თაკო მათეიშვილი
02.09.2016

საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცედურები ევროპარლამენტში 5 სექტემბრიდან განახლდება. ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ პროცესს ამჯერად ვეღარაფერი შეაფერხებს და სულ მალე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში გამგზავრება ვიზის გარეშე შეეძლებათ.

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (დშიუ) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება, საზოგადოებრივ მაუწყებელს დშიუ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, კლოდ მორაესმა მიაწოდა.

"ანგარიშს კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავიტანთ. ანგარიშის ავტორი გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელია. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში პოზიტიური დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან.

"ველოდები პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი სახელმწიფო ტრადიციულად დააყენებს საკითხებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა დროს, როდესაც ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ სახელმწიფოებთან. ეს არ არის ცალმხრივი გზა, პასუხისმგებლობას ორივე მხარე იღებს," - აღნიშნა კლოდ მორაესმა.

დასასრული

საქართველოს ხელისუფლებაში კი უკვე ირწმუნებიან, რომ ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე პოზიტიური გადაწყვეტილებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, პირველი მოხსენება სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში ძალიან წარმატებული იყო.

"5 სექტემბერს ჩაინიშნა სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კიდევ ერთი მოსმენა, ესეც იქნება წარმატებული. კომიტეტი მომლაპარაკებელს უფლებამოსილებას მისცემს, რომ დაიწყოს სხვა შესაბამისი პროცედურები, ანუ როგორც ევროპის საბჭოსთან, ისე ევროკომისიასთან მოლაპარაკების პროცესი.

"ეს არის ყველა პროცედურა, რომელიც ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. დარჩენილია პარლამენტის პლენარული სესია და შემდგომი განხილვები. დარწმუნებული ვარ, ეს პროცედურები წარმატებით განხორციელდება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტშიც დარწმუნებული არიან, რომ, მრავალი ბიუროკრატიული პროცესის მიუხედავად, გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლომდე მიიღება და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დადებითი იქნება. ალტერნატივას არც ხელისუფლებაში უშვებენ და არც პოლიტოლოგთა წრეებში. შედეგად, არჩევნებამდე საქართველოს სავიზო რეჟიმი ოფიციალურად მოეხსნება, თუმცა ამოქმედება არჩევნების შემდეგ გადაიწევს.

მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმის შემოღებას ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ივნის-ივლისში პროცესი გარკვეული საკითხების გამო  გაჭიანურდა (მათ შორის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თავშეკავებული პოზიციის გამო, რის მიზეზადაც გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების მოხშირება სახელდებოდა). მოგვიანებით ეს საკითხი მოგვარდა, თუმცა საზაფხულო დასვენების გამო პროცესში შეჩერდა.

ვიზის გარეშე ევროპაში გამგზავრებამდე შემდეგი პროცედურებია დარჩენილი: 5 სექტემბერს გადაწყვეტილება ჯერ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (დშიუ) უნდა მიიღონ, შემდეგ - პლენარულ სხდომაზე.

ამით პარლამენტი აღნიშნულზე მუშაობას ასრულებს და საკითხი ევროკავშირის საბჭოში გადადის. როცა გადაწყვეტილებას ისიც მიიღებს, თავმჯდომარე, ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად მოაწერენ ხელს. იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 3 კვირაში ძალაში შევა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთჩამოთვლილი ეტაპების დასრულების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავრება  და 90 დღე დარჩეა. ოღონდ შემდგომ გამგზავრებამდე 180 დღე უნდა გავიდეს.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×