თიკო ოსმანოვა
02.09.2016

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნებზე "ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად "ნაციონალური მოძრაობის" "ორი ფრთა" იკვეთება - ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად "ნაციონალური მოძრაობა". 

 "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა იკვეთება - ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად "ნაციონალური მოძრაობა". 

"ვფიქრობ, რომ მთავარი "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ბურჭულაძის გაერთიანებაა. იცით, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ფავორიტი იყო. ბურჭულაძის განცხადებებიც "ნაციონალური მოძრაობის" იდენტური იყო - მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ სტრუქტურას და დღესაც, ნახეთ, როგორი გაერთიანება მოხდა.

"ბურჭულაძეზე სულ ვამბობდი, რომ არ იცრუოს-მეთქი და საბოლოოდ, მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. ამ მხრივ კითხვა აღარ არსებობს," - განაცხადა ივანიშვილმა.

ბურჭულაძის გარშემო გაერთიანებული ძალები რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთაა, ამას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც ნახვრად ხუმრობით ადასტურებს. ის ორიდე კვირის წინ "გირჩსა" და "ახალ მემრაჯვენეებთან" ერთად ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა და ერთობლოვი ბლოკი ჩამოაყალიბეს. თუმცა ამბობს, რომ ახლა "ნაციონალების" გამარჯვება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

"თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური წინსვლა არის "ნაციონალური მოძრაობა"... დიახ, მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი "ნაციონალური მოძრაობა," - ასე უპასუხა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს.

"ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით "ნაციონალური მოძრაობის" რეფორმირებას, მის ცვლილებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ არც მათ სჯერათ გამარჯვების და ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, პირადად მას ბევრი იმ ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩა, თავისი ხელით უკეთებია საქმე.

"მაგალითისთვის, დათო ბაქრაძე ერთ-ერთი რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს ხოლმე ყველა საჭირბოროტო თუ პრობლემურ საკითხზე საუბარს. მე არ ვიცი, ამ ადამიანს კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რეფორმებთან დაკავშირებით - თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური წინსვლა არის "ნაციონალური მოძრაობა", დიახ - ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც შეძლებს ქვეყანის წინ წაწევას და წინსვლას," - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

მისივე განმარტებით, "ქართული ოცნება" არის სრულიად უუნარო გუნდი, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ფაქტობრივად, ქვეყანა გაჩერებულია.

"სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად უნდა დამარცხდნენ 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ კი ახლა გავერთიანდით, პაატა ბურჭულაძის გარშემო - პროფესიონალები, რომლებსაც რეალურად შეგვიძლია ქვეყნის წინსვლა და კონკრეტული რეფორმების განხორციელება, რომელიც შემოსავალს მოუტანს თითოეულ ოჯახს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველა პროფესიონალისთვის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან, თუ სადაც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები. ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის და ქვეყანა წავიყვანოთ წინ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ბურჭულაძის ბლოკზე რომელიმე პარტიის სატელიტად საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს. ამბობს, რომ ამ პლატფორმაზე ორივე ძალის ირიბი გავლენა შეიმჩნევა.

"ბიძინა ივანიშვილი მთავარ მოწინააღმდეგებად ორ ძალას ასახელებს, რაც სიახლეა. ანუ, თავის პოლიტიკური ოპონენტების კლონირება მოახდინა და ერთის მაგივრად ორი დაასახელა.  სხვათა შორის, მსოფლიო პოლიტტექნოლოგიურ თეორიაშიც კი არ მინახავს ასეთი რამ.

"რაც შეეხება არსებულ რეალობას, ჩემი აზრით, ბურჭულაძის ბლოკთან დაკავშირებით ორივე ძალის გავლენა შეიმჩნევა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ასევე "ქართული ოცნების". ამასთანავე, ორივე მხრიდან არის წინააღმდეგობები და მიუღებლობა.

"ბოლო კვირის განმავლობაში ვნახეთ, რომ "ნაციონალები" ბრალს სდებენ ბურჭულაძეს, რომ ის არის ივანიშვილის პროექტი. ამის დასადასტურებლად სურათებსაც დებენ, სადაც ხადური და გიორგი ვაშაძე ერთად არიან გადაღებული და მეორე მხრივ, "ქართული ოცნება" დებს სურათებს ბურჭულაძისას, მიშასთან ერთად გადაღებულს და ამტკიცებს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროექტი. რეალურად ამ პოლიტიკურ ერთეულს ორივესთან აქვს ირიბი კომუნიკაცია, სატელიტობა გადაჭარბებული მგონია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გია ხუხაშვილი.

ამასთან, იგი ივანიშვილის იმ განცხადებას იხსენებს, როცა ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ჯაფარიძისა და გოგა ხაჩიძის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

"კარგად მახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა ლამის გმირად შერაცხა "გირჩის" ლიდერები, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ვფიქრობ, ეს არის პოლიტტექნოლოგის ნაწილი და ამის შეფასება ძნელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×