თიკო ოსმანოვა
03.09.2016
ერთ თვეში საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული ძალთა ბალანსი შეიცვლება - 9 მოსამართლიდან 4-ს უფლებამოსილების ვადა ეწურება. იურისტები და საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ამ თარიღიდან "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა შეიძლება "ქართული ოცნების" გავლენით შეიცვალოს, რაც საბოლოო ჯამში მას პოლიტიზირებულ ინსტიტუტად დატოვებს. მათ შორის, ვისაც საკონსტიტუციოში თავისი მანტიის დატოვება მოუწევს, მისი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიცაა, რომელსაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად მიიჩნევს. 
 აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან ამჟამად "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული მხოლოდ ერთია - მერაბ ტურავა. დანარჩენები წინა ხელისუფლების დროს, 10 წლის ვადით შეირჩნენ. "ნაციონალების" მიერ შერჩეული 8 კანდიდატიდან ოთხს, მათ შორის პაპუაშვილს, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ეწურება. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით მოხდება, რომლებსაც ხელისუფლება შეარჩევს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე 2006 წლის 14 ივლისს პარლამენტის მიერ დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს (ათვლა იწყება ფიცის დადების დღიდან) პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მისი შემცვლელის ვინაობა უნდა დაასახალოს, რომელსაც შემდეგ კენჭი ეყრება.
ერემაძის მსგავსად, სექტემბერში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება კონსტანტინე ვარძელაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსაც, რომლებიც პრეზიდენტის კადრებით უნდა ჩანაცვლდნენ.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა კი, რომელსაც ასევე ვადა ეწურება, 2006 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა, შესაბამისად, მის შემცვლელს უზანაესი სასამართლოს პლენუმი დაასახელებს.
კანდიდატების დასახელება უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებების გამო კრიტიკის ობიექტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაახლოებით 1 წლის წინ იყო, როდესაც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელის საფუძველზე დადგინდა, რომ წინასწარ პატიმრობაში პირი 9 თვეზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. ამის საფუძველზე გიგი უგულავა საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა მეორე დღესვე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმსჯელა და გიგი უგულავას სასაგრებლოდ გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგი 9 მოსამართლიდან მხოლოდ მერაბ ტურავა იყო.
"საკონსტიტუციო სასამართლოს "ნაციონალური მოძრაობა" მართავს და მის დაკვეთას ასრულებს" - ამ და მსგავს ფრაზებს მმართველი ძალა მისი საქმიანობის შესაფასებლად ხშირად იყენებს. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ 30 სექტემბრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ძალთა ბალანსი შეიცვლება და "ნაციონალურ მოძრაობას" სადავეები ხელიდან გამოეცლება.
იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნით "ნაციონალურ მოძრაობას" ბერკეტები გამოეცლება, ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეც ადასტურებს. თუმცა მიაჩნია, რომ ამით არაფერი შეიცვლება, რადგან ეს ბერკეტი ერთიდან მეორე პოლიტიკურ ძალისკენ გადაინაცვლებს.
"სასამართლოზე ბერკეტი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ვფიქრობ, ახალი მოსამართლეების არჩევით არც არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტმა გადაინაცვლოს ერთი პოლიტიკური დაჯგუფებიდან მეორეში. ბალანსი აბსოლუტურად არ იქნება დაცული.  არ მაქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩემთვის ცვლილება ის არ არის, რომ გუშინ თუ მავნებებელი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ახლა "ოცნება" არ იქნება მავნებელი. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მხარდაჭერას," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შავაძე.
ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელ, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი სასამართლოში არსებული სიტუაციის შეცვლა თავად მოსამართლეებზეა დამოკიდებული.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსამართლის პერსონა. ვინ არის, როგორი ბიოგრაფიისა და მრწამსის ადამიანია. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსამართლე არის პირი, ფიგურა, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეში რამდენჯერმე. ამიტომ, თუ ვინ გახდება მოსამართლე, რამდენად კარგი კანდიდატურები იქნებიან დასამტკიცებლად პარლამენტში წარდგენილი, ესაა მნიშვნელოვანი და რამდენად დაუჭერს მხარს პარლამენტი კარგ კანდიდატებს.
"ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, რადგან იქ შეიძლება ერთმა მოსამართლემ ითამაშოს გადამწყვეტი როლი, არსებული ვითარების განმუხტვის დარეგულირების თვალსაზრისით. ამიტომ, ძალიან კარგია, მედია რომ ინტერესდება ამ საკითხით და ახლა მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს კანდიდატებზე, ვინ იქნებიან ისენი. ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ახალ მოსამართლეებზე, იმიტომ, რომ ვხედავთ, სასამართლოს პარალიზება ძალიან საშიში მოვლენაა სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებისთვის.
"მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაცია შეიცვლება. აირჩევა ახალი თავმჯდომარე, თანაც 4 ხმა ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მათ შეუძლიათ, ეს სასამართლო აქციონ საუკეთესოდ, დაუბრუნონ ძველი დიდება ან პირიქით," - გვითხრა მუხაშავრიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×