11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქული მხარის განცხადებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.
650-ტონიანი წყალწყვის თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო.
აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.
თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ.
ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.
ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.
თავდაცვის სამინისტრომ 16 აგვისტოს, გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში სწავლებისას დაკარგული ქართული არმიის ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძისა და | კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის გარდაცვლილებად გამოცხადებისა და შესაბამისად, ოჯახებისათვის კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის საკითხზე დაიწყო მუშაობა.
ამასთან, ქართული მხარე ძიების ოპერაციას თავისი ძალებით გააგრძელებს.
დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები თავდაცვის სამინისტროსაგან მოითხოვენ, რომ მათ თავიანთი შვილების ცხედრების საპოვნად ყველაფერი გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
"ჩემი შვილი დაკარგული არ არის, მას სამხედრო ფორმა აცვია, ბალონები ჰკიდია და ის აუცილებლად უნდა ნახონ. ვიდრე ჩემი შვილის ერთი პატარა ნაწილიც კი არ იქნება ნაპოვნი, ყველა ჩვენგანს გვექნება ჩვენი ვერსია. ვთხოვე, არა როგორც თავდაცვის მინისტრს, არამედ როგორც საკუთარ ძმას, როგორც გაჭირვებაში მყოფი და სთხოვს ძმას, იღონთ რამე, მომეხმაროს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს და ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენო," - თქვა იაგო შარაძის დედამ, ელენე მაკრიდისმა.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, უწყების მიერ ჩატარებულმა წინასწარმა მოკვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული სწავლებები.
"ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია არსებობდეს მსგავსი პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს. ხაზგასმით ვამბობ - ინსტრუქტორის სერტიფიკატი და არა მყვინთავის სერტიფიკატი.
"აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიკვლიეთ, ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა თუ არა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერსად აღმოვაჩინეთ," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსების ფარგლებში წვრთნები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები ამ დროისათვის შეჩერებულია
თავდაცვის ახალი მინისტრის ამ განცხადებას უპასუხისმგებლო და ქართული ჯარის მადისკრედიტირებელი უწოდა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა.
"ეს წვრთნები დაიგეგმა 2011 წელს. ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის. მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები მასზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარის პრესტიჟი ყველაზე მთავარია, მაგრამ როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები.
"მისი ყველა განცხადება, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, მიმართული იყო ჯარის დისკრედიტაციისკენ. თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმ საქმის შესახებ, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და ისეთი განცხადებები აკეთოს, რომლებიც გვესმის.
"პირველი - მან თქვა, რომ მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი. ფაქტობრივად, სრულიად შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი, რადგან მასობრივი დანაშაული ნიშნავს ბევრი სამხედრო ოფიცრის მონაწილეობას დანაშაულში და მეორე - რაც დღეს ბრძანა, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში ინსტრუქტორები არ გვივარგა და არავითარი მზადყოფნა არ არის წვრთნებისთვის.
"იმეცადინოს - შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ჭკვიანი ადამიანები, ვისი გაშვებაც ვერ მოასწრო და რომლებიც ეტყვიან, რამდენი წვრთნა ტარდება მუდმივად, პარალელურ რეჟიმში. შემთხვევები ხდება. თავდაცვის სამინისტროს ვალი არის ის, რომ გაარკვიოს, ეს შემთხვევები არის უბედური შემთხვევები თუ ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული და არა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა წინასწარ რეცეპტები გამოწეროს და ხან მასობრივ დანაშაულზე ილაპარაკოს და ხან იმაზე, რომ საერთოდ ინსტრუქტორები არ გვივარგა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ექს-მინისტრმა იზორია მის მიერ არმიიდან სამსახურებრივი გულგრილობისათვის გათავისუფლებული პირების, მათ შორის გენერალური შტაბის ამჟამინდელი მოადგილის, გენერალ გიორგი სურმავას თანამდებობაზე აღდგენის გამოც გააკრიტიკა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძეც გამოეხმაურა.
"იმის თქმა, რომ სერტიფიკატები არ ჰქონდათ, არ იქნება სწორი. ჰქონდათ თუ არა მათ მეცადინეობის ან წვრთნების ჩატარების უფლება, ეს გასარკვევია. მათ, ჩემი ინფორმაციით, სერტიფიკატები თურქეთში აქვთ აღებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მოკვლევის საკითხია," - აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ლევან იზორია თინა ხიდაშელის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მიუღებელია და მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის, პირველ ადგილზე ჯარისკაცთა სიცოცხლე და უსაფრთხოება დგას.