ამიერკავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და ფეთქებადსაშიშია. ამის მიზეზი მის ტერიტორიაზე არსებული სამი კონფლიქტური ზონაა. ამ რაიონებში დროდადრო სიტუაცია კიდურესად იძაბება, რასაც შედეგად ომი და სისხლისღვრა ახლავს.
ამასთან, აქ მთელი რიგი "მძიმეწონიანი" სახელმწიფოს ინტერესები ოდითგანვე იკვეთება, რაც ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია ჰქონდეს ძლიერი და ანგარიშგასაწევი სამხედრო პოტენციალი, რათა მის წინაშე არსებულ რისკებსა და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.
ალბათ ყველას ახსოვს, რა გამალებული ტემპით მიმდინარეობდა რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს მილიტარისტული პოტენციალის ზრდა 2004-2008 წლებში. თბილისს არც ერთმანეთის მოქიშპე სომხეთი და აზერბაიჯანი ჩამორჩებოდნენ. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი სამხედრო ხარჯები, მისი სამხრეთელი მეზობლებისაგან განსხვავებით, შეამცირა. ბაქო და ერევანი კი პირიქით, მილიტარიზაციის გზას დაადგნენ, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს.
ასე მაგალითად, 2014 წელს სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 469 მლნ აშშ. დოლარს შეადგენდა, 2015 წელს კი 474 000 000 $. ბაქომ 2014 წელს საკუთარი არმიის ბრძოლისუნარიანობაზე 2,100 მლრდ.$ გამოჰყო, ხოლო მომდევნო წელს, ნავთობის ფასის ვარდნის გამო ეკონომიკაში წარმოქმნილი პრობლემების გამო ხარჯები შეამცირა.
2015 წლისათვის აზერბაიჯანელ სამხედროებს სახელმწიფომ 1,738 მლრდ ამერიკული $ გამოუყო. საქართვეოს არმიის ბიუჯეტი მეზობლებთან შედარებით მოკრძალებულია და 2015 წლის მდგომარეობით 324 მლნ $ შეადგენს.
გასაგები მიზეზების და გამო, ეკონომიკურად სუსტი თბილისი და ერევანი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს სამხედრო ხარჯებში ვერ გაეჯიბრება, რაც აისახება კიდეც ამ უკანასკნელის არმიის აღჭურვილობაზე.
ის თავის არსენალში საკმაოდ თანამედროვე და ძვირადღირებულ ტექნიკას ფლობს. ბაქო იარაღს ისრაელიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, თურქეთიდან, პაკისტანიდან და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ერევნის სტრატეგიული მოკავშირე, რუსეთისაგან იძენს. ეს ფაქტი სომხური საზოგადოების აღშფოთების საგანი მუდმივად ხდება.
ე.წ. "აპრილის ომის" დროს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხების წინააღმდეგ რუსების მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებდნენ, ადგილობრივთა პროტესტმა პიკს მიაღწია.
განაწყენებული სომხების გულის მოგება მოსკოვმა იმ 200 000 000 $ უპროცენტო კრედიტით სცადა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუყო თავის სტრატეგიულ პარტნიორს. ამ ფულით, ერევანი კრემლისაგან შეიძენს იმავე სახის შეიარაღებას, რაც მან ბაქოს მიაწოდა.
ეს ერთგვარად ამ ორი დაპირისპირებული მხარის პოტენციალს კი გაათანაბრებს. თუმცა კი ერთმანეთისადმი ნეგატიურად დამოკიდებული მოთამაშეებისათვის იარაღის მიწოდება რამდენად ითამაშებს შემაკავებელ ეფექტს, რთული სათქმელია.
დღესდღეობით სომხეთის არმია 44 800 ჯარისკაცს, 109 ტანკს, 345 ჯავშანმანქანას, სხვადასხვა კალიბრის 232 საარტილერიო დანადგარს, სხვადასხვა დანიშნულების 18 სამხედრო თვითმფრინავსა და 26 შვეულმფრენს ითვლის.
ამასთან, აქვე უნდა ვიგულისხმოთ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, რომელთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სტეფანაკერტი ერიდება. თუმცა, ცნობილია, რომ ყარაბაღელთა შეიარაღებაში 130-მდე ტანკი, 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 200-მდე საარტილერიო დანადგარი და 10 დამრტყმელი ვერტმფრენია.
ამასთან, სომხეთის საჰაერო სივრცეს, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი ს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და მიგ 29 ტიპის 14 გამანადგურებელი თვითმფრინავი იცავს.
დასასრული
ცნობისთვის, სომხური არმიის შეიარაღებაში არსებული ტექნიკისა თუ ცეცხლსასროლი იარაღის უდიდესი ნაწილი საბჭოური წარმოების არის.
აზერბაიჯანული არმიის შეიარაღების ნუსხა უფრო შთამბეჭდავია, რადგანაც, როგორც აღინიშნა, მას უფრო დიდი ფინანსური რესურსები და უფრო მრავალრიცხვოვანი მიმწოდებლები ჰყავს. 
არმიაში აზერბაიჯანის 66 960 მოქალაქე მსახურობს. მათ განკარგულებაში 439 ტანკი (მათ შორის რუსული წარმოების 100-მდე ტ-90 ტიპის თანამედროვე ტანკი), 961 ჯავშანტრანსპორტიორი, სხვადასხვა კალიბრის 542 საარტილერიო დანადგარი, 35 საბრძოლო თვთმფრინავი და 70-მდე შვეულმფრენი არის.
აზერბაიჯანს კასპიის ზღვაში ანგარიშგასაწევი სამხედრო ფლოტილიაც ჰყავს. მის შეიარაღებაშია დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები, აგრეთვე მძლავრ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაც საჰაერო სივრცის გაკონტროლების ეფექტურად საშუალებას იძლევა.
საგულისხმოა, რომ ორივე ზემოხსენებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები არის, რაც მათთვის ერთგვარ "გრძელ ხელს" წარმოადგენს.
გასაგებია, თუ რატომ იარაღდება ჩვენი მეზობელი ეს ორი სახელმწიფო ასე გამალებით, ბაქოს 1990-იანი წლების ყარაბაღის სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაკარგული ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ექვსი რეგიონის ნებისმიერ ფასად დაბრუნება სურს, სომხეთს კი მათი შენარჩუნება.
ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოსაც აქვს. თუმცა თბილისის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გამორიცხავს სამხედრო სცენარს, რადგან ორივე ურჩ რეგიონში მოსკოვმა საკმაოდ მძლავრი სამხედრო ბაზები განათავსა, რომლებიც თავისი შეიარაღებითა და პოტენციალით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ არმიას რიგ კომპონენტებში აღემატებიან კიდეც.
ქართული არმიის შეიარაღებაში როგორც საბჭოური, აგრეთვე თურქული და ებრაული წარმოების შეიარაღება, ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები არის. თუმცა საგულისხმოა, რომ სასურველია ჯავშანტექნიკის პარკის განახლება-მოდერნიზება, რადგანაც ტ-72 ტიპის ტანკები, რომლებიც ქართული არმიის შეიარაღებაშია, მოძველებულია, ხოლო 2008 წელს განახლებული ტ-72 სიმ1 დიდი ნაწილი მოწინააღმდეგემ ან გაანადგურა, ან ალაფის სახით წაიღო.
ამასთანავე, უმწვავეს პრობლემად რჩება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტური საშუალებების სიმცირე, ძალიან სუსტი და მცირერიცხვოვანი სამხედრო-საჰაერო ძალები, თუმცა აღსანიშნავია ის უდავო უპირატესობა, რომელიც ქართულ, საკონტრაქტო პრინციპზე მოქმედ არმიას მის მეზობლებთან აქვს, ეს დისციპლინირებულობის მაღალი დონე (სომხურ და აზერბაიჯანულ არმიაში არასაწესდებო ურთიერთობის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მაღალია, აქტუალურია ე.წ. "დედოვშინის" ინსტიტუტიც) და საბრძოლო გამოცდილების ქონაა.
საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობამ და აგვისტოს ომმა ჯარს მნიშვნელოვანი უნარები შესძინა.
სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, მანამ სანამ ქართული არმია არ აღიჭურვება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტური საშუალებებით, მანამ მის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი რთულია.
"აგვისტოს ომმა ნათლად გვიჩვენა, რომ რუს ჯარისკაცებზე უკეთ ეკიპირებულ და მოტივირებულ ქართულ არმიას მოწინააღმდეგის ავიაციამ დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ფიზიკური, აგრეთვე ფსიქოლოგიური.
"სამწუხაროდ, იმ ომის დროს დაშვებული ბევრი შეცდომა ამ დრომდე არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და ბევრი დასკვნა ჯერ კიდევ გამოსატანია. ჩვენ დღეს, ჩვენი მეზობლებისაგან განსხვავებით, საჰაერო სივრცეს პრაქტიკულად ვერ ვაკონტროლებთ. ეს კი თანამედროვე ომის პირობებში გარანტირებული მარცხის საწინდარია.
"სომხური არმია, რუსული გრანტის ათვისების შემდეგ აღიჭურვება ისეთი მრისხანე და ანგარიშგასაწევი ძალით, როგორიც მაგალითად არის "სმერჩი"-ს ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
"აზერბაიჯანი თავისი ბუნებრივი რესურსების წყალობით, იარაღს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იძენს, ჩვენ კი მაყურებლის როლში გამოვდივართ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ინაური.
მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი მეტწილად სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება, რაც ადამიანური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა ომს არა მაღალანაზღაურებადი, არამედ კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი იგებს.
"საბედნიეროდ, საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს და შესაბამისად ჩვენ ორი მეზობელ ქვეყნის არმიის პოტენციალის ცვლილება ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის.
"თუმცა თუ ყარაბახის კონფლიქტსა და ბაქო-ერევანის ურთულეს ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, ფართომასშტაბიანი საბრძოლო კონფლიქტის ალბათობა მცირე არ არის. ეს კი ჩვენს რეგიონს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენებს.
"ამასთან, რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგარ რუსულ საოკუპაციო ჯარს, კარგად აღჭურვილმა ქართულმა არმიამ სერიოზული და ანგარიშგასაწევი მეტოქის სახე უნდა აჩვენოს.
"მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძლიერი ჯარის შექმნას დიდი ეკონომიკური რესურსები ჭირდება, რაც სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს. თუმცა, როგორც ნაპოლეონმა თქვა, "ქვეყანა, რომელსაც არ სურს შეინახოს საკუთარი ჯარი, იძულებული იქნება, შეინახოს სხვა სახელმწიფოს არმია".