არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. მსხვილ აგს-ებში ფასის ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა საბითუმო ბაზარზე ცვლილებებია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ქვეყანაში მარაგის სიმცირეა, რაც მცირე ავტოგასამართი სადგურებისთვის ტრადიციული პრობლემაა.
მსხვილ ავტოგასამართ სადგურებში საფასო ცვლილებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასის მცირე ზრდა ფიქსირდება. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ადეკვატურ გავლენას იგი ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს. დიდი ალბათობით, კომპანიებს ფასის დაკორექტირება მოუწევთ.
ბოლო მონაცემით, საბითუმო ბაზარზე 1 ლ დიზელის ფასი 1,16 ლარს შეადგენს, ხოლო იმავე მოცულობის ბენზინი 1,28-1,29 ლარის ფარგლებში იყიდება.
ამ ეტაპზე არაბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი ამ 1.40 ლარის ფარგლებში მერყეობს მაშინ, როცა "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე "ევრორეგულარი" 1,59 ლარი ღირს, დიზელი - 1,52 ლარი. "ვისოლის" ქსელში "ევრორეგულარი" 1.64 ლარად იყიდება. ყველაზე ნაკლებ ფასი "ლუკოილშია", სადაც მომხმარებელს ამ ტიპის საწვავის შეძენა 1,49 ლარად შეუძლია, ხოლო "ევრო დიზელის" ფასი 1,54 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, 2016 წლის 30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგით, ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა. კერძოდ, ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 1 ბარელზე 48,67 დოლარი შეადგინა, ნიუ იორკში კი "ლაითის" ტიპის ნავთობი 46,26 დოლარი ღირს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავზე ფასის ფვლილება არ იგეგმება. რამდენ ხანს შენარჩუნდება არსებული ფასი, ესეც რთული სათქმელია. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ღირებულება ბოლო დრომდე იზრდებოდა და 2-3 დღეა, ფასმა გეზი შემცირებისკენ აიღო. აქამდე ქართველი იმპორტიორები, არსებული მარაგის ფონზე, ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი გააძვირეს, საბითუმო ბაზარზე არსებული ცვლილებაა. მცირე კომპანიები შესყიდვას საბითუმო ბაზარზე ახდენენ, თავად მათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პროდუქტი არ შემოაქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ფასი არის მომატებული (მათ შორის, პლატცის" ფასიც), ცვლილება მცირე ბენზინგასამართ სადგურებზეც აისახა.
1 ტონა ბენზინი და დიზელი დაახლოებით 80-90 დოლარით არის გაძვირებული. ბოლო პერიოდში ფასმა მცირეოდენი ცვლილება განიცადა და შემცირება დაიწყო. ჩვენ ბაზარზე ჯერჯერობით ცვლილება არ შეინიშნება. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს არ გააჩნიათ მარაგი, შესასყიდი ხარჯი გაეზარდათ და ამიტომ საწვავი 5 თეთრით გააძვირეს", - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.
არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაძვირების მიზეზად კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძეც საბითუმო ფასს ასახელებს. იგი ფიქრობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საწვავის ფასი მეტ-ნაკლებად სავალუტო კურსმა დაარეგულირა და ლარის მცირე გამყარებამაც ამ მხრივ სასიკეთოდ იმოქმედა.
"როდესაც ფასი საერთაშორისო ბაზრებზე მატულობს, მცირე დაგვიანებით, აქაც იგივე ხდება. ლარის გამყარებამ ადგილობრივ ბაზარზე ფასი მეტ-ნაკლებად დააბალანსა. ამიტომაა, რომ სხვაობა ჯერჯერობით მცირეა.
ბოლო პერიოდში საბითუმო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი გაზრდილია. საერთაშორისო ბაზარზეც გაძვირება შეინიშნებოდა, ბოლო 2 დღეა, მცირედით კლებაა, მაგრამ ეს ადგილობრივ ფასზე გავლენას ვერ მოახდენს.
საწვავის ფასის პროგნოზი ყოველთვის ჭირს, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. მესმის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება გაიაფების ხელშემწყობი პირობაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი", - აცხადებს იაკობიძე.
ორხევში მდებარე ერთ-ერთ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ 1 ლიტრი "რეგულარის" ფასი 1.38 ლარია. საწვავის რეალზიატორი ვასო კეიდია ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტს რუმინეთიდან ახორციელებს.
"ფასში მცირე სხვაობა მუდმივად არის. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი ჩვენთანაც გაძვირდა, მომხმარებლის სიმცირე არ შეინიშნება. გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომლებიც მუდმივად ჩვეგან ყიდულობენ საწვავს. უპირატესობა მხოლოდ ფასი არ არის. კარგი ხარისხის საწვავს ვყიდით, რასაც მომხმარებელი ყველაზე მეტად უწევს ანგარიშს", - ამბობს ვასო კეიდია.
"საწვავს ადგილობრივ ბაზარზე, "სოკარისგან" ვყიდულობთ. ცოტათი გაგვიძვირდა, ამიტომ იძულებული გავხდით, ადეკვატური ზომისთვის მიგვემართა და ცოტათი გავაძვირეთ. იმედი მაქვს, ცვლილება დიდხანს არ გაგრძელდება და საწვავის გაიაფების შესაძლებლობა გვექნება", - ამბობს ლევან ჩუბინიძე, დიღომში მდებარე მცირე აგს-ის თანამშრომელი.
გამოდის, რომ საწვავის საბითუმო ფასი ბრენდირებული და არაბრენდირებული სადგურებისთვის თითქმის გათანაბრდა. ამ უკანასკნელის უპირატესობა კი ისაა, რომ მომხმარებელს საწვავს შედარებით იაფად სთავაზობს. ბოლო პერიოდში საცალო ბაზარზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციის ზრდას, ძირითადად, მცირე კომპანიები უზრუნველყოფენ.