცვლის როლს ასრულებენ. იმედია, რომ კარსმომდგარი არჩევნები მათ ასეთი ფუნქციისგან გაათავისუფლებს.

"რ": რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის ეკრანზე გამოჩენის შესახებ, "ქართულ ოცნებას" ისე გაუჭირდა, რომ მათ ივანიშვილის ამ ფორმით დახმარება სჭირდებათ?

ს.ც: ჩემი აზრით, ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია. გვახსოვს მისი განცხადება, რომ წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერეოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის თავს კომფორტულად გრძნობს მაშინ, როდესაც პერიოდულად ჩნდება და თან პრემიერ-მინისტრის ფუნქციებსაც ითავსებს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ მან, როგორც კი "ოცნება" თავის ნებაზე მიუშვა, აღმოჩნდა რომ მის სიაში ის ადამიანები მოხდნენ, რომლებსაც სტადიონზე ფეხბურთი ერთხელ მაინც უთამაშიათ. ამიტომ, ივანიშვილის გამოსვლა ლოგიკურია, მაგრამ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ ეს გამოსვლა შედეგით დასრულდეს. 

მისი სურვილი საზოგადოებასთან სისტემატური ურთიერთობისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მის გუნდს კარგად წაადგეს.

"რ": 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ვხედავთ, რომ პრორუსული პარტიები უფრო აქტიურობენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, ამ ხალხზე საზოგადოებაში მოთხოვნა მართლაც არსებობს?

ს.ც: ეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების და ქართველი საზოგადოების კიდევ ერთი შეცდომაა. რადგანაც წლიდან-წლამდე, გულზე ხელდაკრეფილი ვუყურებთ, როგორ იზრდება რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რბილი რუსული ძალის პროპაგანდას ეწევიან. 

მხოლოდ ერთი ქოლგის ქვეშ შეყრილ ნაცისტურ არასამთავრობო ორგანიზაციაში ასზე მეტი პატარ-პატარა ჯგუფებია გაერთიანებული.

სრულიად გაუგებარია, როგორც ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საზოგადოებას, რატომ დარჩა უყურადღებოდ ის მნიშვნელოვანი კვლევა, რომლიც 2016 წლის დასაწყისში "ლიბერალურმა აკადემიამ" და მისმა ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა გამოაქვეყნეს. მან თავისი კოლეგების დახმარებით, უნიკალური ინფორმაცია მოიპოვა, რომლის სათაურია "რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გავლენა საქართველოზე". მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×