დაზარალებული ბიზნესმენები დანებებას არ აპირებენ, მაგრამ მთავრობიდან სულ სხვაგვარი გზავნილი მოდი
მარი ჩიტაია
02.09.2016

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც არ არის. დიდი ალბათობით, წართმეული ქონების დაბრუნებას დაზარალებულები ვერც მომავალში შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა აღიარა კიდეც, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბრძოლა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მმართველ პარტიაში ეგონათ.

ამ დროისთვის არც ერთი მსხვილი და საშუალო სიმძიმის საქმე არ მოგვარებულა არც სახელმწიფოს მხრიდან და არც კერძო დავების საშუალებით, თუ არ ჩავთვლით, "ქართუ" ბანკის საქმეს, რამდენიმე მიწის ნაკვეთის, ერთი ბინისა და უკანონოდ მითვისებული ძველი მანქანების დაბრუნებას... დღევანდელი მთავრობის ძალისხმევა მეტს ვერ გასწვდა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან განაცხდა კიდეც, რომ ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც სამართლიანობას აღადგენდა. "სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა ამ პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს", - განაცხადა პრემიერმა.

ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენაში ვერც პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა უშველა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი საქმეები ამ უწყებაში ისევ თაროზეა შემოდებული და სასამართლო პროცესებიც ჭიანურდება. ამასობაში კი ოთხი წელი გავიდა.

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ ყოფილა იმთავითვე, როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ქვეყნის სათავეში.

"სურვილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ნება არ გამოვლენილა, პირიქით, ხელის შეშლაც იყო. შეიძლება ითქვას, თავის დროზე არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოტივიც ეს გახლდათ. ის გადადგა და შემდეგ ტემპიც დაიკარგა", - აცხადებს ცისკარიშვილი.

 მისი აზრით, სამართლიანობის აღდგენა ვერც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მოხერხდება, ერთ-ერთი მიზეზი ზურაბ ადეიშვილის ირიბი გავლენაა, რასაც ის პროკურატურის მიმართ იჩენს.

"სამართლიანობის აღდგენის მცდელობის პარალელურად გვესმოდა ქება ისეთი ადამიანებისა, როგორიც არის, მაგალითად, ადეიშვილი, რომელიც უსამართლო ქმედებების ერთ-ერთი მთავარი წამომწყები გახლდათ. დღესაც, რაც არ უნდა გვიკვირდეს, ამ ადამიანის მიმართ ჩვენი პროკურატურა დიდი სიმპათიით არის გამსჭვალული. ნუ გაგვიკვირდება, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ადეიშვილის მიერ პროკურაუტრაზე გავლენის ფაქტები გამოვამჟღავნოთ.

ასეთ პირობებში, ცხადია, სამართლიანობის აღდგენა ვერ ხერხდება. მეტიც, მისი "აღდგენის" მცდელობა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ უსამართლოდ აღდგენილიყო უსამართლობა", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.

"რეზონანსი" რამდენიმე გახმაურებულ საქმეს მუდმივად თვალს ადევნებს და ბიზნესმენებთან ერთად ელოდება, თუ რა შეიცვლება ამ მიმართულებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე აღარაფერი შეიცვლება, თუმცა თავად დაზარალებული ბიზნესმენები ამბობენ, რომ არ დანებდებიან, ვიდრე არ მოიგებენ ბრძოლას.

ნავთობკომპანია "მაგნატის" დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე ფიქრობს, რომ მისი საქმე როდისმე დასრულდება. მის საკუთრებაში იყო კომპანია "მაგნატი 2006", რომლის ძირითად საქმიანობას ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია წარმოადგენდა. ამისათვის კომპანიას ოთხი ნავთობტერმინალი, 42 ბენზინგასამართი სადგური და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები ჰქონდა.

ლეონიძე 2009 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. მას ბრალი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითური ხელშეკრულების დადებაში დაედო.

"მე ჩემი სიმართლე მაქვს, ადრე იქნება თუ გვიან, სამართალი გაიმარჯვებს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. 80 მილიონი დოლარით დავზარალდი, ძალიან დიდი დანაკარგია. რამდენიმე პროცესი მოვიგე კიდეც, ჩემი საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდა, სადაც ასევე რამდენიმე პროცესი მოვიგე.

ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებ ბრძოლას. მხოლოდ იმას ვშიშობ, რომ ქვეყანაში კლანური რეპრესიული მმართველობა არ ჩამოყალიბდეს. ყველაფერი მოსალოდნელია. ის ადამიანები, ვინც ჩემი და ჩემისთანების ქონებას თაღლითურად დაეუფლნენ, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. იმედი მაქვს, მთავრობას ეყოფა გონიერება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს", - აცხადებს ლეონიძე.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილთან დაკავშირებით. იგი ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ისა და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელია. დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა, ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს "ალბატროსს" 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა. 2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ უახლოს პერიოდში საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდება.

"ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა, რომ ეს პროცესი დაეწყო, არათუ დაესრულებინა. ალბათ, რაღაც შეთანხმება არსებობს, უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. საზოგადოებრივი პროტესტი უნდა გაძლიერდეს და მოსთხოვონ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება და სამართლიანობა აღადგინოს. ჩემი საქმე ჯერჯერობით სტრასბურგის სასამართლომდე არ მისულა, ადგილობრივ წარმოებაშია და წლობით ჭიანურდება. რამდენადაც ვიცი, მწიფდება საზოგადოებრივი მოძრაობა, იქნება კონსოლიდაცია ამ პრობლემის გარშემო და ხელისუფლებას დაპირების შესრულებას მოსთხოვენ. შეიძლება, მთავრობისთვის სამართლიანობის აღდგენა მართლაც რთული პროცესია, მაგრამ რაღაც პოზიცია მაინც გამოხატოს, რასაც ვერ ვხედავთ", - ამბობს ბეგიაშვილი.

2016 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთი დაპირება ხელისუფლებისთვის სამართლიანობის აღდგენა აღარ არის, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან საზოგადოებას ამ დაპირების აღარ სჯერა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×