ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსვლას პოლიტოლოგები არჩევნების მნიშვნელობით ხსნიან და ამბობენ, რომ რეალურად საქართველო ამ არჩევნებით დემოკრატიის ტესტს აბარებს, რომლის შედეგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
შესაბამისად, მათივე თქმით, ასევე ბევრია დამოკიდებული სადამკვირვებლო მისიების დასკვნებზეც, რომლებმაც არჩევნები დადებითად ან უარყოფოთად უნდა შეაფასონ.
იმ შემთხვევაში, თუ შეფასება უარყოფითი იქნება, პოლიტოლოგების თქმით, ქვეყანა ბევრ საკითხში დაზარალდება. პირველ რიგში კი საგარეო ურთიერთობების კუთხით და საფრთხე ქვეყნის ევროპულ მომავალსაც აშკარად დაემუქრება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაავრცელა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.
"ჩვენ ეუთოსთან ამ მიმართულებით 1999 წლიდან ვთანამშრომლობთ. წელს ამ არჩევნებს ეუთოს მისიის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის მონიტორი დააკვირდება. ეს მისია მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ეუთოს გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ საქმიანობაში ხელი შეუწყონ.
"ჩვენ არსებული მდგომარეობა განვიხილეთ, ის მშვიდი გარემო, რომელიც დღეს არის წინასაარჩევნოდ. ასევე ყველა შესაძლებლობა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილი, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ, როგორც მედიასივრცით, ასევე ყველა იმ ბერკეტით, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებათ.
"დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების კუთხით და იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ", - განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით, ეუთოს მისიასთან ერთად საქართველოში მოწვეულია ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გუამი, აფრიკის გაერთიანება და ასე შემდეგ. სულ, ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით 80-მდე სახელმწიფოა მოწვეული.
წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ განცხადება არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება, საბოლოო ანგარიშს კი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (წვშრკ) არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე გამოაქვეყნებს.
მისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე კელთჩევსკის თქმით, მისია 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც ჯგუფებად გაიყოფიან და დაკვირვებას მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებენ.
"ჩვენ ასევე მოვითხოვეთ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა ეუთოს წევრი ქვეყნებიდან და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც დააკვირდება კონკრეტულად საარჩევნო დღის მიმდინარეობას.
"მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს ვალდებულებებსა და და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, ასევე, მის შესაბამისობას ქვეყნის კანონმდებლობასთან.
"დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, სააარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას. გარდა ამისა, მისია, სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას", - განაცხადა ალექსანდრე კელთჩევსკიმ.
მუშაობის პერიოდში მისია შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
უპრეცენდენტოთ ბევრი საერთაშორისო მონიტორის ჩამოსვლა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენ ევროპის კარებს ძალიან მივუახლოვდით და უახლოეს დღის წესრიგში უკვე ვიზალიბერალიზაციაც დგას. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ევროპისათვის დამახასიათებელ სტანდარტებთანაა დაკავშირებული.
ამბობს, რომ ეს არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ევროპამ გაარკვიოს, თუ რამდენად ინტენსიურად გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან. შესაბამისად, სპეციალისტი აბსოლუტურად კანონზომიერად მიიჩნევს იმას, რაც ახლა ხდება. აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი ფინალური ტესტია, რის შემდეგაც ჩვენ ევროპისაკენ უფრო სწრაფად სვლა შეგვეძლება.
"საერთოდ, დემოკრატიაზე ტესტი ჩაბარებულია არა მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება (რაც 2012 წელს მოხდა), არამედ როცა ეს განმეორებითაც ხდება. ერთხელ შეცვლა საკმარისი არაა.
"ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახლა კრიტიკული წერტილია, რათა ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი შეიძინოს. მითუმეტეს, რომ უახლოეს დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის საკითხი დგას. შესაბამისად, ამ არჩევნების ისე ჩატარება, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ დამკვირვებლად 80-მდე სახელმწიფო მოიწვია, ხუხაშვილი ჩვეულებრივს უწოდებს და ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლება ასე იქცევა და რომ "ეს სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს".
"რომელ ხელისიფლებას აწყობს გართულებები? ეს არავის უნდა. მოწვევა ერთია, მაგრამ გააჩნია, ვინ ჩამოვა", - დასძენს იგი.
არჩევნები რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც ეთანხმება.
მისი აზრით, "ოცნებამ" ამით უნდა დაამტკიცოს, რომ ყველა წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნები და მასთან დაკავშირებული დარღვევები - კარუსელები, ბიულეტინების სანაგვეში პოვნის ისტორიები, ცემა-ტყეპა, ურნების გატაცება და ა.შ. ეს წარსულს ჩაბარდა. რომ ახლა სულ ახალი ტიპის არჩევნები და რაც მთავარია, მის შემდეგ კითხვის ნიშნები აღარ უნდა დარჩეს.
ცინცაძის თქმით, ისე არ უნდა მოხდეს, რომ დამარცხებულმა პარტიებმა პროტესტის უკანასკნელ ფორმებს მიმართონ, ან საზოგადოებაში უსამართლობის შეგრძნება გაჩნდეს. ასე რომ, მისი აზრით, რაც მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა, ლეგიტიმაციისათვის მით უკეთესია.
თუმცა, ხელისუფლება, ცინცაძის თქმით, ბევრს არაფერს რისკავს, რადგან უცხოელი მონიტორები ძირითად რაღაცეებს აკვირდებიან - უბნებზე ადგილი ხომ არ აქვს ზეწოლას, სადმე ძალადობა ხომ არ შეიმჩნევა და ა.შ.
"მითუმეტეს, რომ ხელისუფლებამ ისედაც მოინთავისუფლა საარჩევნო ველი. თუნდაც იმით, რომ 5 პარტიისათვის გამოყოფილი სატელევიზიო დრო ბევრს გადაუნაწილა და იმითაც, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა. ამ არჩევნების ბედს ისევ მაჟორიტარები გადაწყვეტენ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, "ოცნება" ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდებოდა", - დასძენს ცინცაძე.
უცხოელი დამკვირვებლების დადებულ დასკვნაზე კი, მისი თქმით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალიც. თუმცა აქვე იმასაც დასენს, რომ ხელისუფლებები მათ დასკვნებს ყურადღებას, როგორც წესი, ნაკლებად აქცევენ.
იხსენებს, რომ საქართველოშო ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა დამკვირვებლების უარყოფითი დასკვნის შედეგად არჩევნების შედეგები შეცვლილიყო. მაქსიმუმი, რაც ცინცაძის აზრით ამას შეიძლება მოჰყვეს, ისაა, რომ ეუთო კიდევ ერთ საყვედურს დააფიქსირებს. ეს კი, მისივე თქმით, ცოტა ხანში არავის ემახსოვრება.
"რეალურად კი, არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მათ მართლაც ჰქონდათ დარღვევები. ასეთი რამ არც მომხდარა და არც მოხდება. მიუხედავად ამისა, მაინც კარგია თუ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვა.
"ხელისუფლება დაინტერესებულია სათქმელი ჰქონდეს, რომ მან პირველად ჩაატარა არჩევნები, სადაც ხალხი უკმაყოფილო არაა და პროტესტი ნაკლებია. ასე რომ, ამდენი დამკვირვებლის მოწვევაში გასაკვირი არაფერია", - დასძენს პოლიტოლოგი.