საქართველოს ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება. 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 2,7%-ია, ივლისში კი მშპ მხოლოდ 2,1%-ით გაიზარდა. თუკი დარჩენილ 5 თვეში (აგვისტოს ჩათვლით, რადგან გასული თვის მონაცემები ჯერ უცნობია) ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა არ გაიზარდა და ეკონომიკა არ გამოცოცხლდა, მშპ-ს ზრდის 3,5%-იანი საპროგნოზი მაჩვენებლის მიღწევა ძალიან გაჭირდება. წინ საარჩევნო თვეებია და ასეთ დროს ეკონომიკური ზრდის პროცესი მუდმივად ნელდება.
გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში მშპ-ს ზრდის ტემპი ნელდება, იკლებს ინვესტიციების ოდენობაც და ბიზნესიც მოლოდინიც რეჟიმშია. ამჯერად, სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე მთავრობის მოლოდინი და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზიც.
ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და ეროვნულმა ბანკმაც. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება.
როგორც ცნობილია, პროგნოზში კორექტირება შეიტანა ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ის მონაცემებით წელს, ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება, რაშიც ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, პოზიტიურ წვლილს შეიტანს მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა. იმავე პროგნოზით, უარყოფითი წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს, რაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარებითაა გამოწვეული. "2016 წელს შესუსტდება საქონლის ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების შემოდინება", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის აგვისტოს ანგარიშში.
ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. მათი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 3,4%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკას 3%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებს.
როგორც ყოველთვის, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. სსფ-ს გათვლით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2,5%-ს ვერ გასცდება.
იმ შემთხვევაში, თუკი ყოველთვიური ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, როგორც ახლაა, მაშინ დიდი ალბათობით, სსფ-ს პროგნოზი გამართლდება. ანალიტიკოსების აზრით, ყველაფერი მაინც დარჩენილ 4 თვეზეა დამოკიდებული, რამდენადაც ეკონომიკაში დადებითი ძვრა, როგორც წესი, სწორედ წლის მეორე ნახევარში შეინიშნება.
რაც შეეხება ოფიციალური მონაცემებს, იგი ასე გამოიყურება: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1%, 2016 წლის || კვარტალის მთლიანი შიგა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1%, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7% შეადგინა.
ტრადიციულად, ზაფხული და განსაკუთრებით ივლისი ეკონომიკური აქტიურობით არ გამოირჩევა. მაგალითად, შარშანაც მშპ ივლისში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა კი 2,6% იყო. გამონაკლისი აღმოჩნდა 2013 წლის ივლისი, მაშინ მშპ-ს ზრდამ 7,2% შეადგინა, 7 თვეში კი ქვეყნის ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლეულს ყველაზე "შთამბეჭდავი" ეკონომიკური მატება აპრილში გვქონდა - 4,3%, მაისში - 2,1%, ივნისში - 2,9%, ივლისში კი მხოლოდ 2,1%.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებია ქვეყნის ეკონომიკა მცირდება. სპეციალისტების აზრით, ეს საგანგაშო არ არის და არც ისაა გამორიცხული, რომ წლის ბოლოს მშპ-მ საპროგნოზო მაჩვენებელსაც მიაღწიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დარჩენილ პერიოდში ეკონომიკა გამოცოცხლდება და ქვეყანაში ინვესტიციები შემოვა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის თქმით, პროგნოზი 100%-ით ყოველთვის არ სრულდება. უფრო მეტიც, ნებისმიერ ასეთ მონაცემში პროგნოზის დამგეგმავი სუბიექტის სურვილი უფრო იკითხება, ვიდრე რეალური პოტენციალი და რესურსი. ამიტომაც ყოველთვის არსებობს გარკვეული ეჭვის საფუძველი.
სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკას ერთი ასეთი თავისებურება გააჩნია, კერძოდ, წლის მეორე ნახევარში იქმნება იმ წლის მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 54-55%. იმისდა მიხედვით თუ როგორია სოფლის მეურნეობის მოსავალიანობა და მოსავლის სიდიდე, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სხვაობა წლის პირველ და მეორე ნახევარს შორის.
"მემცენარეობის ცალკეული მიმართულების მიხედვით (ვგულისხმობ მარცვლელს) ჩვენ წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე შარშან. ამ ეტაპზე ჩვენ, ფაქტობრივად, გვექნება ვარაუდის საფუძველი, რომ სოფლის მეურნეობა საკმარის რესურს იძლევა გადამამუშავებელი მრეწველობისა და აქედან მულტიპლიკატური ეფექტის ამოქმედებისთვის. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული იმედის და პოტენციის რესურსის ნამდვილად არსებობს. რამდენად იქნება საკმარისი ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ 3,5%-იან ზრდას მივაღწიოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა არჩვაძემ და იქვე დასძინა, რომ ის ათვლის წერტილი, რომელიც ახლაა, მაინც გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ავთანდილ სილაგაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკის ზრდამ, შესაძლოა, საპროგნოზო მაჩვენებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწიოს, თუკი საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.
"ჯერჯერობით იმის თქმა, რომ დაგეგმილ 3,5%-იან მაჩვენებელს ქვეყანა ვერ მიაღწევს, არ შეიძლება. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ და მხოლოდ წლის პირველ 7 თვეზე, წინ კიდევ 5 თვის შედეგებია. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში მოხდეს გარკვეული კომპენსირება და ქვეყანა გავიდეს იმ საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც იყო დაგეგმილი. გამორიცხული არ არის, მივაღწიოთ კიდეც სასურველ ეკონომიკურ ზრდას. ამის შესაძლებლობა ინვესტიციების მატების შემთხვევაში ნამდვილად არსებობს", - დასძინა სილაგაძემ.
ხომ არ იჩქარა მთავრობამ და სებ-მა ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზირებისას და საერთოდ, გაიზრდება თუ არა ქვეყნის მშპ 3,5%-მდე, ამას შემოდგომის თვეები აჩვენებს. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს და ქვეყნის მთავარი პრობლემის მოგვარება - უმუშევრობა, სიღარიბის დონის შემცირება - ვერ ხერხდება. ხელისუფლებაში, ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ მეზობელი ქვეყნები უარეს მდგომარეობაში არიან. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ზრდა გვქონდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს.