ინტოქსიკაციის დიაგნოზით 180-ზე მეტი ადამიანი მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები ან სასმელია.
შემთხვევა სადახლოში მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, ყველა მოწამლული ქორწილში იმყოფებოდა. მოწამლულთა შორის არიან ბავშვებიც.
ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სურსათის ეროვნული სააგენტო მარნეულში ადამიანების ჯგუფურ მოწამვლაზე მოკვლევას ატარებს.
უწყების ცნობით, სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქულია საბანკეტო დარბაზის მაცივრები.
"ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლევის შედეგებს და რეაგირების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას დამატებით აცნობებს", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორანში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა.
თქვენი აზრით, ექცევა თუ არა სურსათის უვნებლობის საკითხს სათანადო ყურადრება? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "ეს ფაქტი რომც არ მომხდარიყო, პრაქტიკულად ეს საკითხი გარემოს დაბინძურებასთან ერთად ყველაზე საგანგაშოა. ერთადერთი, რა მიღწევაც საკვები პროდუქტების თვალსაზრისით ბოლო წლებში გვაქვს, ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების აკრძალვა და შეფუთვაზე რძის ფხვნილის შემცველობის მითითებაა.
საერთო ჯამში, სხვადასხვა სახის პროდუქტების მავნებლობაზე პრაქტიუკლად არ ვართ ინფორმირებულები. სურსათის უვნებლობის თემა სერიოზულად მოსაგვარებელია. მე პირადად, როგორც მომხმარებელი და მამა, საკმარისად მშვიდად არ ვგრძნობ თავს."
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "მე როგორც ვიცი, კონტროლი სურსათის უვნებლობაზე იყო და მიხეილ სააკაშვილის დროს ეს გააუქმეს. აუცილებელია სურსათზე კონტროლი, ხომ ხედავთ, რა საშინელება მოხდა? ამაზე სერიოზული კონტოლი უნდა იქნას განხორციელებული. ჩვენ ამ მხრივ დაცულები არ ვართ."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექორ-უბრანისტი): "რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია, არაფერს არ ექცევა ყურადღება. არ არსებობს სანიტარიული სამსახურები. ქართველ კაცს მისი მდგომარეობის გამო ეს კონტროლი ესაჭიროება.
ადამიანის მართვის ორი მეთოდია - პირადი ინტერესი და შიში, აი სწორედ შიშმა შექმნა ის, რომ დღეს ავტომობილში ღვედს ყველანი ვიკეთებთ. ამ სამსახურების მოშლამ, საზოგადოებაში სისტემური მოშლა გამოიწვია და ამას პირდაპირ "ნაციონალურ მოძრაობას" ვაბრალებ."
ქეთი ბექაური (იურისტი): "სურსათის უვნებლობის საკითხს რამდენადაც მე ვიცი, ყურადღება ექცევა და სათანადო ლაბორატორიებიც არსებობს. რიგ სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ სათანადო სტრუქტურები ამ ხაზით მუშაობენ.
მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას ვერ მივცემ, მანამ ადეკვატური დასკვნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ დაიდება. არ მაქვს, უფლება ხელაღებით რამე ვამტკიცო. ექსპერტიზის შემდგომ უკვე შეიძლება ამაზე ზუსტი ანალიზი გავაკეთოთ."
ანა რატიანი (ჟურნალისტი): "სურსათის უვნებლობის საკითხს არანაირი ყურადღება არ ექცევა. კომუნისტების დროს მოწმდებოდა ეს ყველაფერი. რესტორნებში ხარისხი და სისუფთავე უნდა შემოწმდეს. ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, რამდენად ჯანმრთელები არიან ის ადამიანები, ვინც იქ საკვებს აკეთებს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე