თაკო მათეიშვილი
01.09.2016

"ამის გამო ტირილს ვერ დავიწყებთ" - ასე აფასებენ რესპუბლიკურ პარტიაში წევრების გასვლას და ამტკიცებენ, რომ მათი რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ამას თავად გასული ადამიანები ამბობენ. ირწმუნებიან, რომ ამით პარტიას არაფერი მოჰკლებია და რომ რუსთავის ადგილობრივ ორგანიზაციაში მთავარი ბირთვი შენარჩუნებულია.

პოლიტოლოგები კი ტენდენციას აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ყველაფერში გასაკვირი არაფერია - წინასაარჩევნოდ ყოვეთვის ასე ხდება - კარიერისტი ადამიანები უკეთეს ადგილებს ეძებენ, ვაჭრობენ და წმინდა პრაგმატულ გთვლებს აკეთებენ.

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავში რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35 წევრმა დატოვა, გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც პარტიის რუსთავის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა ოთარ ჩხაიძემ განაცხადა, პარტიიდან წამოსული 35 ადამიანიდან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო.

ისინი გაემიჯნენ "რესპუბლიკელებს" და განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მხარს "ქართული ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.

"რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემიჯნოთ და დავტოვოთ პარტია. ჩვენი ხედვები და ამოცანები სრულ თანხვედრაშია პარტია "ქართულ ოცნებასთან", რის გამოც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით "ქართულ ოცნებას" და მის მიერ წარდგენილ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა პარტიის კომიტეტის 5 წევრიდან სამმა და 68 წევრიდან 35-მა," - განაცხადა ოთარ ჩხაიძემ.

პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა რესპუბლიკური პარტია კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა "რესპუბლიკელებმა" კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.

მათი წასვლა პარტიაში "არსებითი ხასიათის დანაკლისად" არ ჩაუთვლიათ. როგორც "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა მათი რიგები და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა არჩია. მისი თქმით, ამ დროს რიცხვები გაბერილია ხოლმე და წასულების ზუსტი რაოდენობა მას შემდეგ ეცოდინებათ, რაც პარტიაში წასვლასთან დაკავშირებით განცხადებები შევა, ფაქტს მალევე გამოეხმაურა პარლამენტარი თამაზ მეჭიაური, რომელიც "რესპუბლიკელების" კრიტიკას არასოდეს ერიდება. მან გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ამდენი წევრი ყოფილა და დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ახლა შიგნით კოალიცია ყალიბდება - "ნაციონალური მოძრაობისგან", რესპუბლიკური პარტიისაგან და "ქართული ოცნებისაგან".

35-ს გაზვიადებულად აფასებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილიც. ამბობს, რომ პარტიის სამდივნოში მათგან ჯერ განცხადებაც კი არ შესულა, ამიტომ ოფიციალურად არავინ არსად წასულა. სწორედ ამიტომ, ბერძენიშვილი დასძენს, რომ პარტიიდან გასულთა ზუსტი ოდენობა უცნობია.

"თავად ამბობენ 35 ვართო, რათა ეს მტკივნეულად ჟღერდეს, მაგრამ მივიღებთ განცხადებას და ვნახავთ. მეჭიაური რომ ხუმრობდა - არ ვიცოდი პარტიაში ამდენი ხალხი თუ იყოო, მინდა ვუთხრა, რომ რუსთავის ორგანიზაციაში კიდევ გვყავს ხალხი. ასე რომ, ეს გასვლა გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა. მათ თავიანთი არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთეს.

"ასეთი რაღაცე ხალხს არ ესიზმრება-ხოლმე, ეს ვიღაცის ნამუშევარია, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას სერიოზულ ზიანს ვერ აყენებს. ამ ხალხზე ზედმეტს ნუ მაფიქრებთ. უამრავი სერიოზული საქმეა და ეს ხალხი ჩვენი ინტერესის საგანი აღარაა. გასაგებია, ჩვენიანები იყვნენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა სხვისიანები არიან," - ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და "ყველაზე მნიშვნელოვანი პირები" კვლავ პარტიაში რჩებიან და სწორედ ამიტომაც არ მიაჩნია აღნიშნული ფაქტი დიდ დარტყმად.

"ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი პარტიისათვის მტკივნეულია. გაგიკვირდებათ და ადამიანები "ქართულ ოცნებასაც" ტოვებენ. ისინი, ვინც სიაში ვერ მოხვდნენ. მათ შორის პარლამენტარებიც. ეს პრობლემა არაა, ასეთი რაღაც ხდება-ხოლმე.

"იმის თქმა, რომ რესპუბლიკური პარტია დაიქცა, რაკი რუსთავის ორიგანიზაციიდან ხალხი გავიდა, არასწორია. არც ერთი სახელი და გვარი არ ვიცით, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა. ტირილს ვერ დავიწყებთ," - დასძენს პარლამენტარი.

რესპუბლიკური პარტიიდან ხალხის გასვლას ბუნებრივად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ ეს პარტია მრავალრიცხოვნებით არასოდეს გამოირჩეოდა. მისი თქმით, იგი  ყოველთვის კლუბის ტიპის პარტია იყო. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი ხელოვნურად გაიბერა.

ანუ, ხუხაშვილის აზრით, პარტია იდეოლოგიური, ფუნდამენტური ღირებულებების ხარჯზე კი არ იზრდებოდა, არამედ ადამიანები მის რიგებს კარირეული განვითარების გამო უერთდებოდნენ.

მას შემდეგ კი, რაც პარტიამ სახელისუფლებო კოალიცია დატოვა და მისი პოლიტიკური მომავალიც ბუნდოვანი გახდა, პოლიტოლოგის თქმით, ადამიანები, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში "მრავლად მიეწებნენ", გადიან. მიიჩნევს, რომ  ეს მხოლოდ რუსთავში არ ხდება და აღნიშნული პროცესი გარდაუვალი იყო.

"ამით კატასტროფული არაფერი მოხდება. რესპუბლიკური პარტია, უბრალოდ, თავის თავს დაიბრუნებს და ისევ კლუბის ტიპის გახდება. მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარგად ისარგებლეს. სახელისუფლებო ტორტის უფრო დიდი ნაჭერი ჰქონდათ, ვიდრე რეალურად საზოგადოებაში ლეგიტიმაცია გააჩნდათ. ამით ისარგებლეს და პარტიული ინფრასტრუქტურა განავითარეს.

"თუმცა, რაც ბუნებრივი არაა, არც მყარია. ეს ინფრასტრუქტურა ბუნებრივი არ იყო და ამ პარტიის ელექტორალურ მხარდაჭერას არ შეესაბამებოდა. ამიტომაც, რაც ხელოვნურად იქმნება, ის ადვილადაც ინგრევა," - აცხადებს ხუხაშვილი.

იგი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფაქტები გაგრძელდეს და პარტია კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს. ფიქრობს, რომ პროცესი ფარულად ისედაც დიდი ხანია მიმდინარეობს და იმასაც დასძენს, რომ თავად რესპუბლიკური პარტიისათვის ეს მაინცადამაინც დიდი პრობლემა არაა.

ხუხაშვილის აზრით, შემთხვევითი ადამიანები პარტიაში არც უნდა იყვნენ, რადგან ასეთი ადამიანები გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიას არაფერს აძლევენ.

"თუ გახსოვთ კოალიციდან გასვლიდან მეორე დღესვე მოუწოდა ყველას, ვისაც წასვლა უნდოდათ, რომ ბარემ დაეტოვებინათ პარტია.  წარმოიდგინეთ, რა ტიპის ადამიანები არიან ესენი - კარიერისტები, რომლებიც ცდილობენ, რომ პარტიის დატოვებიდანაც კი მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და ეს დატოვება, დემარშები ხელისუფლებასთან სავაჭროდ გამოიყენონ.

"ეს ადამიანები რეალურად რესპუბლიკური პარტიისათვის არანაირ აქტივს არ წარმოადგენდენ. მათი წასვლა პარტისათვის უკეთესიც კია. თავად ეს ხალხი კი, თავიანთი კარიერისტული ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობს, რომ პარტიიდან ყველაზე მწვავე მომენტში გავიდნენ და ამით ხელისუფლებასთან ივაჭრონ. უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ასეთ უმსგავსო საქციელთან გვაქვს საქმე. აქ იდეოლოგია როლს ნაკლებად თამაშობს. ეს წმინდა ვაჭრობაა, პოლიტიკური ბაზარი, რომელიც ჰიგიენის თვალსაზრისით ელიავას ბაზარზე ბევრად უარესია," - დასძენს გია ხუხაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×