მოროშკინა ნაძალადევში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარად იყრის კენჭს
ელზა პაპოშვილი
02.09.2016

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც პარლამენტში კენჭს ნაძალადევის მაჟორიტარად "პატრიოტთა ალიანსიდან" იყრის, ამბობს, რომ დეპუტატად გახდომის შემთხვევაში, მისი მთავარი მიზანი სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა იქნება.

 მოროშკინას თქმით, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მისი ახლო მეგობრები არიან, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს" ებრძოდა. მისი განცხადებით, "ოცნებამ" წინა ხელისუფლების დროს, ყველა დაზარალებულ ადამიანს იმედი გაუცრუა და ახლაც არჩევნებზე პარტიაში მაჟორიტარ კანდიდატად "ნაციონალებიდან" პორტირებული ადამიანები ჰყავს.

"რეზონანსი": რატომ გადაწყვიტეთ, რომ კენჭი ნაძალადევის რაიონში "პატრიოტთა ალიანსიდან" გეყარათ?

ლალი მოროშკინა: "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ჩემი ახლო მეგობრები არიან. ჩვენ 12 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ერთად ვებრძოდით. "ობიექტივი" იყო ტელევიზია, სადაც რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ხმა პირველად გაისმა. აქ ვახერხებდით, რომ პატიმრებს დავკავშირებოდით და საზოგადოებისთვის მათი გაუსაძლისი ყოფის შესახებ გვემცნო.

ეს ტელევიზია იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც ამ უსამართლობისა და სისასტიკის შესახებ მთელმა ქვეყანამ პირველად გაიგო. მოხარული ვარ, რომ ამ ხალხთან ერთად ჩვენი სასჯელაღსრულების დაწესებულებები ევროპულ ციხეებად გადავაკეთეთ.

ის ხელშეწყობა, რაც ამ მედიის მეშვეობით პატიმრებს ჰქონდათ, ფასდაუდებელია. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბევრი პატიმრის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ირმამ და ბაჩომ მათ პარტიაში გაწევრიანება დიდი ხნის წინ შემომთავაზეს, თუმცა პარტიულობას ყოველთვის გავურბოდი, რადგანაც ვფიქრობ, რომ უფრო მარტოხელა მოთამაშე ვარ, ვიდრე გუნდური.

"რ": ნაძალადევის რაიონი რატომ აირჩიეთ?

ლ.მ: ნაძალადევის რაიონი იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქ ყველაზე მეტი ყოფილი პატიმარი ცხოვრობს, რომლებიც რეაბილიტაციის გარეშე არიან დარჩენილი. ასევე ამ უბნის ეკლესიის მრევლი ვარ და ყველამ იცის, რომ თბილისის ზღვის კლუბი ჩემს ოჯახს ეკუთვნის. შესაბამისად, ტერიტორიას კარგად ვიცნობ და ადგილობრივების პრობლემების შესახებაც საკამოდ ბევრ ინფომაციას ვფლობ.

პირველ რიგში რაც მაწუხებს, იმ ბიჭებისა და მათი ოჯახების ბედია, რომლებიც ციხიდან კი გამოვიდნენ, მაგრამ მათ რეაბილიტაციაზე არავინ ზრუნავს. ამიტომ, თავად ამ უბნის მცხოვრებლების მხრიდანაც იყო შემოთავაზება, რომ კენჭი ნაძალადევში მეყარა.

ირმა ინაშვილსაც ეს უბანი ღიად ჰქონდა დატოვებული და მაჟორიტარად არავის ასახელებდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, მე მეჭიაურის პარტიის საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, რადგანაც ვფიქრობ, რომ "ნაციონალებს" რაც უფრო მეტი ადამიანი დაუპირისპირდება, მათი პოლიტიკური ორბიტიდან მოშორების დღე უფრო მალე დადგება.

"რ": მეგობრობის გარდა, რა არის ის იდეოლოგიური შეხედულებები, რომლებიც თქვენ და "პატრიოტთა ალიანსს" გაკავშირებთ?

ლ.მ: პირველ რიგში ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომელიც მე და "პატრიოტთა ალიანსს" გვაკავშირებს. თუ სამართლიანობა არ აღდგა, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი ეკარგება. "ქართულმა ოცნებამ" დაპირებული სამართლიანობა არ აღადგინა და თავმოყვარეობაშებღალული ათიათასობით ადამიანი იმედგაცრუებული დატოვა.

დღეს მთელ საქართველოს იმის აღქმა უჭირს, რომ "ქართულ ოცნებაში" ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების პორტირება მოხდა. თანამდებობებზე ისევ ის ხალხია, რომელთა წინააღმდეგაც წლები ვიბრძოდით. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ხალხი, რომელიც წლები ქუჩაში იდგა, დღეს ისევ იმავეს აკეთებს. მათთვის სამართლიანობა არ აღდგა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბრძოლა არ დასრულებულა.

"რ": ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" პრორუსული ძალაა და ის კრემლის სატელიტი პარტიაა. რას იტყვით თქვენ ამის შესახებ?

ლ.მ: ეს ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკია, რომ ამ პარტიას ასეთი იარლიყი მიაწებონ. დავით თარხან-მოურავს ისეთი შეხვედრები ჰქონდა ბრიუსელსა და ამერიკაში, რომ პრორუსული ძალის მქონე პარტიებს ასეთი შეხვედრები არ ექნებოდა. მაშინ მოსკოვსა და კრემლში ჩავიდოდნენ.

ვინც ასეთ ბრადებებს უყენებს, მაშინ დადოს ფაქტები, რომ ინაშვილი რუსეთში ვინმეს ხვდებოდა. ასეთ შემთხვევას ვერავინ მოიყვანს, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. "ნაციონალებს" დღეს იარლიყის მიკერების გარეშე აღარაფერი დარჩათ, რადგანაც მათი მთავრი მოწინააღმდეგე "პატრიოტთა ალიანსია". 

"ოცნებასთან" ისინი თავს ახლა ისე გრძნობენ, რომ  ერთმანეთის გარეშე ვეღარც კი ძლებენ. "ობიექტივმა" რამდენი ადამიანიც გადაარჩინა, მართლაც დაუნახავი უნდა იყო, რომ ეს დაგავიწყდეს.

"რ": რა არის ის მოთხოვნა და დავალება, რომელიც ყოფილ პატიმრებსა და ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებს აქვთ? რა იქნება პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, თქვენი მთავარი შესასრულებელი ამოცანა?

ლ.მ: ეს არის შელახული ღირსება, რომელიც ამ ადამიანებს ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეულახა და შემდეგ - "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც დაპირებული სამართლიანობა არ აღადგინა. მათი რეაბილიტაცია არ მოხდა. ყველა ქვეყანაში, სადაც ამ მასშტაბის ამნისტია ცხადდება ხოლმე, წინასწარ ხდება ნიადაგის მომზადება, რომ ციხიდან გამოსულ ადამიანს ხელშეწყობა სჭირდება.

ვიცით, რომ ამ უბანში დაზარალებული ოჯახებია, რომლებმაც სახლები დააგირავეს და დაყიდეს იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, მათი ოჯახის წევრებს ტყუილად იჭერდნენ. ამიტომაც არის, რომ ნაძალადევში ყველაზე მეტი იპოთეკით დაზარალებული ადამიანია. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც შვილს, დედას, მამასა და ოჯახის თითქმის ყველა წევრს იჭერდნენ. სააკაშვილი ლოტკინს და ე.წ. "ნახალოვკას" ყველაზე მეტად ერჩოდა.

ეს იყო აუღებელი ციხესიმაგრე, სადაც სააკაშვილმა უბრალოდ ცეცხლი გახსნა და ეს ხალხი კიდევ ამ ნანგრევებზე ცხოვრობს. ამ ხალხს ელემენტარული ინფრასტრუქტურა და წყალი არ გააჩნია. ასფალტი არ არის დაგებული, პრიმიტიულ პირობებში ცხოვრობენ.  ამიტომაც სურთ, რომ პარლამენტში იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მათ პრობლემებს იცნობს და მისი შესრულებისთვის იბრძოლებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×