ბოლო 3 წელიწადში სიგარეტზე აქციზი გაორმაგდა, თუმცა თამბაქოს რეალიზაციამ 14%-ით მოიმატა
თამარ ლომიძე
01.09.2016

ბოლო 3 წელიწადში, ანუ 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოყოლებული, თამბაქოს პროდუქტებზე, როგორც ფილტრიან, ისე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ გაიზარდა. შედეგად ამ პერიოდში სიგარეტის საცალო რეალიზაციის ფასი გაორმაგდა.  მიუხედავად ამისა, გადასახადის განაკვეთის ზრდას და თამბაქოს გაძვირებას სიგარეტის მოხმარების შემცირება არ გამოუწვევია.

თამბაქოზე აქციზი ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან სააქციზო განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) 0,20 ლარით გაიზარდა და 1,10 ლარი შეადგინა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ცალი) - 0,05 თეთრით და 0,30 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 5-დან 10%-მდე გაიზარდა პროპორციული განაკვეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის (20 ცალი) აქციზზე. 

 აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ე. წ. "შერეული სისტემა" ამოქმედდა. აქციზი თამბაქოს ნაწარმზე როგორც რაოდენობითა და წონით, ასევე საცალო გაყიდვის ფასის შესაბამისად განისაზღვრება.  ე.წ. შერეული სისტემის თანახმად, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის მთავრობის მიერ დადგენილი პროცენტის ჯამი.

მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1-ელ სექტემბერს გააძვირა. ერთ ყუთი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გაიზარდა 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი - 15 თეთრიდან 20 თეთრამდე. მას შემდეგ კიდევ სამჯერ მოხდა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდა. ამასთან, როგორც აღვინიშნეთ, 2015 წლიდან შემოვიდა აქციზის გადასახადის პროპორციული განაკვეთი და ის ერთი კოლოფი სიგარეტისთვის 5%-ით განისაზღვრა, თუმცა ერთ წელიწადში გაორმაგდა და დღეისათვის ის 10%-ს შეადგენს.

შედეგად, ბოლო სამ წელიწადში ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 1,10 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე - 15 თეთრიდან 30 თეთრამდე გაიზარდა; ანუ არსებული აქციზის გადასახადის განაკვეთი გაორმაგდა და ამას დაემატა ახალი პროპორციული აქციზის განაკვეთი, რომელიც 10%-ს უტოლდება.

გადასახადის გაზრდის მიზანია თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ფაქტობრივად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების იდეით განხორციელებულმა პოლიტიკამ სულ სხვა შედეგი მოიტანა.

"საქართველოში მწეველთა რაოდენობის ყოველწიური სტატისტიკა არ წარმოებს, თუმცა მოხმარების რაოდენობის დადგენა რეალიზებული სიგარეტის ოდენობით შეგვიძლია დავინახოთ. ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა მცირე კლება 2014 წელთან შედარებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუ 2012 წლის მონაცემებს (სანამ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა დაიყებოდა) შევადარებთ 2015 წლისას, დავინახავთ, რომ თამბაქოს იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. ბოლო 3 წელიდაში აქციზის გადასახადის გაორმაგებამ, შედეგად საცალო სიგარეტის ფასის ორჯერ ზრდამ მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ, პირიქით, გაზარდა.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიგარეტზე გადასახადების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს ან მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ეკონომისტებმა იციან, რომ სიგარეტი ფასის მიმართ არალერევანტური პროდუქტია და მისი გაძვირება, მოხმარების შემცირებას არ იწვევს, როგორც ეს სხვა პროდუქციის შემთხვევაში ხდება. მწეველი, რომელსაც გაძირებული სიგარეტის ყიდვა ურთულდება, უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე გადადის.

ამიტომ თუ ჩვენ რეალურად გვინდა მწეველთა რაოდენობის შემცირება, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი პოლიტიკის განხორციელებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და არა პროდუქციის გაძვირებით, რაც წინასწარ ცნობილია, რომ შედეგს არ მოიტანს. აქციზის გადასახადი, როგორც დღგ, არაპირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება და მისი გადახდა მომხმარებელს უწევს. შედეგად გაზრდილი აქციზის გადასახადის დაფინანსება ისევ და ისე რიგირთ მომხმარებელს უწევს საკუთარი ჯიბიდან", - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×