ელზა პაპოშვილი
01.09.2016

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მაჟორიტარობის კანდიდატობაზე თეთრიწყაროში, მხოლოდ დეპუტატად გახდომის სურვილით არ დათანხმებია. 

აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ამ პარტიას და მისი იდეოლოგია და შეხედულება მთლიანად მისაღებია.

 არეშიძე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ამ პარტიის "შიშველი პატრიოტიზმია", რომლის მოთხოვნაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. კავკასიოლოგის განცხადებით, მის ინტერესს "პატრიოტთა ალიანსი" კიდევ იმ მხრივ იწვევს, რომ კავკასიის სივრცეში საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს სწორად ათვითცნობიერებენ.

"რეზონანსი": რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი თეთრიწყაროში "პატრიოტთა ალიანსის" სიით გეყარათ?

მამუკა არეშიძე: საზოგადოებას ახსოვს, ალბათ, რომ წინა არჩევნებში კენჭს გარდაბნის რაიონში "ქართული ოცნების" პარტიიდან ვიყრიდი. მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები გააყალბა და წამაგებინეს. რა თქმა უნდა, გულში მაშინდელი წყენა დამრჩა და მქონდა განწყობა, რომ რევანში ახლა ამ საპარლამენტო არჩევნებზე ამეღო.

"ოცნებასთან" ამ თემაზე მოლაპარაკება მქონდა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ წინააღმდეგი არ იყვნენ, თუმცა ბოლოს უარი მითხრეს. არ ვიცი, რატომ და რის გამო, დეტალების გამოკველვა აღარ დამიწყია. უბრალოდ, მშვიდად დავშორდით ერთმანეთს. ამის შემდეგ კი უცბად "პატრიოტთა ალიანსმა" შემომთავაზა, რომ კენჭი თეთრიწყაროში მეყარა.

ალბათ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდება, რატომ მაინცდამაინც ამ რაიონში. საქმე ისაა, რომ ახალი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, გარდაბნის რაიონი და მისი ამომრჩეველი სამ ნაწილად დაიყო.

ერთი ნაწილი გარდაბანში დარჩა, მეორე თბილისის რაიონს, სამგორს მიუერთდა და მესამე თეთრიწყაროს რაიონს. "პატრიოტთა ალიანსმა" ამ რაიონში კვლევა ჩაატარა და, როგორც ჩანს, ჩემი კანდიდატურა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღები აღმოჩნდა.

"რ": რა არის ის იდეოლოგიური შეხედულებები და აზრთა თანხვედრა, რომლიც თქვენ და "პატრიოტთა ალიანსს" გაკავშირებთ?

მ.ა: მარტო იმის თქმა, რომ მე მხოლოდ სადეპუტატო მარათონში მონაწილეობის მისაღებად ავირჩიე ეს პარტია, ობიექტური არ იქნება. "პატრიოტთა ალიანსს" ძალიან ბევრი იდეოლოგიური ხედვა აქვს, რომელიც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და საზოგადოებისთვისაც მისაღებია.

მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური ძალა, რომლიც ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფო იყოს. "ქართულ ოცნებასაც" ამ კუთხით ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა "პატრიოტთა ალიანსს" თავისი ნიშა აქვს, რომლითაც ის საზოგადოებაში დადებითად სარგებლობს. ეს არის პატრიოტული ნიშა, რომლიც ქართველ ამომრჩეველს მოსწონს.

"რ": თუმცა ძალიან ხშირად კეთდება განცხადებები, რომ "პატრიოტთა ალიანსი" პრორუსული ძალაა. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

მ.ა: ვიღაც კონკრეტული ადამიანის ინტერესში შედის, რომ ამ პარტიას ასეთი იარლიყი ჰქონდეს მიკერებული. არ მივიღებ ამ მოსაზრებას. უბრალოდ, მე ვხედავ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამა თუ იმ საგარეო ვექტორს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ. ამ პარტიასთან მიმართებაში, ვერაფრით ვერ ვხედავ, რომ მათ რუსული ძალა საკუთარი ინეტერესებისთვის გამოეყენებინათ.

რაც შეეხება იმას, რომ პარტიის მთავარი ნიშა შიშველი პატრიოტიზმია, ეს ჩემთვის ნამდვილად მისაღებია. ისინი საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს კავკასიის სივრცეში ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ, რაც ჩემთვის, როგორც კავკასიოლოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"რ": რას იტყვით "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებაზე, რომ თურქეთი საქართველოს მტერია, ამ მოსაზრებას თქვენც იზიარებთ?

მ.ა: მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას ბევრ რამეში ვეთანხმები, ეს ის მოსაზრებაა, რომლშიც თარახან-მოურავს ვერ დავეთანხმები. ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა და ამას ვერავინ აუკრძალავს. 

თურქეთთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რასაკვირველია, ქართულ საზოგადოებაში თურქეთის მიმართ, ისტორიული წყენა არსებობს. იმასაც გეტყვით, რომ ისტორიულად ოსმალეთის იმპერია საქართველოს მტერია, თუმცა თურქეთი დღეს საქართველოს პარტნიორია. 

ამ პრინციპით მაშინ ყველა ჩვენი ისტორიული მეზობლის, იგივე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართაც შეიძლება წყენა გვქონდეს. მე მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა დღეს ჩვენი პარტნიორია და საერთაშორისო სამართლით თურქეთთან პრეტენზიების უფლება არ გვაქვს.

მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, რომ თურქეთს კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენს მეზობელს, რომლიც საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა. აი, სწორედ ამის წინააღმდეგ ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ. ზოგ შემთხვევაში მისაღებია, ზოგში არა, განსაკუთრებით, კავკასიის ირგვლივ რაც ხდება.

"რ": სანკტ-პეტერბურგში რამდენიმე კვირის წინ ვლადიმერ პუტინი და რეჯებ თაიფ ერდოღანი შეხვდნენ, სადაც თითქოს რაღაც საიდუმლო მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც თითქოს კავკასიაში ინტერესთა სფერო გაიყვეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად შესაძლებელია და საქართველოსთვის რამდენად შეიძლება საფრთხის მატარებელი იყოს?

მ.ა: მოდით, ჯერ ერთი წლის წინანდელი სიტუაცია გავიხსენოთ. გვახსოვს ალბათ, რომ რუსეთი და თურქეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. უამრავი ტურისტი კი თურქეთის ტერიტორიაზე ისვენებდა. ასევე სამხრეთის ნაკადზე როგორ შეთანხმებულად მუშაობდნენ. თუმცა ვნახეთ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ეს ორი ქვეყანა მოულოდნელად დაპირისპირებული აღმოჩდა. საქმე ისაა, რომ კავკასიასთან დაკავშირებული მიდგომა არც ერთ მათგანს არ შეუცვლია. რუსეთსაც აქვს თავისი ინტერესები ამ რეგიონში და თურქეთსაც.

ეს ქვეყნები ამ საკითხთან მიმართებაში ერთმანეთთან ვერასდროს შეთანხმდებიან. რაც არ უნდა შერიგდნენ, ეს ხალხი ერთმანეთს ბოლომდე მაინც არ ენდობა. დავინახეთ კიდევაც, რომ ერდოღანი მოსკოვიდან როგორც კი დაბრუნდა, სირიის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი სახტად დატოვა.

"რ": რუსეთი უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასობრივ წვრთნებს ატარებს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლოა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან იყოს დაკავშირებული, რა საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც 2008 წელს სწორედ მსგავსი წვრთნები ტარდებოდა?

მ.ა: მართალი ხართ, მსგავსი წვრთნები რუსეთმა 2008 წელსაც ჩაატარა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მხრიდან გამორიცხული არაფერია. ამის დაკავშირება როგორც საპარლამენტო არჩევნებთან, ასევე ბევრ რამესთანაც შეიძლება, რადგანაც მოსკოვისთვის კუნთების ჩვენება ჩვეული ამბავია. მათი აზრით, შესაძლოა, რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, ან სხვა რაიმე მოხდეს, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ. ასე რომ, ეს არაბუნებრივი და სახიფათო სიტუაციაა.

"რ": როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე რომელ პარტიას აქვს შანსი, რომ პარლამენტში მოხვდეს?

მ.ა: მე ვთვლი, რომ თუ არჩევნები აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა, 5 პარტიას შანსი ნამდვილად აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს. ესენი არიან "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი", "სახელმწიფო ხალხისთვის" და ალბათ "თავისუფალი დემოკრატები". შეიძლება უფრო მეტი პარტიაც მოხვდეს, რომლებიც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებით შევლენ. თუმცა ვიტყვი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ნამდვილად დემოკრატიულად მიმდინარეობს.

"რ": ბევრი საუბარია იმაზე, რომ ახალ პარლამენტში შეიძლება პრორუსული ძალები მოხვდნენ. როგორ ფიქრობთ, მათზე მოთხოვნა თავად ქართულ საზოგადოებაში არსებობს?

მ.ა: სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ამ ხალხზე საზოგადოებაში მოთხოვნა ნამდვილად არის, რადგანაც ჩვენს მოქალაქეებში დასავლეთის მიმართ გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ მაღალი მოლოდინი გააჩინა.

პრინციპში, ქართული საზოგადოება თავს დაცულად ვერ გრძნობს და ფიქრობს, რუსეთთან ისეთი საგარეო ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მათი მხრიდან საფრთხე აღარ დაემუქროს.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ რუსეთთან თუ საქართველოს დამთბარი ურთიერთობა ექნება, ისინი თავის გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის მისამართით შეცვლიან. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ პროდასავლური ვექტორი არ უნდა შევცვალოთ. თუმცა ფუჭი მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ, რომ ხვალ ნატოში საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×