სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ იგი საკმაოდ წყნარად და ადეკვატურად მიმდინარეობს. მას არ უკვირს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარტიების უმეტესობას არც პროგრამა აქვს წარმოდგენილი და არც კანდიდატების სია სრული სახით და ამბობს, რომ ამაში დამნაშავეა ცხელი ზაფხული.
ბიგვავას აზრით პარტიებმა ძირითადი აქტივობები სექტემბრისთვის დაგეგემეს, რადგან ითვალისწინებენ იმას, რომ აგვისტოში ადამიანთა დიდი ნაწილი დასასვენებლად მიდის და პოლიტიკურ პროცესებს თვალ-ყურს აქტიურად არ ადევნებს.
"რეზონანსი": წინასაარჩევნოდ საკმაოდ ხშირად ვხედავთ, რომ პარტიებს წევრები ტოვებენ. ბოლოს რესპუბლიკური პარტია დატოვა 35 წევრმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბურჭულაძის პარტიაზე. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი და რამდენად ულახავს პარტიებს იმიჯს?
ზურაბ ბიგვავა: რა თქმა უნდა, იმიჯს ულახავს. პარტიას წევრები რომ ტოვებენ, მითუმეტეს კოლექტიურად, ეს, როგორც მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი აწყობილი არაა. თუ წამოსული ადამიანები თავიანთ ნაბიჯს იმით ხსნიან, რომ პარტიამ პოლიტიკა შეცვალა ან რაიმე მსგავსი, ეს კიდევ უფრო უარესია. ყველა ვარიანტში, პარტიისათვის ძალიან ცუდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები კარსაა მომდგარი.
მეორე ვარიანტიც არსებობს, თუმცა ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს - შეიძლება მათ გადაბირებას კონკურენტი ძალები ცდილობენ, "ყიდვას" - როგორც ამბობენ ხოლმე.
პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ხალხის წასვლაზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ხელფასებს ვერ იხდიდნენ. საერთოდ, პარტია ხელფასზე აგებული ორგანიზაცია არ უნდა იყოს. აქ იდეა უნდა იყოს მთავარი და პარტიის ერთობა თუ ხელფასზეა აგებული, ესეც უარყოფით მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს.
ასე რომ, ხალხის წამოსვლა ძალიან ცუდი ნიშანია პარტიისათვისაც და საზოგადოებისათვისაც. ჩვენ რომ დემოკრატიული ტრადიციების მქონე საზოგადოება ვიყოთ, ესეთი ამბები ბომბივით გავარდებოდა, მაგრამ რაკი ასეთი ქვეყანა არ ვართ, მიზეზის მრავალი ვარიანტია.
"რ": თავად პარტიები ასეთ დროს საკმაოდ მშვიდ შეფასებებს აკეთებენ და ამბობენ ხოლმე, რომ ეს მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ არ დაზარალდებიან და ა.შ. სინამდვილეში ასეა?
ზ.ბ: ეს თავის დამშვიდება და პიარსვლებია, რითაც პარტია თავის გამართლებას ცდილობს. თუმცა ეს არც ისე ეფექტურია, როგორც მათ ჰგონიათ. სხვა რა გზა აქვთ, ასე უნდა თქვან.
თუკი წევრს პარტიისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ საერთოდ რას აქვს? როცა წევრებს იღებენ, მაშინ უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება ეს წევრები მოულოდნელად სხვა პარტიაში გადახტნენ. ესეც შეცდომაა - ისეთი წევრების მიღება, რომელშიც მყარად არ ხარ დარწმუნებული.
"რ": არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვე და ერთი კვირაღააა დარჩენილი და მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ დასრულებულა პარტიებს შორის გადაჯგუფებები, არ ვიცით უმეტესი პარტიის სია, კანდიდატები, საარჩევნო პროგრამები და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას, რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს იგი?
ზ.ბ: წინასაარჩევნო კამპანია ყველას დაგვიანებულად ეჩვენება და მართლაც დაგვიანებულია. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი ოფიციალურად ორთვიანია, მაგრამ ვინაიდან ეს პერიოდი აგვისტოს დაემთხვა, ამომრჩეველთა ნახევარი თბილისში ცხოვრობს, ხოლო თბილისი კი ცხელი ქალაქია და უმეტესობა დასასვენებლადაა წასული, პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ძირითადი აქცენტი სექტემბრისათვის გადმოიტანონ.
აგვისტოში ნაკლებად აქტიურობდნენ, ძირითადი "ივენთები" და პრეზენტაციები სექტემბრისათვის დაგეგმეს. აგვისტო კი ორგანიზაციულ და სტრუქტურულ ჩამოყალიბებას მოანდომებს. ანუ, მთლად ისეც არ იყო, რომ არაფერს აკეთებდნენ. ბევრმა პარტიამ ე.წ. კარდაკარი დაიწყო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამის მიუხედავად, ყველამ შევამჩნიეთ, რომ პარტიებს არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩათ და უმეტეს შემთხვევაში არ გვაქვს პროგრამები, მაჟორიტარები სრული სახით და ა.შ. თუმცა კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა და მოგვიანებითაც შეუძლიათ წარმოგვიდგინონ.
"რ": მოასწრებენ კი სექტემბერში ამდენი საქმის გაკეთებას, ამომრჩევლისათვის რამდენად ადვილი აღსაქმელი იქნება ერთბაშად ამხელა ინფორმაცია?
ზ.ბ: ყველაფერი მოესწრება, მაგრამ ამომრჩეველი სტრესულ მდგომარეობაში იქნება, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მის თავზე უამრავი ინფორმაცია გადმოიღვრება. ეს ინფორმაცია მან უნდა მიიღოს, აღიქვას, გააანალიზოს, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ასე რომ, ამომრჩეველს წინ საკმაოდ დაძაბული აქტივობა ელის.
"რ": ბოლო დროს ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი? მოსაზრება, რომ საარჩევნო პროგრამები ამ ყველაფერზე გავლენას ნაკლებად ახდენს, რამდენად რეალური გგონიათ?
ზ.ბ: ერთგვარი მითია, რომ ამ პროცესში პროგრამები ნაკლებ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, პროგრამებს იმ სახით, რა სახითაც ქვეყნდება, ადამიანთა პატარა ჯგუფი კითხულობს, მაგრამ ეს ჯგუფი პოლიტიკურად აქტიურია. ჯგუფი, რომელიც პროგრამების ნიუანსებს ეცნობა, სხვადასხვა საშუალებით, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას - გაზეთებით, ტელევიზიებით, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით და ა.შ. ესენი აქტიური ადამიანები არიან.
მთლად ისეც არაა, რომ პროგრამას არავინ ეცნობოდეს. ამომრჩევლის უმეტესობა შეიძლება უშუალოდ არ ეცნობა, მაგრამ ამ აქტიური ჯგუფების მეშვეობით მათთან მიდის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ამ პროგრამებში ძირითადი.
გადაწყვეტილებას კი ხალხი ბევრი რამის მიხედვით იღებს. ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტკურ ლიდერს აქვს, ზოგჯერ ფონს. ზოგჯერ რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს ადამიანის საბოლოო არჩევანს.
"რ": პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ასე, რაზე იქონიებს გავლენას მისი შედეგები?
ზ.ბ: მე არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია. თუ დააკვირდებით, ყოველი არჩევნების წინ კეთდება განცხადებები, რომ ეს საბოლოო, გადამწყვეტი ბრძოლაა, ამ აჩევნებით საქართველოს ბედი წყდება და ა.შ. არ ვიცი, რატომ უწოდებენ საბოლოოს, როცა არჩევნები საკმაოდ ხშირადაა. აქ, უბრალოდ, საქმე საარჩევნო პროცესში ემოციების ჩართვასთვან გვაქვს, რათა ადამიანები უფრო დააინტერესონ და მეტად მიიღონ მონაწილეობა.
მადლობა ღმერთს, ჩვენთან ბოლო ხანებში არჩევნებმა ძალიან ცივილიზებული სახე მიიღო. ხალხი არჩევნებს პოლიტიკური კულტურის გარკვეული დონით ხვდება და ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია, რომ აჟიტირება, გადარევა და გაგიჟება აღარაა.
"რ": ამომრჩევლის მაღალ აქტივობას თუ ელით ოქტომბრის არჩევნებზე?
ზ.ბ: ყველა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 80%-მდე ამბობს, რომ არჩევნებზე წავა. შეიძლება რეალურად ამდენი არ მივიდეს, მაგრამ 75% მაინც მივა. ჩვენნაირი სოციალური მდგომარეობის მქონე ქვეყანა, როგორც წესი, პოლიტიზირებულია და არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობა მონაწილეობს. ასე რომ, ვფიქრობ აქტიურობა იქნება, ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მოვლენ და საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.