საქართველოში 4 წელია, სიღარიბის მაჩვენებელი ზედიზედ მცირდება. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით, 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს - მსოფლიო ბანკის ეს მონაცემი გუშინ ქვეყნის მთავარმა ეკონომისტმა გვამცნო და თანაც მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ჩამოთვლით გაამყარა. მართალია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მართლაც შემცირდა, თუმცა უმნიშვნელოდ, შესაბამისად, ღარიბთა რაოდენობის ნახევარი მილიონით კლება მხოლოდ ოცნების სფეროს წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის - "სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" - თანახმად, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება. ეკონომიკის განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 32.3 (1.4 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2013 წელს 36 პროცენტს (1.6 მლნ-ს), 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.9 მლნ-ს), ხოლო 2011 წელს 44.8 პროცენტს (2.0 მლნ-ს) უტოლდებოდა.
მთავარი ეკონომისტის განმარტებით, 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს დაახლოებით 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს. 2010-14 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან, "როცა სოციალური ტრანსფერები თამაშობდა უფრო მნიშვნელოვან როლს სიღარიბის შემცირებაში".
ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის მოსახლეობის 1.4 მილიონი 2.5 აშშ დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდა. ეს მაჩვენებელი 2010 წელს მნიშვნელოვნად მაღალი იყო და 2 მილიონ ადამიანს აღემატებოდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 7%, რაც 314 ათას მოსახლეზე მეტია, დღიურად 10 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასევე 1 მილიონს აღემატება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დღეში, საშუალოდ, 10 აშშ დოლარამდე ხარჯავენ.
"მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. კერძოდ, 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ქვეყანაში 8%-ით გაიზარდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატება თბილისის გარდა, მნიშვნელოვნად შესამჩნევია როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე სოფლად. სიღარიბის შემცირების ფაქტორებად საშუალო თვიური შემოსავლის ზრდა (8%), ეკონომიკური აქტივობა (11.11%) და ტრანსფერები სახელდება (8.57%).
აღსანიშნავია, რომ 2010-14 წლებში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. ეკონომიკურმა ზრდამ კი ასახვა ჰპოვა როგორც ხელფასების ზრდაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, განსხვავებით 2010 წლამდე პერიოდისგან. 2010-14 წლებში ღარიბთა დასაქმების დონე გაიზარდა 50.7%-დან 56.6%-მდე, თუმცა შემცირდა ღარიბ დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან თავად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა", - აღნიშნა მინისტრმა.
მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს ეკონომისტებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაგალითად, ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე დასახელებულ ციფრებს ეთანხმება, თუმცა თვლის, რომ სიღარიბის შემცირებას ეპიზოდური ხასიათი აქვს და თუ ამ მიმართულებით სისტემური ცვლილება არ გატარდა, პრობლემა ვერ მოგვარდება.
"სიღარიბის შემცირების ტენდენცია არის რეალური. ღარიბთა რაოდენობა მცირდება. მოსახლეობაში გაჭირვებული ნაწილი ყოველთვის არის. სიღარიბე რომ გაქრეს, ეს შეუძლებელია. უპრობლემოდ შეიძლებოდა ნახევარი მილიონით შემცირებულიყო გაჭირვებულთა რაოდენობა, აქ მნიშვნელოვანია, რომელი ზღვრის მიმართ შემცირდა. რეალობასთან მიახლოებულია ეს მაჩვენებელი და ასახავს იმ ტენდენციას, რაც საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაშია.
მაგრამ არის ერთი პრობლემა. შემცირების ეს ტენდენცია მაინც არის ეპიზოდური შინაარსის და არა სისტემური. საქართველოში კი სიღარიბე სისტემური ხასიათის პრობლემაა, ამიტომაც ეპიზოდური ღონისძიებებით ვერ მოგვარდება", - განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.
აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, თუკი საერთო ფონს მივიღებთ მხედველობაში, შემცირების ტენდენცია ნამდვილად არ ჩანს. ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტივი გვაქვს, იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ამოქმდების შემდეგ გარკვეული მიმართულებით საგრძნობლად იკლო რისკმა. ამ მხრივ არსებული ნეგატიური ტენდენცია მცირედით განეიტრალებულია.
"500 000 ძალიან დიდი ციფრია. არ ვიცი, რა მონაცემით სარგებლობდა მსოფლიო ბანკი, როდესაც ამ სტატისტიკას აქვეყნებდა. 3,5-მილიონიან ქვეყანაში გაჭირვებულთა რაოდენობის 500 000 შემცირებით გამოდის, რომ ჩვენ უკვე ტოტალური კეთილდღეობის ქვეყანაში ვცხოვრობთ. მართალია, მცირე გაუმჯობესება შეინიშნებოდა, მაგრამ ნეგატიური მოვლენები უფრო მეტი იყო, ინფლაციამ, ფაქტობრივად, "შეჭამა" დადებითი ფაქტორები. სისტემურად არც უმუშევრობის დონე დაწეულა. ამიტომ ამ მონაცემში ეჭვს შევიტანდი. რას ეყრდნობოდა მსოფლიო ბანკი, დეტალურად არ მაქვს შესწავლილი, ამიტომ კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი სუბიექტური განცდა არ არის ამ ოპტიმისტური მონაცემების შესაბამისი", - განაცხადა გია ხუხუშვილმა.